09 ივნ 2018 18:51 2459

(ვიდეო) „მოკვდი შენი...“ - გუდაურში ათობით ადგილობრივმა რუსი პარაპლანისტი სასტიკად ცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში კონფლიქტი მოხდა ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრანის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ქართველი პარაპლანისტები ერთ-ერთ პირს, ფიოდორ ჩელიშევს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მოკვდი შენი“, - ისმის თავდამსხმელების ხმა ვიდეოში რუსი პარაპლანისტის მიმართ. მას შემდეგ, რაც რუსი პარაპლანისტი ერთ-ერთმა პირმა მანქანაში ჩასვა და ის ინციდენტის ადგილის დატოვებას ცდილობს, ჩანს, რომ ქართველებმა მის მანქანას ქვები დაუშინეს. ქართველი პარაპლანისტების თქმით, ჩელიშევი მათთვის მანქანის დაჯახებას ცდილობდა, თუმცა ქვების სროლა მას შემდეგაც გააგრძელეს, რაც რუსი პარაპლანისტი მათ გასცდა და გზის მიმართულებით წავიდა.

რუს პარაპლანისტს სხეულის დაზიანებები აქვს, გატეხილი აქვს ცხვირი, დამტვრეულია მანქანა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ქართველი და უცხოელი პარაპლანისტები საფრენად საჭირო ადგილებს ვერ იყოფენ.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„რეგინფო“

იხილეთ ვიდეო