16 მაისი 2018 15:02 3385

მკვლელი ექიმები - 22 წლის გოგონას ისტორია, რომელსაც ექიმები კლავდნენ!!!

«ყველაფერი, ერთი შეხედვით, მარტივად და უბრალოდ დაიწყო - გამიღიზიანდა ღრძილები, ვფიქრობდი, რომ მქონდა ღრძილების ანთება. დავდიოდი სტომატოლოგებთან, ვმკურნალობდი. ერთ დილითაც, გავიღვიძე და ვხედავ ტუჩზეც რაღაც ბუშტებია გამოსული. მაშინ გადავწყვიტე პირველად, რომ დერმატოლოგისთვის მიმემართა», - უყვება «ალიას» 22 წლის გვანცა შანიძე.

მითხრეს, რომ ჩვენი უბნის, ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის, პოლიკლინიკაში ძალიან კარგი დერმატოლოგი მუშაობდა. ამიტომ ჯერ იქ მივედი.

როგორც მივხვდი, საერთო სენია ერთი შეხედვით დიაგნოზის დასმა საქართველოში - შემომხედა ბატონმა გიამ, პოლიკლინიკის დერმატოლოგმა და ჰოი, საოცრებავ - იცნო ჰერპესი. იცნო ჰერპესი და იგრძნო დაბალი იმუნიტეტი. არც ანალიზი გამაკეთებინა, არც დაეჭვების საბაბი მოუცია, - დაბალი იმუნიტეტი გაქვს და ჰერპესი გაგირთულდაო. დამინიშნა ჰერპესისა და იმუნიტეტის წამლები. მოგეხსენებათ, წამლები საქართველოში ოქროზე უფრო ძვირად ფასობს, ვიყიდე ერთი თვის კურსი, მაგრამ სამ დღეში ისე გამირთულდა მდგომარეობა, უკვე საუბარი მიჭირდა.

დავურეკე ბატონ გიას, რომ გამეგო, რატომ გამირთულდა მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა. მიპასუხა, რომ არ იცის, რადგან, წესით, ამ მკურნალობით, მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო.

დავიწყე პოვნა სხვა დერმატოლოგის. მირჩიეს ნინო ცისკარიშვილი, პროფესორიაო, მცოდნეაო, სახელგანთქმულიაო. მივედი. რა თქმა უნდა, უზარმაზარი რიგია, უამრავი ხალხი შედის და გამოდის. მოაღწია, როგორც იქნა, ჩემმა რიგმა. დამითვალიერა პირის ღრუ ქალბატონმა ნინომაც და ამჯერადაც ანალიზისა და კვლევის გარეშე დამიდგინდა დიაგნოზი - ჰერპეს-ვირუსი, დაქვეითებული იმუნიტეტი. ეტყობა, წინა წამლებმა არ გიშველაო. დამინიშნა უფრო ძლიერი და შესაბამისად, უფრო ძვირი წამლები და გამომიშვა.

თანხა იქვე გადავიხადეთ ხელზე და ჩაკეცა თავის ბლოკნოტში.

გადის დრო, ვმკურნალობ და მაინც ცუდად ვარ. მივედი მეორე ვიზიტზე. დამხედა, გაუკვირდა, რომ უფრო რთული სიტუაცია მაქვს, ოღონდ, არც ამჯერად შეუწუხებია თავი, ან ანალიზები გაეკეთებინა, ან დაფიქრებულიყო, რა მჭირდა, ან გავეშვი სხვა ექიმთან. არა, მედიკამენტები გააგრძელეო, მითხრა და გამომიშვა. თანხა ამჯერადაც ბლოკნოტში ჩაკეცა.

მესამე ვიზიტზეც მიმიყვანა, ოღონდ ამჯერად მომახსენა: მე ჩემი საქმე გავაკეთე, მოვრჩი, მეტს ვერაფერს შევცვლი და ახლა წაბრძანდით ყელ-ყურის ექიმთანო.

