13 აპრ 2018 21:37 11535

„მემუქრებიან, რომ თავმოჭრილს მნახავენ ჩემს შვილებთან ერთად!“

 

თამაზ ელიზბარაშვილი „ალიას“ მეშვეობით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, მან გვითხრა, რომ ის ახლა  პოლიციის განყოფილებაში იმყოფება (საუბარი ჩაწერილია დაახლოებით საღამოს 8 საათზე),  დღეს,  საღამოს საათებში მის ტელეფონში  შესული სმს შეტყობინების გამო, რომელიც ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისგან მიიღო და რომლის შინაარსი არის პირდაპირ მუქარის შემცველი, ის  აპირებს საქმის აღძვრას ამ მუქარაზე.

- როდესაც თქვენ დამირეკეთ, პირველად გითხარით რომ მოზარდმაყურებელთა თეატრში მიმყავდა შვილები და ცოტა ხანში შევძლებდით ინტერვიუს ჩაწერას. თქვენთან საუბრის დასრულების შემდეგ ჩემთან შემოვიდა ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მიერ მოწერილი სმს-ი, ანუ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შს მინისტრმა გახარიამ ის არ იკმარა, რომ ჩემს წინააღმდეგ შავი პიარის კომპანია ააგორა, რაც იმ ვიდეოს უკავშირდებოდა და ახლა ქურდები მომისია. დიახ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როცა მთელი საქართველო მომიქსიეს და ათასი სიბინძურე წამოვიდა ჩემი მისამართით, ამაზე საქმე არ აღიძრა, მე უნდა დამიცვას ხომ შსს-მ, იმ საწყალ ძაღლზე, რომელიც სამი დღე იყო ასე უპატრონოდ, უწყლოდ, საჭმლის გარეშე  დაბმული, რასაც მოყვა ჩემი ეს რეაქცია, როცა ჩემი მეგობარი ვიდეოში, რომ ჩანს  მოვიდა იქ მთვრალი,სიცოცხლის საფრთხე შემიქმნა მეც, თავის მეწყვილესაც, ამაზე ხმა არავის ამოუღია, პირიქით ჩემს წინააღმდეგ  აღიძრა საქმე, უნდათ ფულადი ჯარიმა დამაკისრონ, მაგრამ მე არც გადავიხდი და ვერც შემაშინებენ. სამი დღეა მემუქრებიან, ახლა ისეთი ტექსტია მოწერილი - მე თურმე თავმოჭრილს მნახავენ ჩემს შვილებთან ერთად, ეს არის კულმინაცია, მინისტრმა გახარიამ პასუხი გამცეს ამ ყველაფერზე.

- რას ფიქრობთ, რატომ ხდება ეს?

- მე არცერთი ხელისუფლების ვაზელინი არ ვყოფილვარ, სააკაშვილის დროს ციხეში ვიჯექი და იმ ტირანმა ვერ გამაჩუმა და ეს გამაჩუმებს? მე ვარ ის კაცი, ვინც ყოველთვის ლაპარაკობს სიმართლეს,თუ კარგს აკეთებენ ვაქებ, თუ პირიქით, ვარ კრიტიკული, აი აქედან მოდის ყველაფერი.

- საიდან გაჩნდა ეს ვიდეო სოციალურ ქსელში?

- არ ვიცი ნამდვილად, ეს არის აგორებული შავი პიარი  ჩემს წინააღმდეგ, როგორ არ მივაქციო ყურადღება, ჯერ სოციალურ ქსელში მემუქრება ათასი სჯულის ადამიანი, ახლა როგორც გითხარით ქურდების სახელით მემუქრებიან,  ანუ კიდევ ვამბობ - პოლიცია ქურდებთან ერთად მემუქრება. ესენი არიან ალიანსში.

- საქმე რა მოტივით აღიძრა თქვენზე, როგორც ვიცით, ის ადამიანი არ გიჩივით...

- არ ჩივის, მაგრამ პოლიციას  არ აინტერესებს ეს, მათ უნდათ როგორმე შემაშინონ, დამაჩმორონ. მე ჩემი ღირსება უფრო მეტი მიღირს, გახარიამ გინდა ქურდები მომიგზავნოს, რაც უნდა ქნას, ვერ შემაშინებს. მე ამ შემთხვევაში ჩემს შვილებზე ვფიქრობ, ჩემი შვილები ისტრესებიან ამ ყველაფრის გამო, ჩემმა მეუღლემ წაიკითხა მესიჯი, მე სათვალის გარეშე ვერ ვკითხულობ და ბავშვმა გაიგო, მე შემდეგ გადავრეკე იმ ნომერზე და ასეთი იყო პასუხი - შენ ქურდებს როგორ გვაკადრეო, ის რომ ჩვენ ვართო კრიმინალები, რომ თურმე ჩვენი ადგილი ციხეშიაო და ეს რატომ გაგვიბედეო, შენ იქ რომ კადრებიაო შენს ძმაკაცს რომ წამოარტყიო ვნახეთო, უკვე ვიცითო რომ მაგარი... ხარო და ამ დღეებში შენ და შენს შვილებს თავმოჭრილებს ნახავს მთელი საქართველოო, სიტყვა სიტყვით ასე, ამიტომ მე პირდაპირ ვადანაშაულებ შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს აგორებული კამპანია, ეს მუქარა ქურდებისაგან მოდის მაგათგან.

- მაინც რა საფუძველი გაქვთ ამას, რომ ამბობთ?

- მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბიჭებს, საპატრულო პოლიციაში, და ყველამ ვიცით, რამდენს აკეთებენ ესენი და რა მიზერული რაოდენობისაა მათი ანაზღაურება, მინისტრი კი გამოდის და ამბობს, რომ ამათ ისეთი შეღავათები აქვთო სოციალური მხრიდან, დაზღვევის მხრიდანო, რომ ხელფასის გაზრდაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოსო, გამოვედი და ვთქვი, რომ ეს უსამართლობაა და ეს ეწყინა გახარიას და თუ ეწყინა ცივი წყალი დალიოს.

- იმ კონკრეტულ მესიჯს რაც შეეხება დღევანდელს, თქვენ სადმე მართლა  თქვით ქურდულ სამყაროზე მსგავსი?

- ქურდულ სამყაროზე მე ახლაც ვამბობ, ჩემში ისინი ავტორიტეტს არ წარმოადგენენ, ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ადამიანი ჩემთვის არ არის სამაგალითო ადამიანი, არ მეთანხმებით?

- რას აპირებთ ?

- ბრძოლას ბოლომდე, როგორც ყოველთვის. მე დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახსაც. თუ არადა, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში, იმაზე მეტი მოხდება. მე აუცილებლად გავაგებიბენ საზოგადოებას რა ხდება სინამდვილეში, როცა შსს სგან მივიღებ პასუხს კითხვებზე, რაც დღეს და ამ წუთებში მაქვს მათთან.

 

„ალია“, ლაურა აბრამია