16 მაისი 2018 15:26 911

„გვადროვეთ, ოფლი შრომაში დავღვაროთ, ჩვენ გადროვებთ - ოფლი როკვაში დაიდინოთ“

მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„შენ, გინდა გაერთო, შენ, გინდა როკვა, შენ გინდა იცეკვო - ექსტაზით აღენთო, გაშიშით გაბრუვდე და ნარკოტიკით იკაიფო, ამას ითხოვ და გაქვს პრეტენზია: „ეს ქვეყანა შენია!..“ „სისტემა შეიცვალოს!..“ და „დიდება თავისუფლებას!!!
შენ, არ გსურს ოფლი შრომაში დაღვარო, შენ, არ გსურს ღმერთის გწამდეს და სიყვარულს მასში ეძებდე, არ გსურს, ოჯახის სიწმინდე დაიცვა და შენი ეროგენული აღტყინება დემოგრაფიულ კატასტროფას დაუპირისპირო - სამი შვილი გაუჩინო სამშობლოს, შენ, არ გსურს ქვეყნის სადარაჯოზე ჯარისკაცობა, შენ გსურს „გირჩის“ გამოგონილი საპატრიარქოს მსახურის ცნობა მიიტანო სამხედრო გაწვევის განყოფილებაში და თავიდან აიცილო წმინდა ვალდებულება, შენ, არ გსურს განსხვავებული აზრის მოსმენა და ფაშისტებად თვლი ყველას!..
გართობა გინდა, როკვა გსურს, კაიფის ფანი ხარ და თავისუფლებას ეტრფი?.. 
კი, ბატონო, გაერთე, იცეკვე, გაბრუვდი, მაგრამ ნუ გაჰყვირიხარ, რომ ხარ მომავლის საფუძველი, გაერთე წყნარად, არავინ გიშლის!..
ის, რაც შენ გინდა, ეგოიზმია, საკუთარი ეგოს იქეთ არდანახვაა, ეს, არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა: გამრავლდეს ერი, ადამიანებს სწამდეთ უფლის სიყვარული და თავისუფლება, სამშობლოს მსახურება ცხოვრების კრედოდ დაისახონ და ოჯახის სიწმინდე დაიცვან, ჯიშის გამრავლებაზე იფიქრონ და ქვეყნის გაძლიერებისათვის იზრუნონ - ემსახურონ დედასამშობლოს!..
გართობა ჩვენც გვინდა, ჩვენც გვინდა ცეკვა, ზოგჯერ ბახუსით გაბრუებაც, მაგრამ არ ვყვირით, ჩვენც, ჩვეულებრივი ცოდვილები ვართ და საყვირალი არაფერია: აკეთე სიკეთე და ქვეყანას ემსახურე უანგაროდ, ამას უფალი დაინახავს და შეაფასებს!..
თქვენ, საკუთარი თავის გარდა არაფერი გაინტერესებთ და, პრეზერვატივებზე, კედლებსა თუ საფიცარ ადგილებზე უხამსი სიმბოლოების მიხატვა გაერთიანებთ და, ამას თავისუფლებას ეძახით, თუმცა ასეთი ერთობისა და თავისუფლების ქვაკუთხედი, ისევ და ისევ - ეგოიზმია...
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ჩვენ კი გვადროვეთ: ოფლი შრომაში დავღვაროთ, ჩვენ გადროვებთ - ოფლი როკვაში დაიდინოთ და, მოდით, ეს ქვეყანა ასე მშვიდობიანად გავიყოთ, პრიორიტეტად და საკუთარი ამბიციურობის გვირგვინად ნურც ერთ მიმართულებას ვაქცევთ და ნურც - მეორეს, უბრალოდ, ღვთის განსჯას მივენდოთ!..
გაერთეთ, იცეკვეთ, იროკეთ, გაბრუვდით და გათავისუფლდით ქვეყანის კეთილდღეობაზე ფიქრისაგან, რადგან, ის რასაც თქვენ ეთაყვანებით, ეს არ არის - არც სამშობლოსა და არც თავისუფლების სიყვარული!..“