11 იან 2018 20:03 1236

„რატომ ნიშნავს მაჩალიკაშვილის სიკვდილზე წუხილი იმას, რომ სპეცრაზმელის სიცოცხლე შენთვის არაფერს ნიშნავს?“

 

 

ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„1) რატომ ნიშნავს მაჩალიკაშვილის სიკვდილზე წუხილი იმას, რომ სპეცრაზმელის სიცოცხლე შენთვის არაფერს ნიშნავს? საქართველოს საზღვრები დაცული რომ ყოფილიყო და ჩატაევი, მისი მეგობრები ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად არ შემოსულიყვნენ, ორივენი ცოცხალი იქნებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ამ მიზეზით და ფორმით არ დაიღუპებოდნენ.

2) ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მოსაზრება "საფრანგეთი და გერმანია ვერ იცავს თავის საზღვარს და საქართველომ რა უნდა ქნას..." 
იმპერიალისტური, კოლონიალური წარსულის მქონე ქვეყნებთან, სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული პოლიტიკური ძალაუფლება, არიან იარაღის მწარმოებლები და ა.შ., ტერორისტებს თავიანთი პრეტენზიები აქვთ, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაცილებით მეტ თანხას, რესურსს ხარჯავენ, თან ბევრი ტერორისტი საერთოდ ევროპაში დაბადებული და გაზრდილია. 
ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისით გაუბედურებული საქართველოს განხილვა დიდი სახელმწიფოების კონტექსტში არ არის ადეკვატური. საქართველოს საზღვრები დაცული უნდა იყოს, ეს იმპერატიული მოთხოვნაა! თავდაცვაში და უსაფრთხოებაში ბევრს ვიხდით... საზღვარი კი ასგზის მოირღვა - ლაფანყურის დროს, ჩატაევის მეორედ შემოსვლისას, მუხთარლის შემთხვევაში, 2015 წელს 16 წლის ქისტი მშობლის ნებართვის გარეშე რომ გადავიდა თურქეთში, შემდეგ სირიაში და ა.შ.

3) რატომ უნდა მქონდეს აბსოლუტური ნდობა საქართველოს სპეც. სამსახურების მიმართ? ისინი არ ემსახურებოდნენ კომუნისტებს, შევარდნაძეს, სააკაშვილს? მათ რეჟიმებს რეპრესიულ დასაყრდენს არ უქმნიდნენ? რაიმე მათ მენტალიტეტში, კულტურაში შეიცვალა? რეფორმა გატარდა? 26 მაისს პირველი რესპუბლიკის სასახლესთან ნიღბიანი წაქცეულს რომ სრესდა, ის და მისნაირები აღარ მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში? კიდევ კარგი იქ პატიოსანი, ნოე რამიშვილისა და მექი კედიას მემკვიდრეებიც საქმიანობენ, თორემ დესპოტია გვექნებოდა.

3) რატომ არის ტერორიზმის მხარდაჭერა შემდეგი კითხვების დასმა:
- რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენეს მწოლიარე 19 წლის თინეიჯერის გასანეიტრალებლად? შეიძლებოდა თუ არა მისი სიცოცხლის გადარჩენა? რატომ ვერ მოხერხდა ჭაბუკის სისხლისღვრისა და სისასტიკის, დაუნდობლობის გარეშე დაკავება?
- რატომ ამტკიცებს მთელი პაკისის ხეობა, რომ თავში ღამის ოთხის ნახევარზე დაჭრილ ბიჭს სამედიცინო დახმარება რვა საათზე გაუწიეს? იტყუებიან? რატომ დააგვიანეს მკურნლობის დაწყება?

4) ყველა სიცოცხლისთვის ბრძოლა ჩვენი მოვალეობაა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვის ეკუთვნის სიცოცხლე, მოხუცს თუ ახალგაზრდას, დამნაშავეს თუ უდანაშაულოს, პატიოსან მოქალაქეს თუ მკვლელს, ტერორისტს, ახლობელს თუ უცხოს ...

თუ სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ დაუდევრობის, დაუნდობლობის, არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის გამო ადამიანის გული გაჩერდა, ეს უბედურებაა და ამ უბედურებაზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია.

5) ვერ ვიხსენებ, რომ ქისტებს (მე-19 საუკუნიდან საქართველოში მცხოვრებ ვაინახებს) ოდესმე ჩვენთვის ეღალატოთ. გვიცავდნენ ლეკებისგანაც და იბრძოდნენ აგვისტოს ომშიც. მჯერა, რომ მათ ბევრჯერ გადაირჩენივართ ტერორიზმის საფრთხისგან. ისინი გარიყვას და სტიგმატიზაციას არ იმსახურებენ. ვაინახების ტრაგედია, თუნდაც მხოლოდ მეოცე საუკუნეში გამოვლილი, ან მხოლოდ პოსტსაბჭოთა ეპოქაში თავს გადახდენილი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.“