15 მაისი 2018 20:04 506

დიდი კონკურენციის მიუხედავად, «ბეგიაშვილი და კომპანია» მოწინავე პოზიციაზეა!

1995 წლის 26 აგვისტოს ახალგაზრდა, ენერგიულმა ადვოკატმა გიორგი ბეგიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა იურიდიულ ფირმას - «ბეგიაშვილი და კომპანია», რომელიც ქართულ სამართლებრივ ბაზარზე  ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი იურიდიული ფირმა იყო და გახდა უპირობო ლიდერი. «ბეგიაშვილი და კომპანია», მრავალწლიანი  იურიდიული მომსახურების გარდა, აქტიურად მონაწილეობს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარებაში. რატომ თქვა უარი ლონდონში წარმატებულ კარიერაზე გიორგი ბეგიაშვილმა და რა არის  «ბეგიაშვილი და კომპანიის» 23-წლიანი სტაბილური წარმატების საიდუმლო, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თავად გიორგი ბეგიაშვილმა გვიპასუხა.

გიორგი ბეგიაშვილი: დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, დაუსწრებლად ვსწავლობდი მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში და პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს უმაღლეს სასამართლოში. 1990 წელს გადავედი იუსტიციის სამინისტროში, სადაც მინისტრის, ბატონი ჯონი ხეცურიანის თანაშემწე გახლდით, ერთი წელი ვიმუშავე იმჟამად სახელმწიფოს მეთაურის, ბატონ ედუარდ შევარდნაძის მრჩევლად, 1993 წელს გავემგზავრე ლონდონში, იმ პერიოდში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით, ამიერკავკასიაში და მათ შორის საქართველოში ხორციელდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ხასიათის რეფორმა. აღნიშნულ რეფორმებს, საერთაშორისო კონსულტანტის რანგში, სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდა ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო იურიდიული ფირმა «ნაბარრო ნათანსონი», რომელმაც მიმიწვია ადგილობრივი სპეციალისტის რანგში და სადაც დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე. შემდგომ დავბრუნდი საქართველოში.

- მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის თანამშრომელი გახდით და კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა გქონდათ, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?

- გულწრფელად გითხრათ, ჩემს ღირებულებათა სისტემაში, სამშობლოს ცნება ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ და ჩემი ოჯახის, ნათესავების, ძალიან დიდი სამეგობრო წრის გარეშე, რომელიც აქ მყავს, მუდმივად სხვა ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა ჩემთვის წარმოუდგენელია. ემიგრანტის რანგში, როდესაც არც იქაური ხარ და აქაურობასაც შენგან დამოუკიდებლად ჩამორჩები, ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად. იმ კომფორტს და პიროვნულ უფლებებს, რომელსაც ჩემი სამშობლო მანიჭებს, ვერ გავცვლი ვერანაირ პირობებზე.

- რა არის «ბეგიაშვილი და კომპანიის» წარმატების მთავარი ფაქტორი?

- «ბეგიაშვილი და კომპანიის» წარმატება სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: 1. საოცარი პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნა საქმისადმი, 2. უაღრესად მეგობრული დამოკიდებულება კომპანიის წევრებს შორის და 3. სრულიად შეუბღალავი რეპუტაციით განმტკიცებული არსებობის ხანგრძლივი დროის პერიოდი. ვინც ამ ფასეულობებს ვერ ითავისებს, ის ჩვენთან ვერ ჩერდება. ჩვენ გვაქვს არსებობის 23-წლიანი ისტორია, რაც, ვფიქრობ, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია. ისე, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, «ბეგიაშვილი და კომპანია» იყო პირველი დამოუკიდებელი იურიდიული ფირმა, რომელიც დაფუძნდა საქართველოში.

- თქვენ გაუძელით დროს, რამდენიმე მთავრობის მმართველობა გამოიარეთ და ბევრი კანონის მიღებაში მონაწილეობდით, რა სირთულეების გადალახვა გიწევდათ?

- ჯერ კიდევ 1993-94 წლებში, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში, საქართველოს ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო პრივატიზების კანონმდებლობის შექმნა და განვითარება. ამ პროექტთან მიმართებაში, საერთაშორისო იურიდიული კომპანია «ნაბარო ნათანსონი» იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის კონტრაქტორი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, «ნაბაროსთან» ერთად ჩავერთე ამ კანონმდებლობის განვითარებაში და მოვამზადეთ რიგი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საერთაშორისო კომპანია «დენტონ ჰოლთან» ერთად ძალიან აქტიური მონაწილეობა გვაქვს მიღებული ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის შექმნაში. 2002-2003 წლებში, USAID -ის პროექტის ფარგლებში, ასევე აქტიურად ვმონაწილეობდით არბიტრაჟის შესახებ კანონის შემუშავებაში.

