09 ივნ 2018 03:29 5112

„ვაშავებთ, ზაზა სარალიძეს პირდაპირ რომ არ ვეუბნებით, 2003-2012 წლებში ამ ქვეყანაში ცხოვრობდი, თუ სხვაგან იყავი?“

ირმა ინაშვილი კითხულობას -„სად დავაშავეთ? რა მომენტში?“ და 6 პუქტიან პასუხსაც სცემს:

-1-
სად დავაშავეთ? როდის, რა მომენტში? ალბათ, ბევრი უსვამს საკუთარ თავს ამ კითხვას. ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როდესაც "ქართულ ოცნებას" მოსამართლე კუბლაშვილის ხოტბა გავუტარეთ, მერე ადეიშვილის დახასიათება,- კარგი მენეჯერი იყო, სახლში პარკეტიც კი არ ჰქონდა დაგებული, უბრალოდ, რეჟიმმა იმსხვერპლაო. ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა 2012-2013 წლებში მაშინდელმა პროკურატურამ, კბილაშვილის ძალისხმევით, სისხლის სამართლის დამნაშავეების "გათეთრება" და გადარჩენა დაიწყო. ათასობით მოწმემ ჩვენება მისცა და კბილაშვილი გვარწმუნებდა,- მტკიცებულებები არ არისო. კბილაშვილის დაპატიმრება რომ არ მოვითხოვეთ, მაშინ დავაშავეთ. სააკაშვილიც გაატარეს ქვეყნიდან, ადეიშვილიც და თოფურიაც კი. ახლა თბილისის ყოფილი პროკურორი- ზოდელავა, რომელსაც, ასევე, არა ერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, დემოკრატიის მებაირაღედ დაგვასვეს თავზე. დავაშავეთ, ეს რომ მოცემულობად მივიღეთ. აღარაფერს ვამბობ ნაცმოძრაობის განაყოფ პოლიტჯგუფზე, რომელსაც აშკარად ხელისუფლებას უთმობენ. ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა მე ვამტკიცებდი,- გარიგება შედგა, ბოკერიას პარტიას არჩევნებში ხელოვნურად უწერენ მაღალ მაჩვენებელს და აქ ზოგიერთი ტვინიკოსი მეკამათებოდა,- არა, ამათ ძველი ინერციით მაინც ჰყავთ მხარდამჭერებიო. ჩვენ დავაშავეთ, როცა "ქართულ ოცნებას" სასამართლო მურუსიძისთვის ჩავაბარებინეთ. დავაშავეთ, როცა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოკლული ახალგაზრდების საქმეების გამოძიებას ბოლომდე არ მივაწექით. ყველა ქუჩაში არ გამოვედით, ყველა- უკლებლივ! თორემ რასაც ზემოთ ვწერ, ყველა ეპიზოდზე აქტიურობდა "პატრიოტთა ალიანსი". დავაშავეთ, ბევრჯერ და ბევრი რამ დავაშავეთ. ისიც, რომ პარლამენტი კობახიძე- ბოკერიებს ჩავუგდეთ ხელში და მდინარაძე დღეს გვეუბნება,- "ევროპულ საქართველოსთან", ცხადია, უნდა ვითანამშრომლოთ, საპარლამენტო ფრაქციააო. ვაი, ჩვენს პატრონს, ხალხო! რაზე ვკამათობთ დღეს, აკვირდებით მაინც? ახალგაზრდების მკვლელობა უნდა გამოიძიოს კომისიამ, რომელშიც წევრთა უმრავლესობა და თავმჯდომარე თვითონ მწამებელთა პარტიიდანაა? ეს კომისია რისი გამომძიებელია? სადაა ან ზნეობა, ან მორალი, ან სამართალი საერთოდ? მკაფიოდ ვამბობ: უსამართლობა სამართალს ვერ დაამკვიდრებს! ბოროტი კაცი კეთილ საქმეს ვერ გააკეთებს! თორემ ხორავას ქუჩაზე მოკლული ბიჭების საქმის გამოძიება ყოველი ჩვენგანის ღირსების საქმეა დღეს! ვინც დამნაშავეებს მფარველობდა, იმ მავნებლების გამოვლენა და დასჯაც ყოველი ჩვენგანის ღირსების საქმეა, რომ სხვა დროს სისტემამ დაზარალებული დაიცვას და არა სისტემის ნაწილი. დამნაშავე გამოავლინოს და არა დამნაშავეს დააფაროს ხელი! მაგრამ... ხალხი, რომელიც თვითონ კლავდა და აწამებდა, ამ საქმეს როგორ გამოიძიებს?

