16 მაისი 2018 22:29 2168

ხოდაა, მიბრძანებულა ერთხელ გოთუაზე ბაქტერიოფაგში გუგული მაღრაძე...

გურულმა ამოიოხრა:

-           იმფერი გლახა დროა, სიკვტილს მოგანდომებს, მარა რათ გინდა? მაგასაც ვერ იზამ - ჯოჯოხეთის გვეშინია და სამოთხის კიდო გვრცხვენია!

მარტო გუგული მაღრაძეს არ რცხვენია არაფრის, მარტო გუგული მაღრაძეს აქვს მოწყობილი სააქაო სამოთხე და ჯოჯოხეთს დასცინის.

დილით გუგულის ხარხარი მაღვიძებს, საღამოს გუგულის ნაზი გავის მოძრაობით წარმოქმნილი ნიავი მიბერავს, მთელი დანარჩენი დრო კი, მელაპარაკება და მმოძღვრავს, მარიგებს და ჭკუას მასწავლის.

ერთადერთი ჯილდო აქვს ცხოვრებაში მიღებული - კომუნისტურმა მთავრობამ აჩუქა ჯილდო 1978 წელს, მეცნიერებათა აკადემიის საუკეთესო თანამშრომლის სტატუსით. ნაშრომი მაგას არ ჰქონდა დაწერილი და მეცნიერი ეგ არ იყო და რას თანამშრომლობდა, ნეტავი, რით ვერ დაბერდა მაგისი პატრონი აქამდე.

ხოდა, ჩვენი რაიკომის მდივანია ეგ. შავი ვოლგით არ დადის, თორემ რაიკომის მდივანია.

მიბრძანებულა ერთხელ გოთუაზე ბაქტერიოფაგში - ბაქტერია ბაქტერიას არ კლავს, მარა მაინც. ხოდა, ექიმს მოუთხოვია შარდისა და განავლის ანალიზისთვის ნიმუში. გუგული დეიდას უთქვამს: ახლა წავალ, ნიმუშებს ვიზამ და მძღოლს გამოვატანო.

ბრაზობდა ექიმი: პარლამენტარებს რატომ ჰგონიათ, რომ მაგათი ფეკალიების ტარებითაც კი ხალხი უნდა დაკავდესო.

რაიკომის მდივანია ეგ, ექიმო, უბრალოდ პარლამენტარი კი არ არის.

მიხომ შუშის თვალი გადაყლაპა შემთხვევით. ცოტა ხანში მიხვდა, რომ რაღაც ვერ არის კარგად და წავიდა პროქტოლოგთან. საგულდაგულო დათვალიერების შემდეგ გაოცებული ექიმი:

-           აი, რაა ძამა, 40 წელია პროჭებს ვუყურებ და პროჭი აქეთ მიყურებდეს, პირველად ვხედავ.

დაწერა არ მქონდა დასრულებული: ერთი ნარკორეალიზატორი მაინც დაიჭირეთ წამლად, თავი მაინც მოგვაჩვენეთ, რომ მუშაობთ-თქო, რომ 2 ნარკორეალიზატორი დაიჭირეს ერთბაშად.

მისმენენ ეგენი მე, ეტყობა, მითვალთვალებენ.

ხოდა, ვიხუმრე, ერთ ნარკორეალიზატორზე ვიხუმრე. რა მახუმრებს, მართალი ბრძანდებით, რა დროს ხუმრობაა, მაგრამ გურული ვარ და წამცდა. სინამდვილეში, ზემოდან მინდა რომ დაიწყოთ, სქემას უნდა მიჰყვეთ, გამსაღებლები თუ იპოვეთ, შემომტანებსაც იპოვიდით და იმათ «კრიშებსაც» - ხოდა, მიჰყევით, ზემოთაც მიჰყევით, თორემ რეალიზატორები მიდიან და მოდიან.

