19 ივნ 2017 16:44 61

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არ უნდა გამოირიცხოს მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა ისეთ საკითხზე, როგორიც საკონსტიტუციო მოწყობაა. 

"ალბათ, შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც. ჩვენ მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვსაუბრობთ მომავალში რაიმე ცვლილებაზე კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველთვის ხალხი იღებს. თუმცა ჯერ საუბარია, რომ ამისთვის შესაძლოა ღია დისკუსია დაიწყოს საზოგადოებამ, კარგად უნდა გაცნობიერდეს ეს იდეა თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება. ეს იდეა ნამდვილად ღირს, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა",- განაცხადა ბესელიამ.

მანვე პატრიარქთან დღევანდელი შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი მათ შორის საკონსტიტუციო მონარქიის იდეასაც შეეხო. 

"ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვიმყოფებოდით საპატრიარქოში და შევხვდით პატრიარქს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვაც ამ კვირაში იწყება. ასევე გვქონდა საუბარი იმ იდეაზე, რომელიც მისმა უწმინდესობამ წირვის დროს გაახმოვანა და ეხება კონსტიტუციური მონარქიის თემას. ეს არის ძალიან საყურადღებო იდეა, თუმცა ამ იდეის ასახვა არ უკავშირდება საკონსტიტუციო პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს არის მომავლის იდეა. ამ საკითხზე დისკუსია, მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს და საბოლოოდ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მოსახლეობის და ფართო საზოგადოების კონსენსუსი სჭირდება. მისი უწმინდესობაც იზიარებს ამ პოზიციას. ეს არის ცალკე, დამოუკიდებელი პროცესი. ჩვენ ეს მოსაზრებები გავცვალეთ",- განაცხადა ბესელიამ.

 

ipn