უცნაური ისაა, რომ ბევრად უფრო დამიმძიმდა მდგომარეობა ამ .. პროფესორის მკურნალობის შემდეგ და დღემდე ვფიქრობ და ვერ მივხვდი, რა საქმეს მორჩა, რომელი მკურნალობა დაასრულა?

ამ დროს, უკვე არათუ ტუჩზე, გულ-მკერდის არეშიც მქონდა გაურკვეველი ბუშტები გამოსული. რა თავში იყო ყელ-ყურის ექიმი?

წავედი მაინც ყელ-ყურის ექიმთან. დიაგნოზი ვკითხე - ვერ მიპასუხა, რჩევა ვკითხე - არ მიპასუხა. დამიწერა მკურნალობა და გამომიშვა.

ის დღე და მეორე დღე ფიქრში გავატარე - რა დაინახა ყელ-ყურის ექიმმა ასეთი ჩემს ყელში, რომ ვერც მითხრა, არც ამიხსნა. არ ვიყიდე მისი გამოწერილი წამლები, რადგან ვერ მივხვდი, მარგებდა თუ მავნებდა.

მესამე დღეს მივედი და კატეგორიულად მოვთხოვე დიაგნოზი. მთხოვა, სკამზე დავმჯდარიყავი, ჩამხედა ყელში და აიო, სიხარულით აღმოაჩინა, აი, ჩემ მიერ გამოწერილ წამლებს როგორ უმოქმედია, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გაქვთ, ასე გააგრძელეთ და დადებითი შედეგი მალე დადგებაო.

ისეთი გახარებული იყო ის და მე ისე დავიზაფრე, მომერიდა, შემრცხვა, შემეშინდა კიდეც, რომ მეთქვა, არც ერთი თქვენი გამოწერილი წამალი არ მიმიღია-მეთქი. გადავუხადე ამ ვიზიტის ფული და უკანმოუხედავად წამოვედი.

ყველა პრობლემასთან ერთად, ამდენი მედიკამენტების ფონზე, დამემართა პირის ღრუს სოკოვანი დაავადება. უკვე ჭამა კი არა, წყლის დალევა მიჭირს, ისე ცუდად ვარ. თან არც ვიცი, რა დაავადება მკლავს და ვინ მიშველის.

გზად დავინახე პატარა კლინიკა ვენერიული დაავადებების. იქაც შევიარე ბარემ, იქნება და ვინმემ გაიგოს, რა მჭირს-მეთქი, ვფიქრობ. დამხვდა პატარა ოთახი და დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა ექიმი. გამსინჯა, გამომკითხა, წავიდა - გადაშალა წიგნები, გადახედა რაღაცებს, ისევ მოვიდა, ისევ გამსინჯა, ისევ წიგნებს დაუბრუნდა და მითხრა: მე თქვენგან ფულს არ ავიღებ, რადგან დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ რეკომენდაციას გაგიწევთ დერმატოლოგ პროფესორ გოგი თვალიაშვილთან, რომელიც მგონია, რომ შეძლებს თქვენს მკურნალობასო.

არ დაიზარა, იქვე გადარეკა ბატონ გოგისთან, რომელიც მაშინ შვებულებაში იყო და აიძულა, სახლში მივეღე გასასინჯად.

დამხედა ბატონმა გოგიმ, ამ ბუშტებს თითით დააწვა და მითხრა, რომ ეს იყო ნიკოლსკის დადებითი სინდრომი, რომელიც, ზოგადად, ისედაც იშვიათია და განსაკუთრებით იშვიათია 22 წლის ასაკის ადამიანებში.

გამიშვა ციტოლოგიურ ანალიზებზე და ანალიზებით მართლაც ეს დაავადება დამიდასტურდა, ნიკოლსკის დადებითი სინდრომი, კერძოდ კი, აუტოიმუნური დაავადება პემფიგუსი.

პარალელურად მივედი «ავერსის» კლინიკაშიც, დერმატოლოგ ნინო ლომთაძესთან.