ჩვენი საქმიანობა დიდწილად დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ვითარდებოდა ეკონომიკა, ჩვენც იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე მივყვებოდით დინებას. მაგ: 1995-96 წლები ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარების ისტორიაში შევიდა «პირველი კავკასიური ბუმის» სახელით. ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც შეიქმნა აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია. ამ პერიოდში «ნაბარო ნათანსონი» გახლდათ «ბრითიშ პეტროლიუმის» კონსულტანტი და მეც, როგორც ქართული სამართლის სპეციალისტი, აქტიურად ჩავერთე ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაში. საერთაშორისო ხელშეკრულებების პაკეტი, რომელიც შეიქმნა ამ პროექტისთვის, თავისი იურიდიული მნიშვნელობით უტოლდებოდა საკანონმდებლო აქტების შექმნასა და პროექტირებას. 1995 წელს «ბეგიაშვილი და კომპანიის» დაფუძნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ «ბრითიშ პეტროლიუმის» კონსულტირება საქართველოს კანონმდებლობის კომპონენტში და ასევე აქტიურად ვიყავით ჩართული ძირითადი ნავთობსადენის - ბაქო-ჯეიჰანის ხელშეკრულებათა პაკეტის მომზადებაში. ზემოაღნიშნულ ეკონომიკურ პროცესს მოჰყვა საკმაოდ ბევრი ნავთობმომპოვებელი კომპანიის შემოსვლა საქართველოში, რომლის ძალიან დიდ ნაწილს «ბეგიაშვილი და კომპანია» უწევდა იურიდიულ მომსახურებას. ამგვარად ჩამოვყალიბდით .. ექსპერტებად ნავთობინდუსტრიის საკითხებში. ამავე პერიოდიდან საქართველოში აქტიურად დაიწყეს შემოსვლა სხვადასხვა საერთაშორისო კომერციულმა კორპორაციებმა, რომელთაც ჩვენ ასევე ვუწევდით და ზოგიერთ მათგანს დღემდე ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას. თვალსაჩინოებისთვის ჩამოვთვლი ზოგიერთ მათგანს, მაგ. «ფილიპ მორისი», «მაკდონალდსი», «ჯეიკობსი», «კრაფტს ფუდი» «სიმენსი» და .. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მასშტაბური პროექტებიდან, მხოლოდ რამდენიმემ თუ აუარა გვერდი «ბეგიაშვილი და კომპანიას».

- დიდი გამოცდილება გაქვთ საბანკო სექტორშიც...

- საბანკო და საფინანსო სექტორში მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ჯერ კიდევ 1998-1999 წლებში  USAID-ის პროექტის ფარგლებში მეტად აქტიურად ვმონაწილეობდით საქართველოში ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. ამავე პერიოდიდან დაიწყო სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების საკმაოდ აქტიური ხელშეწყობა. ძალიან ამაყი ვარ, როდესაც გადავხედავ ხოლმე იმ პროექტების სიას, რომლებშიც, როგორც წესი, წარმოვადგენდით ხოლმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, და რომლებიც ითვალისწინებდნენ საქართველოში თითქმის ყველა კომერციული ბანკის დაფინანსებას, თანხების უაღრესად სოლიდური მოცულობებით. რაღა თქმა უნდა, ამგვარი პროექტების სია იწყება საქართველოს ბანკით, თიბისი ბანკით და .. თითქმის ყველა კომერციული ბანკი საქართველოში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებსაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ ხოლმე.

მინდა აღვნიშნო ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი კანონპროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, რომლის პირველადი პროექტი მომზადებულია «ბეგიაშვილი და კომპანიისა» და საერთაშორისო იურიდიული კომპანია «ჰოგან ლოველსის» მიერ და რომელიც გულისხმობს საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული კანონპროექტი შესულია პარლამენტში და ჩვენი ინფორმაციით მისი განხილვა უნდა მოხდეს საგაზაფხულო სესიაზე.

- რამდენად წაადგებათ მეწარმეებს ეს კანონი?

- აღნიშნული კანონპროექტი, უპირველეს ყოვლისა, წაადგებათ საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, რადგანაც აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტიტუციურ სისტემას და პრინციპებს და ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობის წახალისებასა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობას. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, კანონი აწესრიგებს საზოგადოებრივი/საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირებას, მშენებლობას, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და მოვლა-პატრონობას კერძო სექტორის მიერ.

- როგორ შეაჯამებთ «ბეგიაშვილი და კომპანიის» 23-წლიან საქმიანობას?

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა პოტენციურმა კლიენტმა გვთხოვა, გაგვეკეთებინა ჩვენი სასამართლო-საპროცესო საქმიანობის ანალიზი და სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო ხუთწლიან პერიოდში ჩვენ მიერ სასამართლოში წარმოებული საქმეების 65-70 პროცენტამდე წარმატებით დაგვისრულებია. ვფიქრობ, არცთუ ცუდი შედეგია. გარდა ამისა, განსაკუთრებით მახარებს ის გარემოება, რომ «ბეგიაშვილი და კომპანია» დღეისთვის ჩამოყალიბდა უკვე, როგორც ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ და ცნობილია ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და .. მეტად მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ იურიდიულ ფირმებთან, როგორებიც არიან «კლიფორდ ჩანსი», «ალენ ენდ ოვერი», «ბეიკერ ენდ ბოტსი», «ბეიკერ ენდ მაკკენზი», «ფრეშფილდი», «ჰოგან ლოველსი», «ნორტონ როუზი» და სხვა. დღეს იურიდიულ ფირმებს შორის არსებული უზარმაზარი კონკურენციის მიუხედავად, «ბეგიაშვილი და კომპანია» ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, ჩვენი არსებობის მრავალი წლის მანძილზე შევიძინეთ მრავალი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, კავშირი და საინფორმაციო ბაზა რაც გვეხმარება სწრაფ და ეფექტურ საქმიანობაში.

ნინო სიხარულიძე