11 იან 2018 20:33 985

„სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ სახლში ჩაწერილი მყოლია ვინმე ახმედი!“

ინტერნეტმომხმარებელი თამარ ჭელიძე სოციალურ ქსელში იმ შემთხვევაზე წერს, რომელიც თავად შეემთხვა:

„ძალიან სამწუხარო ფაქტთან მომიწია შეჯახება. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ სახლში მყავს ვიღაც ჩაწერილი. რეესტრის ცხელმა ხაზმა, რათქმაუნდა, არ გასცა ინფორმაცია, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. მხოლოდ დღეს, იუსტიციის სახლში ვიზიტისას, გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ჩაწერილი მყოლია ვინმე ახმედი (მაპატიეთ, მაგრამ გვარი ვერ დავიმახსოვრე). ჩემს კითხვაზე, თუ როგორ მოხდა მისი ჩაწერა, მივიღე პასუხი, რომ თურმე ნებისმიერ პირს ნებისმიერ მისამართზე შეუძლია ჩაწერა, თუკი მივა იუსტიციის სახლში ბინის მეპატრონესთან ან 2 მოწმესთან ერთად. რათქმაუნდა, ამ შემთხვევაში მე არავინ "დამპატიჟა". უცხო პირი 2 მოწმის წყალობით ჩაეწერა ჩემს ბინაში და მიიღო ბინადრობის მოწმობა. თურმე, ეს კანონითაა შესაძლებელი. დღეს შევიტანე განცხადება ამ პირის ამოწერის თაობაზე (თუ 2 მოწმეს მივიყვანდი, ეს ყველაფერი 10 სამუშაო დღეში დასრულდებოდა, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში კი ეს პროცესი მთელი 20 სამუშაო დღე გრძელდება და დაჩქარება შეუძლებელია). მომსახურე თანამშრომელს დავუსვი შეკითხვა, მაქვს თუ არა გარანტია, რომ კიდევ ვინმე არ ჩაეწერება ჩემს დაუკითხვად. მან კი თავაზიანად ამიხსნა, რომ ეს არის კანონი და ისინიც კანონის მიხედვით მოქმედებენ. ამ კანონის წყალობით მე დავზარალდი როგორც მორალურად, ისე ფინანსურად (თურმე, ავტომატური გადახდების საშუალებით 3 თვეა გადასახადს ვიხდი 2 სულზე), თუ არ ჩავთვლით კიდევ იმ უხერხულობას, რომ 2 ვიზიტი დამჭირდება უცხო პირის ბინიდან ამოსაწერად. იუსტიციის სამინისტროს ვთხოვ გაითვალისწინოს კანონის ეს ხარვეზი და იფიქროს მის აღმოფხვრასა და დახვეწაზე. კანონის გამარტივება არ უნდა ნიშნავდეს იმავდროულად ვინმეს დაზარალებას. იმედია, ჩემი გულისტკივილი არ დარჩება უყურადღებოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო Public Service Hall / იუსტიციის სახლი წულუკიანი თეა“