13 მარ 2018 16:01 780

„ისინი როცა მოპარული ფულების დათვლით იყვნენ დაკავებულები, მე ამ ქალაქზე ვფიქრობდი“

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიის მიერ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტას "ძალიან დაგვიანებულ, მაგრამ აუცილებელ ნაბიჯს" უწოდებს. 
როგორც "ნიუპოსტს" ელისაშვილმა განუცხადა, "ქართულმა ოცნებამ, რომელიც მას პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებდა, ბოდიში უნდა მოუხადოს". 

"სამი წლის წინ, როცა "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გაწყვეტას ვითხოვდი, მთელი "ქართული ოცნება" გამოდიოდა და პოპულისტს მეძახდა, წინასაარჩევნოდ იმავეს ამბობდა კახა კალაძეც. დღეს როგორ არის საქმე? დამწკრივდნენ და მიხადონ ბოდიშები. ისინი როცა მოპარული ფულების დათვლით იყვნენ დაკავებულები, მე ამ ქალაქზე ვფიქრობდი. შესაბამისად მერიის გადაწყვეტილება ძალიან დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია. არავინ არ დაიჯეროს რომ "სითი პარკის" გაშვებით ყველა პრობლემა ავტომატურად გადაწყდება.

ახლა საჭიროა კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოწესრიგდეს საპარკინგე ინფრასტრუქტურა, გამოსაცხადებელია საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც ადეკვატური პირობები უნდა ჩაიდოს"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კახა კალაძის დღეს გაჟღერებულმა გადწყვეტილებამ კრიტიკული ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობა დაადასტურა.

"4 თვის განმავლობაში, როცა კახა კალაძეს ხმას არ ვცემდით, ის მხოლოდ მოდების ჩვენებით იყო დაკავებული, როგორც კი კრიტიკა დავიწყეთ, ვაიძულეთ, რომ ქალაქისთვის საჭირო ნაბიჯები გადაედგა. სწორედ ეს არის ოპოზიციისა და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ჩემი აქტიურობის შედეგი. აბა ხომ ხედავთ, რომ დედაქალაქის მერს მარტო თავისი გარდერობის ჩვენება ადარდებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ასე ვაიძულებთ მომავალშიც რომ გადადგას თბილისისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯები"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერიას მოუწევს 25 მილიონიანი ჯარიმის გადახდა.

"აუცილებელია, რომ ოპერატორს რომელიც შემოვა მოვთხოვოთ საპარკინგე ინფრასტრუქტურის, მიწის ზედა და მიწის ქვედა სადგომების შექმნა. ამასთან, აუცილებელია ქალაქი დაიყოს საპარკინგე ზონებად, ძალიან მნიშვნელოვანია რაც უფრო ცენტრისკენ წამოვალთ გაიზარდოს ფასი, პარკინგის საათობრივი გადახდის აპარატების დამონტაჟება, ამას ვერ გავექცევით და სხვა"- განმარტა ელისაშვილმა.

რაც შეეხება კალაძის განცხადების შესაძლო მოტივს, მერობის ყოფილმა კანდიდატმა თქვა, რომ სინამდვილეში მერიის განცხადება ემსახურება იმას, რომ "კახა კალაძე ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 000 ლარის გადახდის საკანდალიდან როგორღაც გამოძვრეს".