13 მარ 2018 19:24 14743

აფიორა - როგორ ცხოვრობენ სინამდვილეში ვიდეოებში აღწერილი გაჭირვებული ოჯახები?!!

მსახიობი და უფლებადამცველი მამუკა ლომაშვილი, რომელიც  ამავდროულად გარკვეულ საქველმოქმედო ღონისძიებებშია ჩართული, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აღშფოთებული  წერდა: «ბოლო დროს ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოსიუჟეტები, სადაც საუბარია ოჯახების უკიდურეს გაჭირვებაზე და გაუსაძლის მდგომარეობაზე, რამდენიმე ასეთი ოჯახის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ავანტიურა...» «ალია» მამუკა ლომაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ყოყმანის შემდეგ დაგვთანხმდა ინტერვიუზე:

- რა იგულისხმეთ, მამუკა, და თქვენ რა შეხება გაქვთ რომელიმე ფონდთან?

- არა, მე ამჟამად არცერთი ფონდის წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ წლების წინათ საქველმოქმედო საქმიანობა სწორედ ერთ-ერთ ფონდთან თანამშრომლობით დავიწყე, არ მინდა დავასახელო ეს ფონდი, საკმაოდ ცნობილი ფონდია. როცა დავინახე, რა ხდებოდა, როგორ მანიპულირებდნენ ამ გაჭირვებული ბავშვებით და საერთოდ ისეთებს კადრულობდნენ, რომ მე ჯერ გავაპროტესტე ეს ყველაფერი და შემდეგ დავტოვე ეს ფონდი. ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს ჩვენი კეთილი ნებით ხდება და არ ვახმოვანებთ, რათა არ ჩამეთვალოს იმაში, რომ თან სიკეთეს ვაკეთებ და თან ამაზე ვყვირი ხმამაღლა, ხომ გესმით...

- მაინც რაში გამოიხატებოდა ის, რომ თქვენგან ნახსენები ფონდი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა?

- ძალიან ბევრი ნიუანსი იყო. მაგალითად, ერთ ზაფხულს ქველმოქმედების ფარგლებში გაჭირვებული და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები წაიყვანეს დასასვენებლად ბორჯომში, პანსიონატში, სიაში მოხვედრილი ბავშვების დედმამიშვილებიც წაიყვანეს, მაგრამ მათ ფული გადაახდევინეს, ეს თუ საქველმოქმედო აქცია იყო, არც მათ უნდა გადაეხადათ ხომ? მერე იქ თურმე ბავშვებს საკვებს აკლებდნენ, პურს უთვლიდნენ ამ საწყალ ბავშვებს, წარმოგიდგენიათ? თურმე ნახევრად მშივრები დგებოდნენ მაგიდიდან, ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმან, რომ ამ ბავშვებისთვის ერთ მშვენიერ დღეს ყუთები დაუჭერინებიათ და დაუყენებიათ სხვადასხვა ადგილებში, რომ მოწყალება ეთხოვათ. როდესაც ეს გავაპროტესტე, როგორ, ამ ბავშვებს თავიანთი გასაჭირი ეყოფათ და ეს ყველაფერი მათ უფრო დათრგუნავს-მეთქი, მიპასუხეს, რა უჭირსო, ტურისტები იყვნენ, ბევრმა გაიღო ფული და რა მოხდა მერეო. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დავტოვე ეს ფონდი...

- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებზე წერდით, როცა გადავამოწმეთ, სულ სხვა რეალობა აღმოჩნდაო, უფრო კონკრეტულად?

- დიახ, ამ გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოებში, სადაც უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ და .. მეც და ჩემმა მეგობრებმაც, რამდენიმე კონკრეტული ოჯახი რომ გადავამოწმეთ, სულ სხვა რეალობა დავინახეთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფრის გამო, მართლა რომ დახმარებას საჭიროებენ, ისეთი ოჯახები და ბავშვები ზარალდებიან. მაგალითად, ასე ქართლის ერთ-ერთ სოფელში ობოლი ბავშვებისთვის მიგვქონდა სისტემატურად რაც კი შეიძლებოდა მოგროვილიყო, სურსათი, ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, ყველა საჭიროების ნივთი, მოგეხსენებათ ბევრი საზღვარგარეთიდან აგზავნის, ზოგს სულ არ აქვს ზედმეტი და თავად იკლებს. აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვების ბებია, ყიდდა მერე ამ ყველაფერს, ანუ მას არ სჭირდებოდა და მაინც ითხოვდა, ბავშვების სახელით სპეკულირებდა. საახალწლოდ ნაძვის ხე წავუღეთ, შემდეგ ჯერზე ისევ არ ჰქონდათ ეს ნაძვის ხე. მერე, რომ დავფიქრდით, ჩვენ პირადად ყოველ წელს ახალ-ახალ ნაძვის ხეს ჩვენთვის ვერ და არ ვყიდულობთ ხომ? და მერე გავიგეთ, რომ ეს ქალი ამ ნაძვის ხეებსაც ყიდდა. აი, ასე, და მრავალი სხვა მაგალითი. თქვენ იცით, რომ სოციალური დახმარების პროგრამაში ისეთი ოჯახები არიან ჩართულები, ვინც სინამდვილეში არ საჭიროებს დახმარებას და ეს ყველაფერი კარგად შესამოწმებელ-დასარეგულირებელია.

- თქვენ თქვით, რომ აი, იმ კონკრეტული ვიდეოების უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან და მაინც რომელი პარტია იგულისხმეთ?

- მე ვერაფერს ვამტკიცებ, თუმცა საუბარია «ევროპულ საქართველოზე», რომ სწორედ ესენი დგანან ამ ვიდეოების უკან, ეს თუ სხვა პოლიტიკური ძალები, ფაქტია, კარგად იყენებენ ამგვარ ოჯახებს. დიახ, ფეისბუკზე გავრცელებულ  ვიდეოებში, სადაც სულისშემძვრელადაა აღწერილი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობა და ბევრ ვიდეოში ბავშვებს ხელოვნურად ატირებენ და ალაპარაკებენ, აი, რამდენიმე გადავამოწმეთ და არც ისეთი საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა, ანუ ზემოთ რომ ფაქტი მოვიყვანე, დაახლოებით მსგავსი, არადა რამდენია სინამდვილეში, საჭმელი რომ ენატრება და თბილი ტანსაცმელი და ელემენტარული რამეები? გასაგებია და ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რაც შეიძლება გაამძაფრონ ქვეყნის საერთო სოციალური მდგომარეობა, ანუ ამასაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რაც ამაზრზენია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში მართლაც ბევრი ოჯახია და ბევრი ბავშვია, ვისთვისაც რასაც გავიღებთ ადამიანები, ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვიდეოებს დააკვირდით, როგორ მომრავლდა, თითქოს არსაიდან და ეს ხელოვნურობა ადამიანებს სურვილს უკარგავს, დაეხმარონ გაჭირვებულებს. ეს სხვადასხვა ფონდები კიდევ... ხშირად გახმაურებულა სკანდალები მათზე, ყველაფერი ეს იწვევს უნდობლობას, ამიტომ არ ვიცი ახლა, თუკი სიღარიბეზეც მდიდრდებიან გარკვეული ადამიანები ამ ქვეყანაში, საერთოდ რა უნდა ვიწამოთ...

 

  ლაურა აბრამია