09 სექ 2018 19:52 3752

ჩემი ძმა ქვაფენილზე ათრიეს და მეტი რაღა უნდა მიყონ? რამდენს დაგვიჭერთ, მოდით, დაგვიჭირეთ!!!

 

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა თავისუფლების მოედანზე გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც პატრულის თანამშრომლების მიერ მძღოლის დაკავებაა ასახული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინციდენტი საპატრულო პოლიციის მიერ საავარიო სიტუაციის შექმნას მოჰყვა. საბოლოოდ, აღშფოთებული მოქალაქე, რომელმაც სამართალდამცავების არასწორი მანევრის გამო პროტესტი გამოხატა, პატრულმა დააკავა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჟურნალისტმა თამო კეშელავამ გადაიღო და მომხდარს სოციალურ ქსელებში პოსტიც უძღვნა:

„კი, მე გადავიღე ის ვიდეო, კი, ჩემი ხმაა და ის ბიჭი ჩემი ძმაა. ჩემი უკეთილესი, უპატიოსნესი ძმა, მთელი ცხოვრება მუშაობს, პირდაპირი გაგებით - მეხუთე კლასიდან, ყოველ ზაფხულს მუშაობდა, რომ სასექტემბროდ თავისი ფულით ეყიდა სასკოლოდ ტანისამოსი და ნივთები.

ახლა სამი შვილის მამაა, გადასახადებს იხდის, პატიოსნად ცხოვრობს. კი, მე ვიყავი აღელვებული, ცოტა ხნის წინ, იგივე საპატრულო მანქანამ ისე დაარღვია მოძრაობის წესები, რომ კინაღამ დაგვხოცა.

თავად ამბობს ვიდეოში, რომელიღაც მანქანამ საავარიო სიტუაცია შექმნაო - რომელმა მანქანამო ვკითხეთ და გაჩუმდა. დაიწყო გაზეპირებული ტექსტით საუბარი, გამოიძახეთ პატრულიო.

თუ დაინახა, რომ რომელიღაც მანქანამ საავარიო სიტუაცია შექმნა, იმას რატომ არ დაედევნა? მაგრამ, თავად შექმნა საავარიო და თავის თავს რომ ვერ დაედევნა, ჩვენ დაგვადგა.

ყველა კადრი ვერ გადავიღე, როგორც ნახავდით, მეც მიშლიდნენ გადაღებაში ხელს, სამანქანო გზიდან გადასვლას მთხოვდნენ, თავად ჩემს ძმას სამანქანო გზაზე ათრევდნენ და მე უნდა გადავსულიყავი, თავისი ძმა დატოვონ ეგრე. ახლა რომ ვწერ, კიდევ უფრო ვიაზრებ და მიკვირს, ავღელდი კი არა, რომ არ გავგიჟდი.

მიკვირს, როგორ გმირულად, ბოლომდე შეიკავა ჩემმა ძმამ თავი და არ შეუგინია არც ერთხელ. დაზიანება აქვს ხელის და თავის. პატრული კი საქალაქო სასამართლოში სიცილით დადიოდა, კმაყოფილი, ათჯერ ვკითხე სახელი და არ მიპასუხა, გვარი მომაძახა ერთხელ და მორჩა. სამაგიეროდ, საქალაქო სასამართლოს ეზოში დამემუქრა - თუ არ გაჩუმდები, დავაჭერინებო.

ჩემი ტელეფონი დამჯდარი იყო და ვერ გადავიღე, მაგრამ, ხომ იძახიან, ჩვენი ვიდეოთვალია სულ ჩართულიო. სამ ადამიანს ესმოდა ეს მუქარა. წარმოდგენაც არ მინდა, სხვებს რას დამართებენ, სხვებს, ვისაც ვიდეო არ გადაუღია, ვინც შეიგინა, ვინც შეშინდა მუქარაზე. არა, მე არ გავჩერდები, რა მუქარა, ჩემი ძმა გაიმეტეს და ქვაფენილზე ათრიეს, დამაცადეთ ავდგეო, რომ ეძახდა, ის ბიჭი ათრიეს და მეტი რაღა უნდა მიყონ.

დაიჭერთ და გავაჩერებ პატრულს და მეც დავაჭერინებ და ვათრევინებ თავს, მერე ჩემი შვილი გააკეთებს იგივეს, მერე ბიძაჩემი, მამიდაჩემი, მეგობრები - რამდენს დაგვიჭერთ, მოდით, დაგვიჭირეთ“ - წერს თამო კეშელავა.