19 ივნ 2017 15:21 181

"ბოტკოველის ბრალდებები მიუღებელია, ულტიმატუმი დავუყენეთ მათ, ვინც შეხვედრას ბლოკავდნენ" - თორნიკე მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახისთვის პატრიარქის მდივანის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ მათი მისამართით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია. 

როგორც "ნიუპოსტს" დაკავებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ბრალდებულის ოჯახმა ულტიმატუმი არა პატრიარქს არამედ საპატრიარქოს იმ წარმომადგენლებს წაუყენა, რომლებიც მისი თქმით, შეხვედრას ბლოკავდნენ. 

"მამა მიქაელ ბოტკოველთან პოლემიკაში არ შევალ, მაინც სასულიერო პირია და ჩემგან უხერხული იქნება. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩვენ ულტიმატუმი არა პატრიარქს, არამედ იმ პირების წინაშე დავაყენეთ, რომლებიც შეხვედრას ბლოკავდნენ და გვატყუებდნენ. მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად უწმინდესთან ადვოკატებთან ერთად შეხვედრას ვითხოვდი, როცა გავიგე, რომ პატრიარქი მზად არის ადვოკატების გარეშე შეგხვდეს, მე მის სურვილს არ შევეწინააღმდეგე. ჩვენთვის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მსგავსი ცრუ ბრალდებები ჩვენთვის მიუღებელია"- აღნიშნა მამა გიორგის ძმამ. 

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პატრიარქს შეხვედრისას მხოლოდ მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და დაკავებულის შეწყალების თხოვნით არ მიმართავს. 

"მამა გიორგი უდანაშაულოა და მას შეწყალება არ სჭირდება"- თქვა "ნიუპოსტთან" მამალაძემ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს, 13:00 საათზე ადვოკატების გარეშე შეხვდება.

დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრების მხრიდან ილია მეორესთან შეხვედრის მოთხოვნას საპატრიარქოს მდივანი "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ დაკავებული სასულიერო პირის ოჯახის წევრების განცხადებები შეურაცხმყოფელია.

 

ნიუპოსტი