ამერიკულ ფილმებში იქცევიან ასე ნარკობარონები - მოსწყინდებათ რომელიმე რეალიზატორი, დაიწყებს რომელიმე რეალიზატორი წამლის მოხმარებას თავადაც და გადაულოცავენ პოლიციას, მოიშორებენ და ახლები აჰყავთ.

ქართველი ნარკობარონები ხომ არ შეაწუხეთ, მაგათი ნებართვის გარეშე ხომ არ აიყვანეთ ეს ორი რეალიზატორი, ჰა? თავი არ მომჭრათ.

გურული ყაზილარი მამას ეკითხება:

-           მამა, ცხოვრება რაია?

-           ცხოვრება, ბაბა, აგერ კარიაზე (საქათმე) რომ კიბე გვაქ, იმასავითაა!

-           მოკლე და სკინტში ჩაფლული?

დამღალა პრეზიდენტის თავის მართლებამ, პრეზიდენტობის ბოლო დღეები მაინც როგორ გაიწელა.

ყველგან თავს იმართლებს, სადაც მოეხერხება. ამჯერად განაცხადა: ცოლისძმა იმიტომ შევიწყალე, რომ ვიცნობდი და დანარჩენები იმიტომ შევიწყალე, რომ მიქესო.

ვინ გიქოთ, ბატონო პრეზიდენტო, მე მომიშვეს თქვენამდე? იქნება ჩემი მეზობელი იყო რომელიმე? , ჩემი შვილის მასწავლებელი იქნებოდა, განათლებული ქალია ეგ - არა? აბა, ვინ გიქო და რა გიქო?

3500 შეწყალებულში რამდენიმე ახლობელი და ნათესავი არ მოხვდეს - წარმოუდგენელიაო.

წარმოიდგინეთ და ჩემი ახლობელი არ არის მაგ 3500 ადამიანში, ბატონო პრეზიდენტო, ვერ მოხვდა.

პრეზიდენტის ახლობლები ბანდიტები არიანო, რომ გავიძახით, მეორე მხრიდან შევხედოთ. აბა, ბანდიტების ახლობელი რომ პრეზიდენტად დავსვით - რას ველოდით უკეთესს?

კაცი ექიმთან:

-           ექიმო, რაღაცა ასოს ტკივილი მაწუხებს.

გასინჯავს ექიმი და ხედავს: მთელ სიგრძეზე მიმდევრობით მიყვება ოთხ-ოთხი ნახვრეტი.

-           ასეთი რამე ჩემს პრაქტიკაში არ მქონია, რა არის ეს?

-           რა ვქნა, ექიმო, ისეთი «სვეტი» ცოლი მყავს, არაფრით უჩანგლოდ არ იდებს...

ყველა მეორეს ექნება ოთხ-ოთხი ნახვრეტი გენიტალიებზე, ყველა მეორე «გასვეტებული» და  აცეტებულია.

აგერ, პრეზერვატივები ორ თითზე უნდა წამოვიცვათ და ისე უნდა ვიაროთო - გოგოებმა და ვერც გაამტყუნებ, ვერ პოულობენ ბიჭებს, ვერ პოულობენ სხვა წამოსაცმელს და რაც იპოვეს, იქ მაინც წამოიცვან.

ისე, პრეზერვატივების ზომა უნდა იყოს დიდი - იქნება და რამდენს უნდა, იქნება და რამდენს სჭირდება, რომ თავზე წამოიცვას და ისე იაროს...

ამასობაში, ჯაფარიძემ წამლით კაიფი სიმსუქნეს შეადარა, - თქვენი ორგანიზმი თქვენ გეკუთვნით და არ მისცეთ უფლება, რომ თქვენი სისხლძარღვები ნარკოტიკისგან გაწმინდონ, არ მისცეთ საშუალება, რომ თქვენი მუცელი ცხიმისგან დაფერთხონ, არ გააბედვინოთ თქვენი ფილტვების გაწმენდა ნიკოტინისგანო.

არა, ჯაფარ, ძმა, ჩემი ცხიმი დარჩება ჩემთან, ჩემი სისხლი გაიჟღინთება ნარკოტიკისგან და არც პლანს დავიკლებ - ჰა, დაგეძინება ამეღამ მშვიდად?

