13 თებ 2018 14:29 430

სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს

42 წლის ლევან დარბაისელის ოჯახი ექიმ არჩილ გოგოლაურს თაღლითობასა და მკურნალობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. სიმსივნით დაავადებული პაციენტის ოჯახის თქმით, გოგოლაურმა მათ თურქეთის კლინიკასთან შუამავლობა გაუწია და 27 500 დოლარის სანაცვლოდ, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლევან დარბაისელს თურქულ კლინიკაში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს.

არჩილ გოგოლაურის წინააღმდეგ დარბაისელებმა პროკურატურაში სარჩელი 2017 წლის ივლისში შეიტანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე - თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

 

ნინო დარბაისელი, ლევან დარბაისელის მეუღლე: ლევანი 2007 წლიდან ონკოპაციენტია, საქართველოში რამდენიმე ქიმიოთერაპიის, სხივოთერაპიის კურსი გვაქვს ჩატარებული. ასე მოვდივართ დღემდე. მადლობა ღმერთს, რომ ლევანის ორგანიზმი მკურნალობას ემორჩილება, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ისევ რეციდივი ვითარდება და... ბრძოლის ველზე ვართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვიმარჯვებთ, მერე ისევ... გასული წლის თებერვალში კლინიკა "მედულას" ექიმების გუნდმა, მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის წესით გადაგვიწყვიტა, რომ ლევანისთვის აუცილებელი იყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით ჩატარებოდა. მათი აზრი გაიზიარეს თოდუას კლინიკის ონკოლოგებმაც.

ამჟამად საქართველოში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ბევრგან, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი კი არსად ტარდება. აღნიშნულ სერვისში გერმანულმა კლინიკამ - 98 000 ევრო მოგვთხოვა, სახლიც რომ გაგვეყიდა ამხელა თანხას ვერ მოვაგროვებდით; თურქულმა კლინიკა "ანადოლუმ" - 49 500 დოლარი, ამხელა თანხის თავმოყრაც ძნელი იყო. განვაგრძეთ ძიება და გავიგეთ, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მაკა გვარამიას მეუღლე, ექიმი-გინეკოლოგი არჩილ გოგოლაური მუშაობს ერთ-ერთ თურქულ კლინიკაში და ქართველ პაციენტებს შუამავლობას უწევს თურქეთში მკურნალობის ჩატარებაში. მას გავუგზავნეთ ლევანის მონაცემები და მოგვწერა, რომ სტამბოლში მრავალპროფილურ კლინიკა "სანტე პლუსში" ექიმად მუშაობდა. ამ კლინიკის ინვოისიც გამოგვიგზავნა - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაში, ძვილის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, 30 ათას დოლარს მოითხოვდნენ. გავგიჟდით სიხარულით. რამდენიმე დღეში, თბილისში ჩამოვდივარ, გაგიცნობთ, დავილაპარაკოთო.

ისე დაგვამშვიდა ამ შეხვედრაზე, ისე გადაეხვია და გულში ჩაიკრა ლევანი, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო - ოღონდ კარგად იყავით, 7 ათასი დოლარი მაქვს ხელფასი, მე თქვენი არაფერი მინდა, რაც შემიძლია კაცურად დაგიდგებით გვერდშიო. აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა ჩვენში ამ კაცმა. მიგვაჩნდა, რომ მხსნელად მოგვევლინა. აგვიხსნა: ჩემი მეგობარი კლინიკა "სანტე პლუსის" დამფუძნებლის შვილი და დირექტორია, ვუთხარი, ჩემები რომ ხართ, ამიტომ დაუშვა გამონაკლისი, ასეთ მისაღებ ფასად რომ დაგვთანხმდნენ მკურნალობაზეო.

მკურნალობისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 ათასი დოლარი გადარიცხა "სანტე პლუსში", მერიამ - 20 ათასი ლარი, რაც მთლიანობაში 12 500 დოლარი გამოდიოდა. დანარჩენი თანხების მოძიებით დაკავებულები რომ ვიყავით, ბატონმა არჩილმა გვითხრა - ჩემს თავზე ვიღებ, იმ 30 ათასიდან 2 500 დოლარს კიდევ დავაკლებინებ, დანარჩენი ხელზე მომეცით და მე გადავრიცხავო. თანხის ნაწილი თბილისში, ნაწილი კი სტამბოლში გადავეცით, სადაც 2017 წლის 28 მარტს ჩავედით. არჩილ გოგოლაური აეროპორტში მანქანით დაგვხვდა და კლინიკაში დაგვაბინავა.

