15 ივლ 2018 02:10 4449

ხუმრობა, რომელიც ტრაგედიით დასრულდა - 18 წლის ბიჭი მტკვარში გადახტა

გუშინ ღამით, 18 წლის გ.მ. დედაენის პარკიდან მტკვარში გადახტა.თვითმხილველების თქმით, გ.მ. ძალიან მთვრალი იყო და მისი შეჩერება ვერავინ მოასწრო.

ბოლო სიტყვები, რაც გადახტომამდე დაიძახა იყო: - თქვენც უკან მომყვებით... თვითმლხილველები ამბობენ, რომ იგი თავის მოკვლას არ აპირებდა, უბრალოდ, იმდენად მთვრალი იყო, საკუთარ საქციელზე პასუხს ვერ აგებდა და მისთვის ეს ხუმრობა და გართობა იყო.

სამწუხაროდ, ხუმრობა ტრაგიკულად დასრულდა.

ტრაგიკულად შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს ღამე კიდევ ორი მოზარდისთვის - 17 და 18 წლის ბიჭები არც დაფიქრებულან, ტანისამოსიც არ გაუძვრიათ ისე გადახტნენ გ.მ.-ს გადასარჩენად. მაშველების მოსვლამდე არ დაუყრიათ ფარხმალი, მაშველების მოსვლამდე საკუთარი სახსრებით ცდილობდნენ გ.მ.-ს პოვნას.

მხოლოდ დილით იპოვნეს მაშველებმა 18 წლის ბიჭის ცხედარი ნაპირზე გამორიყული.

არ ვიცი, ვისთვის როგორ, არ ვიცი, ვინ როგორ აღიქვამს - გმირზე გმირი არის ჩემთვის ეს ორი ბიჭი. შეიძლება არ სწავლობდნენ ელიტარულ სკოლებში, მეტიც, შეიძლება არც სწავლით იწუხებდნენ თავს დიდად - მაგრამ, არ გაქცეულან, არ შეშინებით, მამიკოებისთვის არ დაურეკავთ საშველად - წამიერად მიიღეს გადაწყვეტილება და წამიერად გადაეშვნენ მტკვარში ადამიანის გადასარჩენად, სიცოცხლის გადასარჩენად.

ასეთი ვიცი კაცი, ასეთი კაცი მინდა საქართველოში.

გადამალეთ, კარგად გადამალეთ თქვენი გაქცეული შვილები, გაქცეული მოწმეები, გაქცეული მკვლელები...

პ.ს. მათთვის, ვინც ნარკოლიბერალიზაციის დაკანონებას ითხოვს, ალკოჰოლიც კი უქვეითებს ადამიანებს განსჯის უნარს, ალკოჰოლიც კი კლავს საქართველოში ჩვენს საჯიშე ბიჭებს...

გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს.

 

„ალია“, თამო კეშელავა