18 მაისი 2018 19:31 7764

მღვდლის ჰოსტელის ნაკურთხი ოთახები სექსისთვის 100-დან 120 ლარამდე ღირს, აღმაშენებლის დასაწყისში!!!

სამებაში მივდიოდი რამდენიმე თვის წინ ავლაბარში მცხოვრებ მეგობართან ერთად. ყველა კარგ სასტუმროზე, რომელიც გზად შეგვხვდა, მეუბნებოდა: ეს მღვდლის სასტუმროა...

არ ვაკადრე ჩემს თავს, სალოცავად მიმავალს გზად სასტუმროების მეპატრონეთა ჭვრეტა და გარკვევა დამეწყო, მაგრამ მერე ხშირად ვფიქრობდი ამაზე: ნუთუ, სასტუმროებისა და რესტორნების აშენებაში იხარჯება მრევლის შეწირული თანხა, მაშინ, როცა ბავშვები შიმშილობენ საქართველოში და მოხუცებს წამლის ფული არ აქვთ.

პლეხანოვზე“ ვიყავი სტუმრად ერთი კვირის წინ, ერთ ძველებურ და ლამაზ ეზოში. მეორე სართულის აივანზე ნახევრადშიშველმა წყვილმა გაიტინტილა და გამოიტინტილა. აშკარად შეზარხოშებულნი და მოდუნებულნი იყვნენ, ხმამაღლა იცინოდნენ და ფლირტაობდნენ, თორემ, ალბათ, ვერც შევამჩნევდი.

იქ მცხოვრებნი მოყვნენ: მღვდელმა იქირავა ეგ ფართი, გაარემონტა, ჰოსტელი გააკეთა და აქირავებს. მართალია, ჩვენ გვითხრა: სახლი ნაკურთხია, ყველა ოთახში ხატები გვიკიდია კედელზე და მხოლოდ ოჯახურ წყვილებს შევუშვებ ნომერშიო, მაგრამ რაღაც არც ოჯახურ წყვილებს ჰგვანან და არც ლოცვით დაკავებული დაგვინახავს, ხატის წინ, რომელიმე სტუმარიო.

ავედი ამ სასტუმროში. შელამაზების გარეშე გთავაზობთ მენეჯერთან დიალოგს:

-           გამარჯობა.

-           მოგესალმებით, დაბრძანდით.

-           თქვენთან მომასწავლეს ერთი ეკლესიიდან, მითხრეს, რომ ეს სასტუმრო მამაოსია.

-           დიახ, ასეა.

-           მითხრეს, რომ აქ მეპატრონეს, ანუ მამაოს, სიმშვიდე და ოჯახური გარემო აქვს შექმნილი, არ არის რია-რია და აურზაური, როგორც სხვა ჰოსტელებში.

-           კი, კი, ნამდვილად ასეა.

ვისაუბრეთ სავარაუდო სტუმრებზე ივლისის ბოლოს (ტყუილად ხომ არ დავაჯავშნინებდი) და შემომთავაზა ოთახების დათვალიერება.

-           მობრძანდით, ეს არის დიდი ოთახი, სამ ადამიანზე გათვლილი, ფანჯრები აივანზე გადის, თუმცა ამ ოთახიდან აივანზე ვერ გაბრძანდებით.

-           ფოტოების გადაღება შეიძლება?

-           რა თქმა უნდა, გადაიღეთ.

-           უი, ნახეთ, აქ ტელეფონი და ნივთები დარჩენია სტუმარს.

-           არა, არ დარჩენია, ახლაც აქ ცხოვრობს, - იცინის.

-           როგორ, სტუმარი ცხოვრობს ამ ოთახში და აქ უცხო პირი შემომიყვანეთ? ვაიმე, სასწრაფოდ გავიდეთ აქედან, უხერხულია.

-           არა, ნუ გეშინიათ, გასულია, ჯერ არ დაბრუნდება.

-           კამერის ჩანაწერი რომ მოგთხოვოთ მერე და ნახოს?

-           არ გვაქვს კამერა, - უფრო ფართოდ იცინის.

ისევ შემოსასვლელს დავუბრუნდით, ოთახის ფასი ერთი ღამით 100-დან 120 ლარამდე დამიდგინა.

-           უკაცრავად, უხერხული კითხვა მაქვს...

-           საპირფარეშო გნებავთ?

-           არა... უფრო უხერხული...

თვალებს აფახულებს, უფრო უხერხული რა შეიძლება იყოს, ვერ ხვდება.

-           იცით, მითხრეს, რომ აქ მამაოს მკაცრად აქვს დაცული სტუმრების მიღების წესი და შესაძლოა, ამ წესში ქორწინებაში ყოფნის აუცილებლობაც შედიოდეს. ხოდა, ეს წყვილი, ვინც მოდის, არ არის დაქორწინებული, საყვარლები არიან და მიიღებთ?

-           რასაკვირველია, მივიღებთ, არანაირი აკრძალვები არ მოქმედებს.

-           ხო, ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ ნომერი დავჯავშნოთ, მოვიდნენ სტუმრები და არ შეუშვას მამაომ.

-           არა, არა, ნუ დარდობთ, არავინ ჰკითხავთ, ქორწინებაში არიან თუ არა.

-           ძალიან კარგი, მადლობა.

-           მიხარია, რომ მოგეწონათ.

-           დიახ, მაგრამ ერთი რამ მაინც მომატყუეს, როცა აქ გამომგზავნეს.

-           მაინც რა?