ჩვეულებრივი კლინიკა იყო, მაღალსტანდარტულს ვერ დაარქმევთ. თარჯიმანი რომ მოვითხოვეთ, არჩილმა მე აქ არ ვარო? ამის შემდეგ თქვენთვის მაღალი რანგის ონკოლოგი მოვიწვიეო - იუსუფ ბაშერი წარგვიდგინა. ბაშერმა ლევანი დაათვალიერა, მერე კი არჩილთან ერთად ითათბირა და არჩილმა აგვიხსნა: ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების ამოღება რთული პროცედურაა და რომ არ დავჯიჯგნოთ, ვაწვალოთ ლევანი, კლინიკა მისთვის გერმანიიდან ძვირადღირებულ პრეპარატს გამოიწერს, რომელიც ღეროვან უჯრედებს ჩაანაცვლებს და მერე შევუდგებით მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებასო. ჩვენ დავთანხმდით.

- როდის შეიტანეთ ეჭვი, რომ ლევან დარბაისელს მკურნალობის ის კურსი არ უტარდებოდა, რაც მოილაპარაკეთ?

- მას შემდეგ, რაც თბილისიდან ჩვენმა ახლობელმა ონკოლოგმა რომან სრესელმა იუსუფ ბაშერთან დაკავშირება მოითხოვა კოლეგისგან ლევანის მდგომარეობის გასაგებად. არჩილი მის ნომერს არ გვაძლევდა. ბაშერისგან მოვიპოვე მაილის მისამართი. იუსუფ ბაშერმა რომან სრესელს მოსწერა: "დოქტორო რომან, კლინიკაში, სადაც ლევან დარბაისელი გადის მკურნალობას, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია საერთოდ არ კეთდება. დარბაისელს სტანდარტულ ქიმიოთერაპიის კურსს ვუტარებთო". ეს იყო შოკი. რომანმა პირდაპირ მომწერა: ნინო, შემცვლელი პრეპარატი არ არსებობს, შეუძლებელია პაციენტს ღეროვანი უჯრედების გარეშე ჩაუტარდეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსიო. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ გერმანიიდან "ორომეტაქსონი" გამოუწერიათ. ეს პრეპარატი შარდის ბუშტის დამცავია, რომელსაც ქიმიოთერაპიის დროს ნებისმიერ პაციენტს უსხამენ.

- ამის შემდეგ როგორ მოიქეცით?

- დაჟინებით მოვითხოვე თარჯიმანი. კლინიკის მენეჯერისგან შევიტყვე, რომ ლევანს უტარდებოდა სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც 6 კურსს მოიცავს. 3 კურსი დაფინანსებული იყო ჩვენი სახელმწიფოს მიერ 12 500 დოლარით, დარჩენილი 3 კურსის თანხა კი გადასახდელი მქონდა, ხოლო გოგოლაურისთვის გადაცემული 15 000 დოლარის შესახებ არაფერი მოეხსენებოდა. მენეჯერს ვაჩვენე არჩილის მიერ გამოგზავნილი "სანტე პლუსის" 30 ათასიანი ინვოისი, სადაც გაწერილი იყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც გადმორიცხეს თანხა ჯანდაცვამაც და მერიამაც. მენეჯერმა ჩვენს კლინიკაში ჩემი ხელმოწერით გაიცემა ინვოისები და ფინანსური დოკუმენტები და ეს ჩემი გაცემული საბუთი არ არისო. მანვე განმიმარტა - არჩილ გოგოლაური ჩვენი თანამშრომელი არ არის, მხოლოდ პაციენტები მოჰყავსო.

თურქმა ექიმმა ბაშერმა გვითხრა, არ იცოდით სტანდარტული ქიმოთერაპიის კურსი რომ ტარდებოდაო?! მე ვუთხარი იუსუფ ბაშერს, მისი სიტყვები როგორ მითარგმნა არჩილმა. მან კი მიპასუხა: მე მსგავსი რამ არ მითქვამს, ალბათ არჩილმა მოგატყუათო. მოგვიანებით, კლინიკის დამფუძნებელმა და მთავარმა ექიმმა ბეშეკ ქარამაც განმიმარტა - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით, ჩვენს კლინიკაში საერთოდ არ კეთდებაო.

- თავად არჩილ გოგოლაურთან თუ გქონდათ საუბარი ამის შემდგომ?

- პირადადაც ვილაპარაკეთ მისი მეუღლის, მერიის სასწრაფოების ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა გვარამიას კაბინეტში ქალბატონი მაკას თანდასწრებით. მესიჯებიც მივწერეთ, ჩვენ რისი საფასურიც გადავიხადეთ, იმ მკურნალობის ჩატარებას ვთხოვდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბის გასაჯაროვებას ვპირდებოდით. არ ვიცი ვისი ზურგი აქვს, რატომ ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დაფარული, ამბობს - სადაც გინდა იქ მიჩივლეთო. ქალბატონმა მაკა გვარამიამ ჩემს მეუღლეს მოსწერა: "სიმართლე თქვენს მხარესაც არის და ჩვენს მხარესაც, მაგრამ ლევანი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ 5 წელი პროცესებზე იაროსო".

