14 აპრ 2018 00:21 5244

რა უთხრა ილია მეორემ პატიმარი ,,მარშელების” დედებს?

დღეს საღამოს პატრიარქმა ,,ქართული მარშის” პატიმარი წევრების დედები მიიღო. ლადო სადღობელაშვილის დედა ქალბატონი თამარ იოვაშვილი ,,ალიას” პატრიარქთან ვიზიტის დეტალებს უყვება: 

- დღეს 9 საათზე ვიყავით პატრიარქთან მიწვეულები, მან მიგვიღო საღამოს ლოცვის დასრულებისთანავე. სათითაოდ ყველა დედას  მოგვისმინა, გვითხრა, რომ ბიჭები გადარჩებიან, დაგვამშვიდა, გვითხრა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება.  როგორც იცით, ამ ეტაპზე არ არის იმის გარკვევაზე საუბარი, არიან თუ არა ისინი დამნაშავეები, წინასწარ პატიმრობაზეა აქ საუბარი, სანამ დასრულდება სასამართლო, აი, ამ პერიოდის განმავლობაში რომ არ მოუწიოთ მათ წელიწადი ან მეტი ციხეში ყოფნა... აი ამაზე ვსაუბრობთ. ამავე დროს ჩვენ საპატრიარქოში მივიტანეთ იურისტების მიერ დამტკიცებული შუამდგომლობა, სადაც წმინდა სინოდის წევრებს უნდა მოეწერათ ხელი, გარდა ამისა შემდგომი ეტაპისთვის პატრიარქისგან ველოდებით შესაბამის განცხადებას. ძალიან მოგვეფერა პატრიარქი, ცრემლებს გვწმენდდა, მე დავიხსნი ამ ბიჭებს ციხიდანო. 

შემდეგ ვესაუბრეთ პატრიარქის მდივან რეფერენტს ქალბატონ შორენას, მასთან ჩვენი საუბარი ცოტა სხვაგვარი შინაარსის იყო, ვუთხარით, რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი დრო, თითოეული ციხეში გატარებული დღე ბიჭებისთვის, რაც არ უნდა კარგი პირობები იყოს იქ, მძიმეა და ამიტომ ქმედით ნაბიჯს ვითხოვთ საპატრიარქოსგან, ვუთხარით ისიც, რომ ბიჭები შიმშილობის დაწყებას აპირებენ და ჩვენც მათი დედებიც ვაპირებთ შიმშილობას. დაგვპირდა ქალბატონი შორენაც, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე, ეს იქნება ოთხშაბათ ხუთშაბათი, ამ შუამდგომლობასაც მოეწერება ხელი, ეს იქნება წმინდა სინოდის რამოდენიმე წევრის ხელმოწერა. ჩვენ ვუთხარით ასევე, რომ თუკი პატრიარქი იტყვის რომ ეს ბიჭები არიან დამნაშავეები, გამოაცხადეთ, ჩვენ მივიღებთ ამ განცხადებას და არ გავაპროტესტებთ. ან გვითხარით, რომ არ არიან დასასჯელები, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე, სასამართლომდე, რა თქმა უნდა ამ განცხადებას უფრო სიხარულით მივიღებთ-თქო. ვუთხარით, რომ  დუმილი საპატრიარქოსგან ამ საქმეზე უფრო დამთრგუნველი იქნება ჩვენთვის, მოკლედ ეს იყო მთავარი მესიჯი, რაც საპატრიარქომდე მივიტანეთ, დაველოდოთ შედეგს.

,,ალია”, ლაურა აბრამია