12 ივნ 2018 18:51 631

პროტესტი ჭიათურაში პოლიციის წინააღმდეგ - ახალგაზრდებმა პირი ამოიკერეს

ჭიათურაში, სამმა ახალგაზრდამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და 9 დღიანი შიმშილობის შემდეგ პირი ამოიკერა.

ახალგაზრდები 26 მაისს დაკავებული თემურ გოშაძის გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეების თქმით, რამდენიმე წუთის წინ, მათ ჭიათურის პოლიციის შენობის წინ, კარვის გაშლის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსნებმა ამის საშუალება არ მისცეს და კარავი დაულეწეს.

მოქალაქე ბექა ჭუმბურიძე „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ თემურ გოშაძის გათავისუფლების გარდა, აქციის მონაწილეები ჭიათურის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის სამსახურიდან წასვლას მოითხოვენ.

"სამმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, დღეს რამდენიმე მოქალაქემ გადაწყვტა შეერთებოდა მათ. ისინი პოლიციის წინ დადგმულ კარავში იმყოფებოდნენ, როცა პოლიციის მოაგილე მოვიდა და დაგვიშალა კარავი"- აღნიშნა ბექა ჭუმბურიძე.

რესპოდენტის განცხადებით, მათი პროტესტი რამდენიმე დღის წინ 26 მაისს დაიწყო, როცა პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის ინცინდენტი მოხდა.

ჭუმბურიძის მონაყოლის თანახმად, პოლიცია ახალგაზრდებს ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერში დაუპირისპირდა.

ბექა ჭუმბურიძის განცხადებით, ჭიათურის პოლიციის უფროსის მოადგილემ მთელი საპატრულო და სამხარეო პოლიციის დახმარებით, სულ 9 ადამიანი დააკავა, მათგან 8-ს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს და მალევე გაათავისუფლეს. ხოლო თემურ გოშაძეს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. აღნიშნული ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"გოშაძეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გამოშვებას ადმინისტრაციულით და რაც მთავარია, ვითხოვთ დაისაჯონ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ ყველაფრის შემოქმედები არიან"- თქვა ჭუმბურიძემ.

აღსანიშნავია, რომ გოშაძე გეგუთის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც 26 მაისის ინციდენტის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თავად არიან პოლიციის მიერ ნაცემები. საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებს.

დავით ჯაბაშვილი, ნიუპოსტი