15 ივლ 2018 21:47 6296

უყურე შენ, რა თავმოყვარე ყოფილა ეს ციყვებით გარშემორტყმული უგრეხელიძე

 

სასწაულების ქვეყანა ვართ, გაუშვა საჯარო რეესტრის უფროსმა ყოფილი თანამშრომლის ქმარი სამსახურიდან და შემოუთვალა ყოფილმა თანამშრომელმა (როგორც ამას მოწმეების ჩვენებები ადასტურებს) - დააბრუნე ჩემი ქმარი, თორემ სამსახურს დაგაკარგვინებო. ხოდა - დააკარგვინა.

მისცა ნანუაშვილის უწყებამ საბუთი - 8 თვის მესიჯები შევამოწმე და აღმოვაჩინე, რომ ციყვი დაგიძახა პაპუნა უგრეხელიძემო. ხოდა, სამჯერ გაეპარა მესხიძის გვარი წერა-კითხვის უცოდინარ ნანუაშვილს ინკოგნიტო და გრიფით საიდუმლო საბუთში - ახლა იძახიან უგრეხელიძემ გაასაჯაროვაო - უგრეხელიძემ კი არ გაასაჯაროვა მესხიძის გვარი, ამოიკითხა უბრალოდ, გაზეთში დაბეჭდილი საბუთიდან. რა ქნას, იცის წერა-კითხვა და მოკალი.

ახლა ქმარი საჯარო რეესტრს და უგრეხელიძეს უჩივის. უჩივის და არც უჩივის - ხან არ სცალია მის ადვოკატს, ხან დასასვენებლად ბრძანდება, ხან შვებულებაშია.

სანამ ქმრის ადვოკატი ისვენებს მესხიძეების ოჯახისგან, უგრეხელიძემ ახალი სარჩელი შეიტანა სასამართლოში მესხიძის წინააღმდეგ. მართალია, „ტაბულამ“ დააჰაჰავა უგრეხელიძის სარჩელი და განაცხადა, არ მიიღო სასამართლომო, მაგრამ უგრეხელიძემ „ტაბულა“-ს  დაჰაჰაჰავებული დააჰაჰავა და დამადასტურებელი საბუთი დადო ფეისბუქგვერდზე, რომ მისი სარჩელი მიიღო სასამართლომ განსახილველად.

„ტაბულას“ იმდენი უწერია უგრეხელიძეზე, იმდენი უწერია, ამდენს მთავრობაზე რომ წერდეს - იქნება და ცოტას დამხმარებოდა კიდეც. მაგრამ ბოკერიაც მთავრობაშია ახლა, ხო?

ხოდა, მივედი ამბის ბოლომდე - მავანთ უთქვამთო, „ტაბულამ“, უგრეხელიძე ყველას ციყვს ეძახდა და სექსუალური თავგადასავლებით იწონებდა თავსო, ვინც არ დაემორჩილებოდა, სამსახურიდან უშვებდაო. მესხიძეს კი, თურმე, ემუქრებოდა, თუ ხმას გაიღებ, გავავრცელებ ინფორმაციას, ვითომ, მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა არ გვაკავშირებდაო.

იმდენ ხანს იმუშავა მესხიძემ უგრეხელიძესთან, ამ პრინციპით, რა ვიფიქროთ?.

ამოიღო მესხიძემ ხმა - არ უვრცელებს არასამსახურეობრივ ურთიერთობაზე ჭორს მაინც უგრეხელიძე. როგორ გგონიათ, ვერ მოახერხებდა, როგორ გგონიათ, არ დაურეკავდნენ ჟურნალისტები კითხვებით, როგორ გგონიათ, ვერ დაჯდებოდა რომელიმე არხზე და ვერ მოყვებოდა? მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამ ე.წ. არარსებული არასამხურეობრივი ურთიერთობის გაჟღერება, მხოლოდ მესხიძეს და მის ქმარს აწყობს.

უყურე შენ, რა თავმოყვარე ყოფილა ეს ციყვებით გარშემორტყმული უგრეხელიძე. არც ჭორაობა ჰყვარებია დიდად. მე რომ ვერ დავითანხმე წვრილმანების მოყოლაზე, მეც კი რომ ვერ დავითანხმე...

ახლა დაიდება ახალი სტატია „ტაბულა“-ში სათაურით: რას უწუნებს უგრეხელიძე მესხიძეს, იმნაირ ჭორს რომ არ უვრცელებს? საერთოდაც, რას უწუნებს ქართულ ჟურნალისტიკას, ჭორების გავრცელების ნაცვლად, სასამართლოში რომ მიდის?

„ალია“, თამო კეშელავა