«ავერსის» კლინიკამ ისევ თავიდან ამიღო ანალიზი და ყველა ექიმი ერთხმად შეთანხმდა, რომ, კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით, საჭირო იყო ჩემი ანალიზების ჰოლანდიაში გადაგზავნა. მითხრეს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ლაბორატორიაა ჰოლანდიაში, სადაც თვეობით დგანან ადამიანები რიგში, რომ პასუხი გაიგონ, რადგან მსოფლიოს ყველა წერტილიდან იგზავნება იქ ნიმუშები.

«ავერსის» კლინიკის ლაბორატორიაში გავიცანი ბიჭი, რომელსაც, გაგიკვირდებათ და, აღმოაჩნდა ნაცნობი ქართველი ჰოლანდიის ამ ცნობილ ლაბორატორიაში. დაურეკა ამ თავის ნაცნობ ქართველს და უთხრა, რომ არის ერთი ქართველი, 22 წლის გოგო, რომელსაც შეიძლება სჭირდეს დაავადება, რაც, წესით, 30-დან 60 წლამდე ადამიანებს ემართებათ. უთხრა, რომ მძიმე მდგომარეობა მაქვს უკვე და სასწრაფოდ მჭირდება ზუსტი დიაგნოზი და მკურნალობა. ასე ქართულად, ასე მეგობრობის გავლით გავჭერით ჰოლანდიის ლაბორატორიის უზარმაზარი რიგი და ძალიან მალე დიაგნოზი უკვე მქონდა.

ბატონ გოგი თვალიაშვილისა და ქალბატონ ნინო ლომთათიძის ვარაუდი დადასტურდა.

მკურნალობის სწორი და ეფექტური დანიშვნისთვის, გადაწყვიტეს  ერთად შეკრებილიყვნენ და კონსილიუმი მოეწყოთ.

საპატიოდ მოვიწვიე ქალბატონი ნინო ცისკარიშვილიც, რომელმაც «თავისი საქმე» თვეების წინ მოითავა და ყელ-ყურის ექიმს მიმაბარა. სპეციალურად მოვიწვიე, მინდოდა, რამე მაინც ესწავლა და გაეგო, მინდოდა, სხვა ექიმებისთვის მოესმინა, მინდოდა, მიმხვდარიყო, რომ შეიძლებოდა მოვეკალი, მინდოდა, ოდნავ მაინც ეგრძნო დანაშაულის გრძნობა.

დამპირდა, მოვალო, მაგრამ ტელეფონი გამორთო მეორე დღეს.

არ ვიცი, იქნებ, შერცხვა, იქნებ შეეშინდა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, დაეზარებოდა. ანალიზების ასაღებად დაეზარა ჩემი გაშვება, ანალიზების წაკითხვა დაეზარა და...

ამ ჩემს ისტორიაში ყველაზე გულიანი და მართალი ადამიანი ვენეროლოგ-დერმატოლოგი ბატონი ზაზაა, რომელიც ვერ მიხვდა, რა მჭირდა და მაინც არ გამაბრუნა გარეთ, რომელმაც არ იცოდა, როგორ ემკურნალა, ამიტომ ჰაერზე არ დამინიშნა წამლები, რომელმაც წიგნები ჩამოიღო, ატრიალა, ფურცლა და ბოლოს, ღიმილით კი არ მიმანიშნა კარისკენ - სწორი მიმართულებით გამიშვა...

მას შემდეგ სულ პრეპარატებზე ვარ, ახლა დოზა შევამცირე, მაგრამ ყოველდღიურად მაინც ვიღებ აბებს და მთელი სიცოცხლე უნდა ვსვა წამლები. მერე რა, რომ ზოგმა ექიმმა მომილია და «მომარჩინა» ორ კვირაში, მე მაინც მთელი ცხოვრება უნდა ვიმკურნალო.

დღემდე ვფიქრობ, რა იქნებოდა, პროფესორი ნინო ცისკარიშვილი, უცოდინრობასთან ერთად, ასე ზარმაციც რომ არ იყოს, რა მოხდებოდა, რომ არ დაზარებოდა ჩემი ასე უთავბოლოდ მკურნალობა და რომ გაეგრძელებინა თავისი მედიკამენტები - რამდენ ხანში მომკლავდა?

„ალია“, თამო კეშელავა