16 აპრ 2018 13:46 6339

დავით ჭიჭინაძე:„კობახიძეს ტვინი უნდა ეყოს, რა ურჩევნია, სამარცხვინოდ გადააყენონ თუ თვითონ გადადგება?“

 

«ალია» გთავაზობთ ინტერვიუს «ქართული ოცნების» ერთ-ერთ აქტიურ სახესთან დავით ჭიჭინაძესთან, ის გასული კვირის არაერთი სკანდალური განცხადების ავტორი გახლდათ. 

 

- ჩემი ინფორმაციით, ადეიშვილის მარჯვენა ხელი და «ქართულ ოცნებაში» დეპორტირებული, რუხი კარდინალი ივანე ზარდიაშვილი, გუნდის .. მეამბოხე წევრებზე კომპრომატებს აგროვებს. ადასტურებთ ინფორმაციას?

- ზარდიაშვილმა ვისზე რა კომპრომატი უნდა მოაგროვოს, თვითონ კომპრომატია! მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე, თუ მის ცხოვრებას გადავხედავთ, რა ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები, გასაკვირი არაფერი არ არის, სასაცილოა, ზარდიაშვილმა საერთოდ ვის მორალზე უნდა ილაპარაკოს. ალბათ, თავისნაირებზე აგროვებს კომპრომატს, მე არაფერი დამიმალავს და არც არაფერს ვმალავ. თუ დეპუტატი ემსახურება ამომრჩეველს პატიოსნად, რა კომპრომატი უნდა მოუძებნონ ზარდიაშვილისნაირებმა?! ამ ადამიანებმა დააკნინეს დეპუტატის სტატუსი და სწორედ მათ გამო გახდა სიტყვა «დეპუტატი» შეურაცხმყოფელი. ასეთი შელახული რეპუტაციის მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი ინტელექტი, ეკრანებზე ჩნდებიან, დაზეპირებული ფრაზებით გაუგებარ პერსპექტივებსა და კეთილდღეობაზე ლაპარაკობენ, ეს იწვევს მოსახლეობის აგრესიას, რადგან ადამიანებს სჭირდებათ, მარტივ ენაზე აუხსნა და გააგებინო - როდის, რა მონაკვეთში ექნებათ ბედნიერება. ეს დეპუტატები არცხვენენ დეპუტატის მანდატს!..

- თქვენ ამ შემთხვევაში, ალბათ, ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს გულისხმობთ, რომლის განცხადებამაც სრულიად საქართველო აღაშფოთა, რომელმაც შუშის თვალებით დაგვმოძღვრა, რომ «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა გამდიდრდა.

- ეტყობა, საკუთარ თავს და ზარდიაშვილს გულისხმობს, მაგას მე დავარქვი კოლექტიური ზარდიაშვილი, მაგათ სახელსა და გვარს მნიშვნელობა არა აქვს. მოსახლეობასთან მე ყოველდღე მაქვს შეხვედრა და თუ საბანკო მაჩვენებელს გადავხედავთ, მოსახლეობის ვალი წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება. ასე რომ, ეს გამდიდრების მაჩვენებელი არ არის. ისინი თავის აბსტრაქტულ სამყაროში იმყოფებიან და აბსტრაქტულად ელაპარაკებიან ამ ხალხს, რაც ხალხში იწვევს გაღიზიანებას. როცა ბანკებზე ვლაპარაკობდი და ვამბობდი, რომ ამხელა საპროცენტო განაკვეთით მოსახლეობა დოვლათს ვერ შექმნიდა, ესენი აინუნშიც არ აგდებდნენ. ვენაცვალე ფინანსთა მინისტრს, ბოლო-ბოლო გამოვიდა და თქვა, - საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციასო. თურმე რა სწორი უთქვამსო და ყველას ეს ყიჟინა აქვს ჩართული. აგერ, სააკაშვილიც გამოხტა, - საქართველოში ბანკები კი არა, მევახშეები არიანო. მთელი უბედურება ისაა, რომ «ქართული ოცნების» სახელით გამოდიან ადამიანები და ლაპარაკობენ აბსურდს. «ქართულმა ოცნებამ» ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ასეთებს უფლება მიანიჭა, ჩვენი გუნდის სახელით ელაპარაკათ. «ქართული ოცნება» არის ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის მონაპოვარი და ეს პარტია იმისთვის შეიქმნა, რომ ხალხს საოცნებო ქვეყანაში ეცხოვრა, მაგრამ «ოცნებას» მიწებებულმა ადამიანებმა, რომლებიც არ ვიცი, ფარისევლობით თუ რა საშუალებებით თანამდებობებს დაეუფლნენ, ახდენენ «ქართული ოცნების» დისკრედიტაციას.