ღამე საძინებელში:

-           მაროო.

-           ჰაა...

-           უცებ მამინდი, ქალო...

-           მეხი კი დაგაყარე, მაგი გულითვინა გამაღვიძე მერე? თუ დაგავიწყდა, სად არი?

მიადგნენ რესტორნები და კაფე-ბარები მთავრობას, რა გავაკეთოთ, სად მოვაწევინოთ კლიენტებს, დავრჩით მშრალზეო.

ამბობენ, 15 ათას ლარად ლიცენზიას იყიდიან რესტორნები და მოწევის აკრძალვა არ შეეხებათო.

ხოდა, ატყდნენ ფეისბუკზე, მთავრობა ფულის მახედ იყენებს სიგარეტის აკრძალვას, თორემ, განა ჩვენს ფილტვებს უფრთხილდებაო.

როგორ არ გრცხვენიათ, ვის მთავრობაზე ამბობთ მაგას, ჩვენი რაიკომის მდივნის, ჩვენი გუგული დეიდას მთავრობაზე?

ლიცენზია არის, ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ლაბორატორიულად სპეციალურად დამუშავებული ქაღალდის ფურცელი, ჩამოკიდებენ თუ არა რესტორანში, სიგარეტის ყველა გამონაბოლქვს შეიწოვს და შეისრუტავს. ამიტომ ღირს ასე ძვირი, თორემ ერთი ფარატინა ფურცელი 15 ათასი ლარი როგორ ეღირება. ერთი 15 ათასის გამო, ჩემი მთავრობა ჩემს ფილტვებზე ზრუნვას როგორ გადაიფიქრებს?

გურული მაღაზიაში:

-           რა ღირს კარაქი?

-           18 მანეთი.

-           შე კაცო, მაგდენი ფულით გიტარას ვიყიდი.

-           მერე პურზე გადუუსვამ?

საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის ერთ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ნეტა, რა ენაზე?

ნეტა, სადმე, უფრო ახლოს, სხვა პორტი ვერ ვნახეთ?

რომ შეგრიალდება ახლა ჩვენი მატარებელი ჩინურ პორტში, ზღვისა და ოკეანის გავლით.

რომ შემოცურდება ჩინური ხომალდი ქართული რკინიგზის რელსებზე.

ეგ კიდევ რა არის, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, - ლომბარდებს ადამიანებთან არაჯანსაღი ურთიერთობა აქვთ და ამიტომ უნდა შეწყდეს სახლის და მანქანის დალომბარდება ლომბარდებშიო.

არაჯანსაღი ურთიერთობა რომ მაქვს ლომბარდთან, ახლა უნდა მითხრათ? ნეტა, რამდენი ხანია მხმარობს, ასე არაჯანსაღად? იმიტომ მეწვის ჯიბე და საფულე?

აბა, სად დავალომბარდოთო, ავტომანქანა და ბინაო, ბატონო მამუკაო? - არსად, თქვენ ფული რად გინდათ, ხომ არ გგონიათ, მანქანის დალომბარდებით ბიზნესს დაიწყებთ, ვინ გინახავთ ამ გზით გამდიდრებულიო.

ბევრად უფრო საეჭვო გზით გამდიდრებულიც გვინახავს, ბატონო მამუკა.

გურულების სუფრასთან:

-           მოი, ძამა, აი ყანწი გამომართვი და დალიე.

-           არა, ბატონო, ვერ დავლევ, დიეტაზე ვარ. ისეთი ღიპი დამედო, რომ საკუთარ სასქესო ორგანოს ვეღარ ვხედავ უკვე.

-           მოი, ძამა, შენ აი ყანწი დალიე და მაგის ნახვა თუ გინდა, ჩემსას განახებ.

ატყდა სააკაშვილი, - ძებნილია ივანიშვილი, საფრანგეთი ეძებსო.

