18 ივნ 2018 19:38 5608

„იცით, ვინ არის მირზა სუბელიანი?!“

„ალია“ გთავაზობთ ინტერვიუს კობა დავითაშვილთან. (ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი იხილეთ აქ)

- და მაინც, რატომ არჩია ხელისუფლებამ, სისტემაში დაეტოვებინა დანაშაულებრივი სინდიკატით შეკრული პროკურორები, მოსამართლეები და ..?

- აქ იყო საერთაშორისო ზეწოლა ევროპის სახალხო პარტიის, იგივე მაკკეინის კონსერვატიული ჯგუფის მხრიდან. როგორც კი მოსამართლის გათავისუფლებაზე დადგებოდა საკითხი, ტყდებოდა ხმაური, სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელუხლებელიაო. სამწუხაროდ, ამ ზეწოლით მიაღწიეს იმ შედეგს, რომ «ქართულმა ოცნებამ» ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ არ ვეხებით ამ ხალხსო და თუ გახსოვთ, რატომ დავტოვე «ქართული ოცნების» კოალიცია, მანამდეც გვქონდა უთანხმოება, მაგრამ ბოლო წვეთი იყო ის, რომ ახალაია, რომელსაც მრავალი ბრალდება აქვს წარდგენილი, ერთ-ერთი საკითხში მოსამართლემ გაამართლა, შეიკრიბა პოლიტსაბჭო და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მოდი, პიარისთვის გამოვიყენოთ, ეს გამოვაცხადოთ ჩვენს გამარჯვებად, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვსო. მე ვუთხარი ვერც თავს მოვიტყუებ, ვერც ხალხს მოვატყუებ, ეგ არის ტყუილი და ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე, რომ ესენი დამოუკიდებელი მოსამართლეები კი არ არიან, სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები არიან, ყურით ჰყავს დაჭერილი და რასაც უნდა, იმას ათქმევინებს. ამ ტყუილში მე მონაწილეობას არ მივიღებ და ეს ტყუილი უკან შემოგვიბრუნდება-მეთქი. ისე აგიხდეს ყველაფერი, როგორც ეს მოხდა. მოსამართლემ, რომელმაც 26 მაისის მერე ვანო მერაბიშვილი კი არ დაიჭირა, არც იმ ორი მოკლულის საქმე არ გამოიძია, რომელთა გვამებიც სახურავზე იყო შემოწყობილი, არამედ დაიჭირა ირაკლი ბათიაშვილი, იმ მოსამართლეს დაეწერა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე. იმ მოსამართლესთან განხორციელდა ზარი ახლობლისგან ამსტერდამიდან და უთხრეს, შენი გადაწყვეტილებით მწვანე შუქი უნდა აუნთო «ვარდების რევოლუცია-2»-. მოკლულ ადამიანზე, მკვლელობის მცდელობა გაგიგიათ?! მოსამართლემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურ აღშფოთებას გამოიწვევდა გარდაცვლილის ახლობლებში და აქედან გამომდინარე საზოგადოებაში. მე კატეგორიულად ვითხოვდი მირზა სუბელიანის დაკავებას და მივესალმები. როგორც იქნა, ვეღირსეთ მის დაკავებას.

- თქვენი ინფორმაციით, ვინ არის მირზა სუბელიანი, რომელსაც ანაცვალეს კანონის უზენაესობა?

- იცით, ვინ არის მირზა სუბელიანი? ის არის ადეიშვილის ერთგული კადრი, კაცი, რომელსაც ხუთი პოლიტპატიმარი ადებს ხელს, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის ფიზიკურს, სუბელიანი არის «ნაცების» პროკურორი. ეს კაცი ისევ იქ, პროკურატურაში ეჯდათ და მაგას ვამბობ, რომ ეს პროკურატურა და ეს სასამართლო არის გასაწმენდი. ამ კონფორმისტების დიდი ნაწილი, რომლებიც სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლების ყურმოჭრილი ყმები არიან, კომპრომატების გამო ყველაფერზე მიდის. ამიტომ უნდა მოხდეს პროკურატურის ფორმირება თავიდან. გვყავს ლიცენზირებული ადვოკატები, დაუძახონ ამ ხალხს. შევქმნათ სპეციალური საპროკურორო სკოლა და გავატაროთ სპეციალური მომზადება

„ალია“, ნინო სამხარაძე