2

ჩვენ ახლაც ვაშავებთ. ვაშავებთ, როცა "ფეისბუქში" დიკუსიით ვტკბებით და კლავიატურაზე თითების კაკუნი ქვეყნის სამსახური გვგგონია. ჩვენ ვაშავებთ, როცა ზაზა სარალიძეს პირდაპირ არ ვეუბნებით: დათოს მკვლელობის საქმე, მკვლელების მფარველების საქმე ბოლომდე და დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ, ჩემო ძმაო, ბოკერიას რომ ენდობი და ბესელიას-არა, 2003-2012 წლებში ამ ქვეყანაში ცხოვრობდი, თუ სხვაგან იყავი? ახლა ხელისუფლებას ვეუბნები: ზაზა სარალიძე თქვენ მიიყვანეთ ამ ზომამდე. კაცმა სამართალი ვერ იპოვა. ყველა დაბრმავდით და დაყრუვდით, სანამ სარალიძე აქციაზე არ გამოვიდა. სად იყავით? რომელი გრანდიოზული საქმეებით იყავით დაკავებული, რომ ერთი შვილმოკლული მამის ხმა თქვენამდე ვერ აღწევდა?! ახლა ხომ გესმით ეს ხმა?! ია მეტრეველის, ჯამბულ გამცემლიძის ხმაც შეისმინეთ, მაგრამ თქვენ,"ქართული ოცნება", გამორჩეული იმით ხართ, რომ შვილმოკლულ დედებს და მამებსაც ირიბად აპირისპირებთ. არა ხართ თქვენ ის ხალხი, ვისაც სამშობლო უნდა ანდო, არ იმსახურებთ ამას, თქვენი დაუსრულებელი პოლიტიკური თამაშებით, გარიგებებით, ღალატით, დიახ, ქართველი ხალხის ღალატით, რომელსაც ბოლოს ბოკერია შემოუცურეთ.

 

- 3-

 

ჩვენ დავაშავეთ, როცა "ქართულ ოცნებას" პრინციპულად არ მოვთხოვეთ ნაცმოძრაობის აკრძალვა! როცა ვერც მერვე და ვერც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ვერ გაბედა,- შეაფასოს სააკაშვილის მმართველობა და დადოს დასკვნა, რა იყო ეს, იყო თუ არა ბოლოს და ბოლოს რეჟიმი? სამაგიეროდ, ბოკერიას რეზოლუციებს დიდი აპლოდისმენტებით იღებთ, სირიის დაბომბვას მიესალმებით და მერე გიკვირთ,- დამასკომ სოხუმის და ცხინვალის აღიარება როგორ გაგვიბედაო? საგარეო საქმეთა მინისტრი გყავთ, წარმოდგენა არა აქვს, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები! პარლამენტის თავმჯდომარე გყავთ, არ იცის, რა არის ეროვნული ცნობიერება! უმრავლესობა გყავთ, დომინანტი გუნდი სულით ნაცია, მარტო წარსულით კი არა. რა დაგიშავათ საქართველომ, ასე რომ აზიანებთ, რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა, ვინა ხართ, მართლა, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?

 

 

 