- როცა სიები დგებოდა, ამ ადამიანებს ვინ ლობირებდა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, იმდენად უმნიშვნელო ადამიანები იყვნენ თავიანთი აწმყოთი და წარსულით, მათით ვინ უნდა დაინტერესებულიყო. ახალ სახეებს ეძებდნენ, ახალ პოლიტიკურ ლიდერებს და ეტყობა, ვიღაც-ვიღაცებმა რეკომენდაცია გაუწიეს. შეიძლება შესახედავად მშვენიერი ადამიანები არიან და ჩემზე კარგად გამოიყურებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ადამიანები აცდენილები არიან რეალობასა და პოლიტიკას.

- შალელაშვილის განცხადებაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობას საკითხებს არ უთანხმებს და მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფთან თანამშრომლობს, კობახიძემ დაუდასტურა, რომ იცავს სუბორდინაციას და მხოლოდ პოლიტიკურ ელიტასთანაა კომუნიკაციაში. რაც შეეხება კითხვას, გადააყენებს თუ არა «ქართული ოცნების» გუნდი პარლამენტის თავმჯდომარეს პოსტიდან, კობახიძემ განაცხადა, რომ ამას სჭირდება 50 ხმა, რაც მისი წარმოდგენით, შეუძლებელია, რომ მოგროვდეს. მოითხოვთ კობახიძის გადაყენებას?

- ეტყობა, მათემატიკა კარგად არ უსწავლია სკოლაში და ახლა ვარჯიშობს. ეგ პროცედურა არც არავის დაუწყია და არც არავის დაუთვლია, ნუ ნერვიულობს. დამშვიდდეს, დაწყნარდეს, მის გადაყენებაზე არავინ საუბრობდა, თვითონ ატეხეს ვაი-ვიში, 5 კაცია ჩემს წინააღმდეგო. ვინმეს საერთოდ უთქვამს, გადადექიო? ჟურნალისტმა დასვა კითხვა, - შეიძლება რომ მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებაო? ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და გამორიცხული არაფერია. როცა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს 5-6 კაცთან ვარ ინტერესებშიო, დანარჩენმა რა დააშავა?! იმათ ინტერესებს რომ არ ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, გადადგება. 50 კი არა, 150 დეპუტატი მოგროვდება. ტვინი უნდა ეყოს, რა ურჩევნია, სამარცხვინოდ გადააყენონ თუ თვითონ გადადგება? მაგას ისიც ვერ გაუგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ ექვემდებარება უმრავლესობის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი. უმრავლესობა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ ჩვენ მოვინდომებთ უმრავლესობის ლიდერთან ერთად, მას გადავაყენებთ. მისი თანამდებობა არ არის ხელშეუხებელი, კობახიძე უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის არჩეული. მან ისიც კი არ იცის, რომ დეპუტატი დეპუტატს არ ემორჩილება, დეპუტატი ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნებას. ბევრს რომ არ ესმის საკუთარი ფუნქცია, იმიტომ ვეღარ მიდიან მეორედ და მესამედ თავის ამომრჩეველთან. სამწუხაროდ, შეცდომაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე ზის იმ ადგილას, სადაც ზის.

 

ნინო სამხარაძე