19 ივნ 2017 15:59 266

მორიგი დაპირისპირება - „პრეზიდენტი კობახიძეს ღიაობას სთავაზობს, კობახიძე კი სპექტაკლს“ - ნიკა რურუა

საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი დაპირისპირება - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეთავაზება ღია ეთერში ირაკლი კობახიძის მხრიდან პრეზიდენტისთვის მისაღებია, თუმცა იგი მოითხოვს შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში სხვა ინსტიტუციების, არასამთავრობოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გაიმართოს. აღნიშნულს თავად კობახიძე არ ეთანხმება. 

„ნიუპოსტთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა აცხადებს, რომ პრეზიდენტი კობახიძეს ღიაობას სთავაზობს, კობახიძე კი მარგველაშვილს სპექტაკლს, ენმ კი ღიაობას უჭერს მხარს: 

„პრეზიდენტის წინადადება არის სწორი, მისაღები და მე მას მთლიანად მხარს ვუჭერ. კობახიძის ინფანტილური გამოხტომები და ჟინიანობა მიუთითებს ამ ადმიანის მოუმზადებლობაზე და უვარგისობაზე, რომ იყოს საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ის არის დასმული ივანიშვილის მიერ და ძალიან არ შეეფერება ამ თანამდებობას, რასაც ამტკიცებს მისი ჯინიანობა, მისი სიბრიყვე და თავხედობა, რომელსაც ყოველწუთას ავლენს ეს ახალგაზრდა. კონსტიტუცია უნდა მიიღებოდეს კონსესუსის საფუძველზე, რაც არ არის სახეზე, კონსტიტუცია უნდა მიიღებოდეს მხოლოდ აუცილებლობის საფუძველზე, რაც არ არის სახეზე, კონსტიტუცია უნდა მიიღებოდეს ხალხის ჩართულობის, ინფორმირებულობის საშუალებით, რაც არ არის სახეზე და აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რაც ასევე არ არის სახეზე. 

ამ ყველაფერს სთავაზობს მას ოპოზიცია, ამ ყველაფერს სთავაზობს მათივე გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, პრეზიდენტი, მაგრამ „ქართული ოცნება“ ყველანაირად მომართულია იქითკენ, რომ რამენაირად გააპაროს ქურდულად ოლიგარქიული კონსტიტუცია და წაართვას ხალხს უფლებები, რომელიც მას ბრძოლით აქვს მოპოვებული დამოუკიდებლობის დღიდან. ის, რასაც ოცნება აკეთებს, დემოკრატიას ანგრევს. პრეზიდენტი სთავაზობს ოცნებას ღიაობას, ოცნება კი სთავაზობს პრეზიდენტს სპექტაკლს, რომ შეიქმნას ილუზია დემოკრატიისა და არა რეალური დემოკრატიული პროცესი, ამიტომ ამ დაპირისპირებაში ცალსახად ღიაობას ვუჭერ მხარს“, - აცხადებს ნიკა რურუა.

 ნიუპოსტი