12 თებ 2018 20:18 3794

დოდო გუგეშაშვილმა მკვლელი 10 თვის წინ გაიცნო

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში  დასრულდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გუგეშაშვილმა გამოძიებას 7 თებერვლის შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


„დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დასრულდა, მან მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია 7 თებერვლის შემთხვევასთან დაკავშირებით, ახლა კი დაიწყება ჩვენი მხრიდან გადამოწმების პროცედურა. მინდა გითხრათ, რომ გამოძიება მინდინარეობს რამდენიმე მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

 

გუგეშაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით კი, გუგეშაშვილის ვარაუდით, მკვლელი დაქირავებული იყო. როგორც ის ამბობს, ეს ადამიანი მის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და პერიოდულად მის სახლში მოდიოდა. ნიკოლაიშვილის თქმით, გუგეშაშვილი ამბობს, „მკვლელობამდეც იყო მოსული და რადგანაც მე ვეტერანის დასახმარებლად მივდიოდი, შევთანხდით, რომ მეორე დილას, ათ საათზე უნდა მოსულიყო. ლიფტით ჩამოვდიოდით და უცებ თქვა, რომ ხელთათმანი დამრჩა ზემოთო (სულ ხელთათმანებს ატარებდა) და აბრუნდაო. მაშინ უეჭვია დოდოს, რომ ალბათ მოსასმენი დააყენაო. ნოდარს მაშინაც ეძინა და სახლში იყო.“ ამიტომაც, როგორც ნიკოლაიშვილი ამბობს, დოდოს ვერსია არ აქვს, ვის შეეძლო მისი დაქირავება... მტერიც ბევრი მყავს და მოყვარეცო, ასე იძახის... 

„ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან მოტივი მისთვისაც უცნობია. დაქირავებული ქილერი მას მიუგზავნეს. ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. კერძოდ, საერთო საქმე სჭირდებოდა. საერთო ნაცნობი დაუსახელა. შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა“ - აცხადებს ნიკოლაიშვილი

 

ადვოკატის თქმით, დოდო გუგეშაშვილი სიკვდილს იმან გადაარჩინა, რომ პისტოლეტმა რამდენჯერმე „ასეჩკა“ მისცა...

 

იხილეთ ვიდეო