17 ივნ 2018 20:16 3373

«ციხის სკანდალური კადრები «რუსთავი 2»-ს მიაწოდა არა ბედუკაძემ, არამედ ვანო მერაბიშვილმა»

ინტერვიუ კობა დავითაშვილთან. ის, რაც აქამდე არ უთქვამს და ხელისუფლების კულუარებიდან არ გამოსულა, ვინ და რა კომპრომატებით აშანტაჟებდა მას? ვინ ვის აუღო «აბაროტი» ციხის კადრებით... გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ვრცელი ინტერვიუდან:

 

- რუსთავი 2»-მა დაღუპა 2012 წელს სააკაშვილი, პირველმა ამ არხმა გაუშვა ის კადრები, რომელიც მათი ჭკუით ადასტურებდა, რომ კადრები იყო დადგმული და ფალსიფიცირებული, რაც ხალხმა არ ჭამა. «ობიექტივი» და «პატრიოტთა ალიანსი», ირმა ინაშვილი, თარხან-მოურავი, თვითონაც კაი დაზაფრულები იყვნენ იმ კადრებით, რაც ჰქონდათ და ამ კადრების გავრცელებას არ აპირებდნენ, კადრები დაჰქონდათ უცხოელებთან, მათი მიზანი იყო, ემხილებინათ სააკაშვილი, მათ ეშინოდათ ამ კადრების აქ გაშვება, იმდენად შემზარავი იყო და ქართველობის შემარცხვენელი. გახსოვთ, ალბათ, რომ «პატრიოტთა ალიანსმა» თქვა, ნეტაი არ გვენახა ეს კადრები და ნეტაი არ გავრცელებულიყო, თავი მოგვეჭრა მსოფლიოშიო. ისეთი შემზარავი კადრები იყო, რომ მეც ვერ ვუყურე, ადამიანი ვარ. ამიტომ ამათ თვითონ გაიჩალიჩეს.

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ მოხდა ეს კადრები ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის ხელში?

- მე გეტყვი ვერსიას, როგორ მოხვდა ეს კადრები ირმა ინაშვილთან. ყველა ხომ დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაუჩალიჩა «ნაცმოძრაობას», არ არის ეგრე. ეხლა მოგიყვან ფაქტებს: ივანიშვილმა გაუჩალიჩა «ნაცმოძრაობას» შიდა არეულობა, რომლის საფუძველი მანამდეც არსებობდა. შეგახსენებ, რომ ივანიშვილმა საჯაროდ შეაქო ვანო მერაბიშვილი და კარგი მენეჯერი უწოდა, რის შემდეგაც ვანო მერაბიშვილი დააქვეითეს პრემიერ-მინისტრად. გახსოვთ, მაშინ რა დაკნინებული პოსტი იყო პრემიერობა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა პრემიერს ურტყამდა, სააკაშვილით დაწყებული, კეზერაშვილით დამთავრებული. სააკაშვილმა რომ მოისმინა ივანიშვილის ეს განცხადება, გაგიჟდა, ერთმანეთში შეკრულები ყოფილანო და ვანო მერაბიშვილი ჩამოალაბორანტა. ჩემი ვერსიით, კადრები «ობიექტივში» მიიტანა არა სასჯელაღსრულების რიგითმა თანამშრომელმა ბედუკაძემ, არამედ შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა. კადრები გამოაგდო ვანო მერაბიშვილმა! მოხდა აი, რა - ივანიშვილის განცხადებამ გამოიწვია შიდა კრიზისი, ამ დროს მერაბიშვილი გადაყვანილია პრემიერ-მინისტრად და მის ადგილას დანიშნულია ახალაია. გაბრაზებული მერაბიშვილი ახალაიას კომპრომატს, ანუ ციხეში გადაღებულ კადრებს აწვდის ოპოზიციურ ტელევიზიას. ვანო მერაბიშვილი ვერ აცნობიერებს ამ კადრების ზოგად მნიშვნელობას, მას ჰგონია, რომ ეს ბომბი მოხვდება მარტო ახალაიას და ან შეიძლება იმასაც ფიქრობდა, მე თუ მღუპავენ, ერთი, ყველას დედაც, ჩემს შემდეგ ქვა-ქვაზე ნუღარ დარჩენილაო... მრჩება განცდა, რომ ამის საპასუხოდ დაპატიმრებულმა ახალაიამ ჩაუშვა მერაბიშვილი და ახალაიას «ნაკოლით» მიაგნეს კასრებს სამეგრელოში. იმ კასრებში მხოლოდ იარაღი კი არ იყო, პოლიციის განყოფილებაში მომხდარი კადრებია, ქუთაისის და ზუგდიდის პოლიციებში როგორ აწამებდნენ ადამიანებს. ანუ ახალაიამ «აბაროტი» აუღო მერაბიშვილს და «ოცნების» ხელისუფლებას ჩუმად მიაწოდა კადრები, რაც მერაბიშვილის უწყების არანაკლებ მძიმე დანაშაულს ადასტურებდა. ბაჩო ახალაიამ ამით ამხილა მერაბიშვილი, - მარტო ჩემს ციხეში კი არ ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, ვანოს პოლიციებში უარესი ხდებოდაო. ასე რომ, სინამდვილეში, თვითონ ივანიშვილის გამოჩენამ მოიყვანა ის ხალხი, რომელიც ისე არ დადგებოდა ოპოზიციის გვერდზე, მისმა გამოჩენამ იმედი მისცა იმედდაკარგულ ხალხს.