დაგვამშვიდა საფრანგეთის ელჩმა, - არ გვაქვს ბიძინა ივანიშვილზე ძებნა გამოცხადებული, ვიპოვეთ, ვიპოვეთ, ხეები ეფარებოდაო.

ლოყა ჩამოიხოკა მეგი გოცირიძემ, - ჩემს მიშას როგორ შეეპასუხეთო. აღფრთოვანებული ვარ, ამ ქალის თავდადებით და ერთგულებით, ასე ბრმად რომ უყვარს და სწამს - ესაა ნამდვილი გრძნობა, ესაა კლასიკა.

ეჰ, სიყვარული სიძულვილის გარეშე არ არსებობს და ჯონ მაკკეინმა საკუთარ დაკრძალვაზე მისვლა აუკრძალა ტრამპს - დარჩა ტრამპი ლობიოსა და ფლავის, თევზისა და ფხალის გარეშე.

-           თქვენ რომ ჩვენს პარტნიორ სადაზღვევო კომპანიაში იყოთ დაზღვეული, მაგ ლურსმანს თავიდან წამში ამოგაძრობდით.

-           კი, მაგრამ, საყოველთაო დაზღვევა?

-           საყოველთაო დაზღვევა ლურსმნის გადაღუნვას ითვალისწინებს, გენაცვალე, და არა ამოძრობას.

გადაღუნეს ქევხიშვილი და მიუგდეს უკან ბიჭებს ძიუდოს ფედერაციაში.

ჩაიჭედა ქვეხიშვილი სკამში - არ უნდა მთავრობას სკამის გატეხვა, ბევრი ფული ჰქონია მაგ სკამში გადახდილი.

როგორც ჩაჯდა, ისე ადგესო, რომ ჯდებოდა, ხომ ეტეოდა?

ცოდოა ეს ბიჭი, როდემდე უნდა იყოს იმ სკამში გაჭედილი - ჩვენ მოვკიდოთ ხელი და დავაგოროთ სადმე მაღლობიდან, იქნება გამოვარდეს სკამიდან, იქნება გატყდეს სკამი.

მთავრობა იძახის, ჩვენ გვეხება ძიუდოს ფედერაცია და კომისიას მივავლენთო, ქევხიშვილი პასუხობს, თქვენ მარტო დაფინანსება გეხებათ, თქვენი კომისია მკიდია და ჩემს საკუთარ ყრილობას მოვიწვევო.

ხოდა, დაუშვა რამდენიმე შეცდომა ქევხიშვილმა:

1.         ლომები არ უნდა აშიმშილო და გააღიზიანო.

2.         ასე ყველას გასაგონად არ უნდა დაიკიდო მთავრობა, თორემ ყველა მიხვდება, რომ პატრონი გყავს.

3.         შეეშვა იმ დახურულ ყრილობაზე ეს ბიჭები, იქ მაინც არავინ იყო მისიანების გარდა და რას გაიგებდნენ ახლა ახალს, რატომ აიძულა სპორტსმენები, სახალხოდ დაესვათ კითხვები, რომელზეც პასუხები არ აქვს.

ხოდა, მაგის «კრიშა, მაგის მამა კორლეონე რომ გაიგებს ახლა ქევხიშვილის შეცდომებს, რა ჭკუაზე დადგება და როგორ დასჯის - კი იქნება სანახაობა, თუ მიგვიშვა დაქირავებულმა დაცვამ ახლოს.

მატჩის არბიტრმა მე-7 წუთზე ფეხბურთელებს ყვითელი ბარათის ნაცვლად გულის ჯიბეში შემთხვევით აღმოჩენილი პრეზერვატივი აუფრიალა.

საფინალო სასტვენამდე თამაშის წესები ერთხელაც არ დარღვეულა.

პრეზერვატივის დანახვის მაგას არ შეეშინდება, მაგრამ ტატამზე რომ გაიწვიოთ, წესებით თამაში რომ აიძულოთ, ბიჭებო?

 

„ალია“, თამო კეშელავა