-           მითხრეს შესასვლელშიც და ოთახებშიც ხატებია დაბრძანებულიო და არ დამხვდა, - ბოლომდე ვირგებ სულელი გოგოს როლს.

-           , ხო, აუცილებლად გამოვასწორებთ და ივლისში თქვენს სტუმრებს ხატები დახვდებათ.

რა უნდა ამ ბუდეში ჩემს მართლმადიდებლურ ხატს, ვისთვის უნდა დააბრძანონ.

მაგრამ კლიენტი, რომელიც ფულს იხდის, ყოველთვის მართალია, ხომ?

ვისთვის დააწესა ოჯახური სიწმინდის დღე პატრიარქმა?

100-დან 120 ლარამდე ღირს ნაკურთხი ოთახები სექსისთვის, აღმაშენებლის დასაწყისში.

ავლაბარში კიდევ უფრო ძვირად ქირავდება, თურმე.

ამ ჩვენს მღვდელს არ ჰყავს დიდი მრევლი, ეტყობა, ვერ დააგროვა ჯერ საჭირო თანხა, პატარა ჰოსტელი აქვს ჯერ, ისიც ნაქირავებ ფართში, გაფართოვდება მერე, მიწას იჩუქებს ან კაპიკებად იყიდის და დიდ სასტუმროს ააშენებს.

ერთ თვის წინ წერილი დავწერე, სადაც მოთხრობილი მქონდა, როგორ `ვერ ახერხებს~ საწყალი აღსრულების ეროვნული ბიურო, ორი დაყადაღებული მანქანისა და დაყადაღებული იარაღის ამოღებას, როგორ ვერ ახერხებს სასამართლოს დადგენილების შესრულებას, როგორ ვერ ახერხებს ვინმე თენგიზ გამეზარდაშვილის პოვნას, რომელსაც სასამართლომ სოფიო კვინიხიძის სასარგებლოდ თანხა დააკისრა გადასახდელი.

აღსრულების ბიუროს აღსრულების პროცენტი აღებულიც აქვს სოფიოსგან და მონელებულიც, 6 წელი გავიდა უკვე, 6 წელი ვერ იპოვა დაყადაღებული მანქანა. ჯიბით დაატარებს, ეტყობა, თენგიზ გამეზარდაშვილი.

ხოდა, მე ვიპოვე, აღსრულების ბიუროვ, მე ვიცი, სადაა თენგიზ გამეზარდაშვილი. შპს `თეგაკრედიტის~ დირექტორია, ამჟამად იმ ლომბარდის დირექტორია, რომლის ასპროცენტიანი წილით მმართველი არის თეიმურაზ გამეზარდაშვილი - მღვდელი თეიმურაზ გამეზარდაშვილი.

ხოდა, არც დირექტორის ხელფასი ერიცხება პატივცემულ თენგიზს? - თუ არ ერიცხება, რატომ არ ერიცხება? კანონის მიხედვით, ვალდებულია მფლობელი, ხელფასი გადაუხადოს დაქირავებულ პერსონალს.

მღვდლის სახელზე გაფორმებული ლომბარდია კი, მღვდელი ეხმარება შვილს, წართმეული თანხების უკან არდაბრუნებაში, მიმალვაში ეხმარება შვილს და ფულის გადამალვაშიც.

პროცენტი თუ არის ნაკურთხი, მამაო?

მითხრეს: ასეთი მღვდლების გამო, მთლიანად ჩვენი სარწმუნოება ილანძღება და მტრებს უხარიათ, თუ დაწერ, ფრთხილად დაწერეო.

მაქსიმალურად ფრთხილად ვწერ, მეტი ფრთხილად აღარ შეიძლება.

იმ დარჩენილ, რამდენიმე ათეულ პატიოსან მღვდელს რა ვუთხრა, მარტონი დავტოვო? ამათ საჯიჯგნად დავაგდო? ესენი მხოლოდ თავისნაირთან ძოვენ, არ სჭირდებათ ამათ პატიოსანი და მართალი მღვდელი, მორწმუნე და ღვთის მოშიში მამაო, არ უნდათ ამათ გვერდით.

დავდივარ და ვფიქრობ, როგორ გვიბედავენ ასე მოქცევას ამ ტანჯულ ქვეყანას, ხელი როგორ არ უკანკალებთ პირჯვრის გადაწერისას, ხმა როგორ არ უთრთით ლოცვისას, ჯიბეს როგორ არ უწვავთ ღარიბი კაცისგან შეწირული ბოლო თეთრი.

ვაჭრობა და სუტენიორობა თუ გინდათ, კაბები გაიხადეთ, ვაჭრობა და ფულის თვლა თუ გინდათ, ჯვრის გაკვრა არ გაბედოთ სასტუმროს ნომრებში, ჩამოხსენით ლომბარდის ნიშანი ჯვრიდან - დააცადეთ ლოცვა და კურთხევა იმ რამდენიმე ათეულ მამაოს, რომელსაც ჯერ კიდევ შესწევს ძალა, აუკანკალებელი ხელით გადაგვსახოს პირჯვარი და აუთრთოლებელი ხმით წაგვიკითხოს ლოცვა.

ნუ წაიღებთ ეკლესიისთვის შეწირულ ფულს გაჭირვებული ადამიანისგან, მეორე გაჭირვებული ადამიანისთვის დატოვებულ ლარს ნუ წაიღებთ სასტუმროსა და ლომბარდის გასახსნელად. თუ ვერ ძლებთ ფულის გარეშე, გვთხოვეთ, ხელი გაიშვირეთ და გვთხოვეთ.

 

„ალია“, თამო კეშელავა