13 მარ 2018 15:58 307

„რუსეთის განცხადება ჯერჯერობით არის „გამარჯობა გაგიმარჯოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებაზე რუსეთში გაკეთებული განცხადება ჯერჯერობით არის „გამარჯობა გაგიმარჯოს“. მისი თქმით, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ერთი წერილი გადაწყვეტდა პრობლემას.

„ცინიზმი აქ არაფერ შუაშია. ვინც ელოდებოდა, რომ რუსეთიდან წამოვიდოდა ძალიან საქმიანი წინადადებები და დითირამბები, ეს ძალიან გულუბრყვილობაა. ჯერჯერობით, არის „გამარჯობა გაგიმარჯოს“. ესეც არ იყო ჯერჯერობით, ეს არის ამ ეტაპისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდგომში გარკვეული კონკრეტული საკითხების გადაჭრის მცდელობები იქნება. არავის გვაქვს იმის ილუზია, რომ არიქა, ერთმა წერილმა პრემიერისა შეიძლება პრობლემები გადაწყვიტოს. დაიწყება რაღაც გარკვეული პროცესი და ვნახოთ, როგორ წავა. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პრემიერის წერილის ქვეტექსტი იყო ის, რომ ჩვენ პროვოკაციებს არ წამოვეგებით, ეს იყო ერთ-ერთი ქვეტექსტი.

იმედი მაქვს, რომ რაღაც გარკვეული პოზიტიური პროცესი დაიწყება. ასეთი იმედი გვაქვს, თუმცა არავის გვაქვს ამის სრული გარანტია. რაც შეეხება ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც დაუსრულებლად უნდა, რომ რაღაც ჩიხში შეგვიყვანონ ახლა ამას არ გავყვებით“, – განაცხადა ქანთარიამ.

1tv.ge