-4-

"ქართულ ოცნებაში" დარჩენილ, ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს ვეუბნები: უნდა ხედავდეთ, რომ ამოიწურა ყოველგვარი ნდობა თქვენი პოლიტიკური გუნდისადმი! ამოიწურა ლიმიტი, როგორც იტყვიან! ჩადენილ ბოროტებათა და მავნებლობათა რაოდენობა ხარისხში გადავიდა! თუ ვინმე ბოკერიებთან პარტნიორობას გაძალებთ და შანტაჟის ქვეშ ხართ, მგონი, იმდენი გაბედულება მაინც გაქვთ, ამას მოერიოთ. თუ არავინ არაფერს გაძალებთ და საკუთარი სურვილით გახდით ბოკერიას პოლიტიკური პარტნიორები, უფრო ცუდად ყოფილა საქმე. თუ ხედავთ, რომ ხალხი ამ კურკურის მოთმენას აღარ აპირებს, დადექით ხალხის მხარეს და ილაპარაკეთ საჯაროდ ამ ჭირზე! გაემიჯნეთ საჯაროდ ამ ჭირს! თუ ვინმეს შეცდომაში შეყავხართ, თითქოს ამერიკელები უჭერენ ბოკერიებს მხარს და თუ არ ითანამშრომლებთ, ხელისუფლებას დასავლეთში პოზიციები შეერყევა, ახლავე გეუბნებით: ტყუილია ეს! და ვინც ლობისტებთან ურთიერთობებს გირეგულირებთ, ფულს რაში იხდით, ამ მავნებლებს პასუხი მოთხოვეთ! არ ვაპირებ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენი გაუგებარი თამაშების გამო, ხელში კვლავ მწამებლებს ჩავუგდო. სულ მალე საზოგადოებას ჩვენი გუნდი მოქმედებების კონკრეტულ გზებს შესთავაზებს. ან აქეთ დადექით, სადაც ხალხია, ან დარჩით ბოკერიებთან, მაგრამ იცოდეთ: უკვე აღარავის დანდობა აღარ იქნება!

 

 

-5-

 

ყველაზე ტრაგიკული მანკიერება, რაც ბოლო 6 წლის მანძილზე ჩვენს საზოგადოებაში გამყარდა და რასაც უფრო ადრე ფუნდამენტი სააკაშვილმა ჩაუყარა, ესაა საყოველთაო ურთიერთუპატივცემულობა. ყველგან ლანძღვა- გინება და უშვერი შეურაცხყოფაა. კაცი ტელეეთერის შემდეგ ყურსასმენს მოიხსნის და იგინება, ვიღაცა ამას ეთერში აკეთებს ვიღაცა- სხვა ასპარეზზე. ისეთი მაღალი შკალაა აგრესიის, ყველა ყველას ეჭიმება და ღირსებას ულახავს. არავის აბრკოლებს არც კაცის დამსახურება, არც სტატუსი და არც უსტატუსობა. მოუნდა? დააყარა და თან, დედის გინებით, რაც საქართველოში ტრადიციულად არაკაცურ საქციელად ითვლებოდა. ეს ტალღა კარგს არაფერს უქადის ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ მომავალ თაობას. ყველა უნდა გაჩერდეს, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ კამათიც აუცილებელია, მწვავე პოლემიკაც, აგრესიული ტონალობაც (იქ, სადაც ეს ბუნებრივი და აუცილებელია), მაგრამ ოპონენტები ერთმანეთს დედის საფლავს უგინებდნენ და ბებიის ჩიხტიკოპს, ეს- არა. საყოველთაო უპატივცემულობას არ მოაქვს სიკეთე, მაგრამ, ვატყობ, ამ მანკიერებას ჯერ ვერაფერი შეაჩერებს, რადგან ხელისუფლება, რომელიც გვყავს, თავსაც აგინებინებს და თვითონაც არ ამბობს უარს ოპონენტების გაშავებაზე. თან, მაინც და მაინც დედა უნდა აგინო, რომ გაღიაროს, დაგინახოს. რა პოლიტიკური მაზოხიზმია, მე ეს არ მესმის.

 

-6-
და ბოლოს, მოვითხოვ ხელისუფლებისაგან: გაასაჯაროვეთ ე.წ. კასრების კადრები. გარწმუნებთ, ჩვენი საზოგადოება მზადაა, მორიგჯერ იხილოს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილ- ბოკერიები ამ ქვეყანაში ჩადიოდნენ. გადაეცით ეს ვიდეომასალა ყველა ტელეარხს, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, თორემ, ვატყობ, თქვენ- ხელისუფლებას დაგავიწყდათ, რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. ეს რომ არ დაგვიწყებოდათ, ასე მსუბუქად და ცინიკურად არ ჩაეხუტებოდით "კასტილიანთა" ლიდერებს. ისე, დაგავიწყდებოდათ, რა თქმა უნდა, ან რატომ გემახსოვრებათ. ჩემნაირები რომ ომობდნენ, თქვენი დიდი ნაწილი ბოროტებასთან იყო.