- დამნაშავე რეჟიმის ხელშეუხებლობის მითითება უშუალოდ ამერიკიდან მოდიოდა?

- რა თქმა უნდა, 2 ოქტომბრის ღამეს, ჩვენმა ჩიორამ რომ გამოაცხადა, არჩევნები მოვიგეთო და 3 ოქტომბერი თენდებოდა, ჩემი განცდით, განხორციელდა ზარი არა მარტო ობამას ადმინისტრაციიდან, არამედ მაკკეინიდანაც სააკაშვილთან და იმან უთხრა, რომ წააგე და წადი ღირსეულად, დარჩი ოპოზიციაში და მე ყველანაირად შევეცდები, მერე არჩევნებში ხელი შეგიწყოო. ოღონდ ეხლა შენ რომ გამოაცხადო, მოვიგე, მაინც მოგიწევს წასვლა, რადგან ძალა აღმართს ხნავს და წახვალ როგორც ტირანი, ამიტომ თვითონ ლობისტებმა ურჩიეს, გაჩერდიო.

- თუმცა, სააკაშვილი სამოქალაქო ომისთვის მაინც ემზადებოდა და ამის მტკიცებულებებიც არსებობს...

- რა თქმა უნდა, მზად იყო სისხლისღვრისთვის და კბილებს ილესავდა, ძალაუფლების მეტი მაგ კაცს ცხოვრებაში არაფერი აინტერესებს, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში - საქართველო იქნება, უკრაინა თუ ზიმბაბვე. ეს კაცი ძალაუფლებას ისე არ დათმობდა, თუ ძალიან ნათელ გზავნილს არ გამოუგზავნიდნენ, რომ დააყენე, თორემ მაინც წახვალ და ცუდად დაამთავრებო. მან გააკეთა არჩევანი და ლამაზად წასვლა არჩია, გამოაცხადა, წავაგეო. იმ მომენტში ქვეყნისთვის ეს იყო კარგი გამოსავალი, ჩვენ ვნახეთ ცუდი გამოსავალი - ზვიად გამსახურდიას გადატრიალება, ქვეყანა დაიშალა, აფხაზეთი, სამაჩაბლო დავკარგეთ, იყო სამოქალაქო ომი და ამ ყველაფერს ჯობდა კოაბიტაცია, რომელიც სიტყვასიტყვით თანაარსებობას ნიშნავს და არა გარიგებას. ფორმალური კოაბიტაცია კი დამთავრდა მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და სააკაშვილს ვადა გაუვიდა.

- მერე ვინ აიძულა ეს ხელისუფლება, რომ იმ მახინჯი რეჟიმის შემოქმედებთან გაეგრძელებინა კოაბიტაცია და სისტემა არ გაეწმინდა მიშას პოლიტიკური მაჯლაჯუნებისგან

- ეგ სხვა საქმეა, ჩვენი ხალხი შეცდომით ყველაფერს კოაბიტაციას ეძახის. რაც მერე მოხდა, ეს არ არის კოაბიტაცია. «ნაციონალების» კადრების დატოვება არის ორმხრივი კონფორმიზმი და არა კოაბიტაცია! ვერცერთ წინა ხელისუფლებას და ვერც მის შემდგომ ხელისუფლებას ვერ შეადარებ სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს იყო თანამედროვე და პოსტმოდერნისტული ტიპის დიქტატურა, რომელიც იმართებოდა უბინძურესი მეთოდებით. სააკაშვილი მოემზადა ოპოზიციაში გადასვლისთვის, დააგროვა კომპრომატები და მისი რეჟიმის ძალიან ბევრი მსახური ყურებით დაიჭირა. შეიძლება სააკაშვილი ბევრ მათგანს გულზე არც ეხატება, მაგრამ დაშანტაჟებული ჰყავს, რომ დაუძახებენ, ეტყვიან - შენი ცხოვრების ამსახველი კადრები აიტვირთება ინტერნეტში, ან ეტყვიან მოსამართლეს, გამოიტან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ გვაწყობს, ან პროკურორს რომ ეტყვიან, შენ ასე მოიქცევიო, აბა, კაი დედ-მამის შვილია და ისე არ მოიქცეს. თავის გუნდის წევრებზე კომპრომატების მოგროვება უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე «ქართულ ოცნებაზე».

- პირადად თქვენზე ჰქონდათ კომპრომატები?

- რა თქმა უნდა, მომაწოდეს კიდეც ინფორმაცია, შენზე კომპრომატები გვაქვს და გაჩერდიო, მაგრამ მე არ გავჩერდი. იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატები, რაც მიუღებელი იქნებოდა ჩემი მეუღლისთვის, მაგრამ მე ჩემი მეუღლისთვის ნათქვამი მაქვს. როცა ეს შემომითვალეს, მე ძალიან მარტივი პასუხი გავეცი, როგორც კი სააკაშვილი მაგას გამოაქვეყნებს, თვითონ მეტ ზარალს მიიღებს, ვიდრე მე. ჯერ ერთი, საქართველოში ვცხოვრობ და ქართველი კაცისთვის ეგ კომპრომატი არ არის, მეორეც - მთელი მოსახლეობა გაიგებს, რომ მიდის ტოტალური თვალთვალი, რაც მალე გამოაქვეყნებთ, უფრო მალე დაამთავრებთ თქვენს რეჟიმს-მეთქი. ჩაისვარეს და ვერ გამოაქვეყნეს, მიხვდნენ, რასაც ვეუბნებოდი.

„ალია“, ნინო სამხარაძე