23 ივლისს მივმართე სამართალდამცავ ორგანოს, თან წარვადგინე ყველა მესიჯი და მიწერ-მოწერა, თავისი დოკუმენტებით. აღიძრა საქმე. დაიკითხა გოგოლაური, მე და ლევანი, რომან სრესელი... გამოძიების პროცესში ლევანის სახელზე მოვიდა გზავნილი, რომელიც გამომძიებელთან გავხსენით. გზავნილი "სანტე პლუსიდანაა" და წერია - ბატონო ლევან, ჩვენი პაციენტი ხართ, არჩილ გოგოლაურმა თქვენი მკურნალობის გასაგრძელებლად "სანტე პლუსში" 14 ათას დოლარი შემოიტანა ანგარიშზე და დარჩენილი 3 სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად გელითო. ჩვენი პირადი და სახელმწიფოს თანხაც, არა სტანდარტული ქიმოთერაპიის, არამედ მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად იქნა გაღებული.

- ამჯერად რა ეტაპზეა გამოძიება?

- დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მოგვანიჭოს, რათა შემდეგ სასამართლოში დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. გვეუბნებიან - თურქეთის პროკურატურაში გავგზავნეთ დავალება მოწმეების დასაკითხად და მათ პასუხს ველოდებითო.

ვითხოვთ, დროულად გამოიძიონ საქმე და მოგვანიჭონ დაზარალებულის სტატუსი - ლევანის სიცოცხლისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია! ასევე არჩილ გოგოლაურმა სრულად აანაზღაუროს ლევან დარბაისელის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის მიყენებული ზარალი.

არჩილ გოგოლაურსაც დავუკავშირდით. მან სმს-შეტყობინებით მოგვიბოდიშა - ხმის იოგებზე ორი ოპერაცია გავიკეთე და ხმა დაკარგული მაქვს, ამიტომ ჩემს მაგივრად კომენტარს ჩემი ადვოკატი, კახა ხვისტანი გააკეთებსო.

კახა ხვისტანი, ადვოკატი: "საუბედუროდ ხშირად გვიწევს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა. რომელიმე უცხოურ კლინიკაში ქართულ დიაგნოსტიკას ენდობიან? ყველა პაციენტს ხელახალ დიაგნოსტიკას უტარებენ. ლევან დარბაისელსაც ხელახლა ჩაუტარეს და დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, შესაბამისი მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. პაციენტმა დაიწყო მკურნალობა, ყველა პროცედურა, რაც უნდა ჩატარებოდა, წინასწარ იქნა შეთანხმებული დარბაისელებთან. მკურნალობის რამდენიმე მეთოდიდან შეირჩა ყველაზე ოპტიმალური მეთოდი და ჩაუტარდა შესაბამისი ქიმიოთერაპიის კურსი - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გარეშე.

ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მკურნალობის კურსი სწორად იყო შერჩეული. 3 კურსი ჩაუტარდა, კიდევ 3 ჩასატარებელი დარჩა. დარბაისელს მოწერილიც აქვს, რომ თანხა გადახდილია და მკურნალობის კურსის გაგრძელება შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლევან დარბაისელი უარს იტყვის მკურნალობის გაგრძელებაზე, მკურნალობისთვის გადახდილი 14 ათასი დოლარი უკან დაუბრუნდება.

თავიდან დარბაისელებმა გამოძიებას მიმართეს და უთხრეს, რომ გოგოლაური არის თაღლითი, ჩვენ მას გადავეცით თანხა, მან კი ეს თანხა არ გადაიხადა სრულად და საავადმყოფომ არ აღმოგვიჩინა შესაბამისი სამედიცინო დახმარებაო. ახლა, როდესაც დადასტურდა, რომ გოგოლაურისგან გადახდილი თანხა საავადმყოფოში სრულად აისახა, დარბაისელების მხრიდან ახალი ბრალდება წამოვიდა - თურმე მკურნალობის ის კურსი არ ჩაუტარდა, რომელიც მას სჭირდებოდა. თანხა ასახულია ანგარიშზე, საავადმყოფო თანახმაა მკურნალობის გაგრძელებაზე, პროგრესი სახეზეა და რატომ ჯიუტობს და არ აგრძელებს ლევან დარბაისელი მკურნალობას, ჩვენთვის გაურკვეველია" - ამბობს არჩილ გოგოლაურის ადვოკატი კახა ხვისტანი.

ეკა სალაღაია, ambebi.ge