15 აპრ 2018 22:05 576

„ბავშვი იხსენებს, კარი რომ გააღო დედამ და შევედით, მკვლელი იქ იყო, პირველი ოთახიდან გამოვიდაო“

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის ბებია ვარაუდობს, რომ სამართალდამცავების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში მომხდარის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

მერი გობაძე ამბობს, რომ მისი ყოფილი სიძე ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს ემუქრებოდა მის შვილს და ეუბნებოდა რომ შვილებს დაუხოცავდა.

ციხიდანვე ემუქრებოდა და ურეკავდა ჩემს შვილს და რომ არ აგონებდა ეუბნებოდა: "ხომ არ მაგონებ და მერე გაგაგონებ და ნახავო," რომ რომელიმე შვილს მოუკლავდა. ეუბნებოდა, რომ გაგამწარებო. არც შვილებთან არ ამბობდა, იკავებდა თავს, რომ მაინც იქნებ დალაპარაკებოდა, მშვიდობიანად რაღაცა ექნა, რომ არ მინდა შენთან ცხოვრება და დაგვანებე თავი. ამას არ უნდოდა თავის დანებები იმიტომ, რომ ვერ მოკლა და შვილი ვერ გაამწარა, ახლა დედა უნდა გაემწარებინა,”-განაცხადა მერი გობაძემ.

მერი გობაძე ამბობს, რომ იმავე დღეს, როცა მისმა შვილიშვილებმა მიმართეს პოლიციას, მოხდა მკვლელობა. მოკლულის ბებია ვარაუდობს,  რომ მკვლელი მის შვილიშვილებს უთვალთვალებდა და სახლის საკეტიც იმიტომ გააფუჭა, რომ გარედან არავინ შესულიყო.

მერი გობაძე ამბობს იმასაც, რომ სამართალდამცავებმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

გამაფრთხილებელს ნუ მაწერინებთო, ეგ დასაკავებელი ადამიანია გვემუქრებაო.  დაგვმართებს რაღაცასო, გვემუქრება შვილის სიკვდილითო  და ფაქტები უნდათ. ფაქტები თუ არ არის ვერ დავიჭერთო. ფაქტი ხო გვაქვს. რა ეშველება ახლა ამ ბავშვს, რომ მოგვიკლეს უდანაშაულო ბავშვი. რომ დაინახეს ეს გაჭირვებული ბავშვები და უთხრეს ასე გვემუქრება ეს ადამიანიო. რა მოხდებოდა ერთი პატრულის მანქანა გაეგზავნათ და დაეყენებინათ იქ?,“-განაცხადა მერი გობაძემ.

მოკლულის ბებია ამბობს, რომ მისმა ყოფილმა სიძემ 3 და 6 წლის ბავშვს აყურებინა დედის მკვლელობა.

„სამი წლის ბავშვს, რომ ამას აყურებინებს დედის დაკვლას?! ბავშვებს ეუბნება კარები არ გააღოთო, დაუყვირა შედით შიგნითო და ბავშვებმა იმდენი მოახერხეს აივნიდან იყვირეს დედას უშველათო,“-განაცხადა მერი გობაძემ და აღნიშნა, რომ უფროსი ბავშვი მკვლელობის დეტალებს ყვება და ამბობს, რომ როცა 25 წლის გოგონა და მისი მცირეწლოვანი შვილები სახლში შევიდნენ, ვაფხია ბაქრაძე უკვე სახლში ელოდებოდა.

"დიდს უთქვამს, რომ კარი რომ გააღო დედამ და შევედითო ის პირველი ოთახიდან გამოვიდაო. ესეიგი დაელოდა რომ ესენი კარგად შესულიყვნენ ოთახის სიღრმეში, გამოვიდა, დაუკეტა კარები და სტაცა თამარს ხელი,"-განაცხადა მოკლულის ბებიამ. 

rustavi2.ge