19 ივნ 2017 16:08 104

,,წითელ ზონაში ფილმები აღარ გადიოდა... გადაცემას შეუცვლია ფორმატი, გადაკეთებულა პოლიტიკურ ტოქშოუდ“ - მაღლაფერიძის პასუხი გვახარიას

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ,,რადიო თავისუფლებისთვის" ორი პროექტის შეწყვეტის შესახებ არხის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტებას აკეთებს.

მაღლაფერიძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ საზოგადოებას ან ჩვენს გულშემატკივარს ქვეყნის გარეთ, მოეწონოს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რაიმე სახის ზეწოლის შედეგად გახსნის ან დახურავს რომელიმე გადაცემას.

მაღლაფერიძის თქმით, ის ისევე სალომე ასათიანზე ასევე გოგი გვახარიას პროფესიონალიზმზე მაღალი აზრის არის და ამავე დროს ის დარწმუნებულია, რომ რომ ეს გადაცემები მნიშვნელოვან განახლებას და ფორმატის გაუმჯობესებას საჭიროებენ. ,, საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არიან ისეთი პროფესიონალები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად წაადგებოდა ბატონი გოგი გვახარიას და ქალბატონი სალომე ასათიანის გადაცემების გაუკეთესებას“,- აცხადებს მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, რეალობა ის არის რომ ,,ინტერვიუ“ და ,,წითელი ზონა“ რადიო თავისუფლების და საზოდოებრივი მაუწყებლობის ერთობლივი პროდუქცია არ იყო მას მხოლოდ ,,რადიო თავისუფლება" ამზადებდა და მას ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" ეთერში უშვებდა. მისივე თქმით, ის მზად არის აწარმოოს ერთობლივი პროდუქცია როგორც ,,რადიო თავისუფლებასთან", ასევე სხვა სტუდიებთან.

მაღლაფერიძე გოგი გვახარიას რომ მისი გადაცემა პოლიტიკური ნიშნით დაიხურა ვრცლად პასუხობს:

,,მაგალითისთვის მოგიყვანთ ბატონი გოგი გვახარიას გადაცემას, მით უმეტეს, გარკვეული განმარტება აქაც აუცილებელი გახდა, ვინაიდან, თავად ბატონი გოგი, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ ფაქტებს არასწორად გადმოცემს და ამით ცდილობს განავითაროს აზრი, რომ მის გადაცემას პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა არის ის პოლიტიკური მოტივი თუ პლატფორმა, რის გამოც ბატონი გოგი შეიძლება ვინმესთვის მიუღებელი იყოს, ვინაიდან მისი გადაცემა „წითელი ზონა“ მის გულშემატკივრებს და მათ შორის მეც, გვახსენდება იმ მშვენიერი ფილმებით, რომლებიც პირველად სწორედ ამ გადაცემაში ვნახეთ და შემდეგ ამ ფილმების შესახებ საინტერესო საუბრებით. ბატონი გოგი თავის სტატუსებში ახსენებს ხოლმე, რომ თითქოს საზოგადოებრივზე ფილმების ჩვენება აუკრძალეს თუ რაღაც ასეთი და ავიწყდება, თქვას დრო და გარემოება, როდის და რატომ მოხდა ეს. როდესაც იანვარში ამირჩიეს და ბადეზე ვმუშაობდით, ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ „წითელ ზონაში“ ფილმები აღარ გადიოდა და არ გადიოდა უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იმის გამო, რომ „წითელ ზონაში“ გასული ფილმების დიდი ნაწილი არ იყო შესყიდული ჩვენების უფლებით და რადიო თავისუფლებამ ვერ უზრუნველყო ფილმების შესყიდვა, გადაცემას შეუცვლია ფორმატი, გადაკეთებულა პოლიტიკურ ტოქშოუდ და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ პროცესში მხოლოდ ის როლი აკისრია, რომ გაუშვას ის ჩანაწერი, რასაც მოუტანენ. ის, რომ ბატონი გოგი სურვილისამებრ შეცვლის გადაცემის ფორმატს, ამით ჩვენ გვგონია, რომ აგებს მაყურებელი და ცხადია - მაუწყებელიც. ასეთ პრაქტიკას გულისხმობს არსებული ხელშეკრულება, რომლის ვადის გაგრძელებაზეც უარი ვთქვით და, მესამედ თუ მეოთხედ ვამბობ, რომ მზად ვართ და მივესალმებით პარტნიორულ თანამშრომლობას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალისტებსაც ექნებათ აზრის გამოთქმის, ფორმატის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება“,- აცხადებს მაღლაფერიძე.

 

პირველი რადიო