12 ივლ 2018 17:53 219

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა

ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ისტორიულ საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა წინამძღვრიშვილის 132 ნომერში მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილია მისული. მისი თქმით, შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

"ამის გამო მოსახლეობას არ მიეცა უფლება, რომ თავისით შეეკეთებინა. თავის მხრივ, არც გამგეობამ უზრუნველყო ამ სამუშაოების განხორციელება. დიდხანს მიდიოდა ამ საკითხზე მოსახლეობასა და გამგეობას შორის კამათი და საბოლოო ჯამში იმით დამთავრდა, რომ შენობის ჭერი ჩამოინგრა. ჩემი ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, თუმცა შენობის დაზიანება დიდია და შეიძლება კვლავ განმეორდეს უფრო მძიმე შედეგებით. ეს ჯერ დასაწყისია და თუ ახლა მაინც არ მოხდება რეაგირება, შეიძლება მომავალში ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს აქაც და კიდევ ბევრ ასეთ შენობაში", - თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.

imedinews.ge