17 აგვ 2018 09:56 13562

საწოლში გარდაცვლილი იპოვნესო... ნუ წახვალთ ჩემზე ადრე... ლოცვას ძალა უნდა... ძალას კი უთქვენობა მაცლის...

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

გამარჯობა...
მოკითხვა მომინდა... ის დრო მომენატრა, ტაძარში, სვეტთან რომ დადგებოდი და ლოცვის ყველა სიტყვას ისრუტავდი...
არც ღამისთევას აკლდებოდი... მე ისე ვიღლებოდი, ხან წელში მოხრილი ვიტყოდი ასამაღლებელს, ხან ანალოგიას მიყრდნობილი. აღსავლის კარიდან რომ გავიხედავდი, შენ ისე მყარად იდექი, შემრცხვებოდა, თავს დავხრიდი და ღმერთს პატიებას ვთხოვდი... არ მქონდა უფლება მოშვების, ზედაპირულობის... დილისკენ ეზიარებოდი და მერე სამსახურში მიდიოდი... 
არასდროს აცდენდი, არასდროს გეზარებოდა... ერთხელ მოგისაკლისე, კვირა დღეს არ გამოჩნდი, გამიკვირდა. ხალხით სავსე ტაძარში შენი ადგილი გაყინული იყო... შუა წირვაში სტიქაროსანი შემოვარდა, საწოლში გარდაცვლილი იპოვნესო... საკურთხეველში მეც გარდავიცვალე...
გამარჯობა...
წმინდა მიწა ერთად მოვილიცეთ... როგორ გიხაროდა... ღმერთმა ამხელა მადლს მაზიარა, შინ რომ დავბრუნდებით, წირვას არ გავაცდენ, პირობას გაძლევო... შუაღამის ოთხ საათზე დამირეკეს სააკაძეზე მოწყვეტით დაეცა, გული სამუდამოდ გაუჩერდაო... გული მეც გამიჩერდა...
გამარჯობა... 
მამა ისეთ ასაკში გარდაგეცვალა, არც გახსოვს... სოფელს, ოჯახს, მეგობრებს პატრონობდი... მზრუნველობა ძვალში გქონდა გამჯდარი... შენი ნებით აგვისტოს ომში გაიქეცი... რა მომასვენებს, სამშობლოს უჭირსო... სამ დღეში ჩამოგასვენეს... მეც მიმასვენეს შენს სახლში...
გამარჯობა...
ყველას უყვარდი, ყველა გიყვარდა... ხან რას დაირქმევდი, ხან რას... მოვლილი გქონდა ეკლესია-მონასტრები...სულ იღიმოდი, სულ უკან მომყვებოდი... დამირეკეს, სადარბაზოსთან თრომბა დაარტყაო, მეც თრომბის მსხვერპლი გავხდი...
გამარჯობა...
ოჯახს ძალიან უჭირს, უცხოეთში უნდა წავიდე, სხვანაირად ვერ ვარჩენო... სულ ვკითხულობდი შენს ამბებს... ვიღაცას წამოსცდა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ვეღარც ჩამოასვენესო... მეც გაურკვეველ ვითარებაში გავქრი...
გამარჯობა...
ნუ წახვალთ ჩემზე ადრე... ლოცვას ძალა უნდა... ძალას კი უთქვენობა მაცლის... 
ან ერთად დავრჩეთ, ან ერთად წავიდეთ...“