14 სექ 2018 18:11 1322

ეს შესაძლოა, ასობით ლარი იყოს, გესმით რა ხდება ჩვენს თავს? - კონსტანტინე გამსახურდია მძღოლებს აფრთხილებს

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

მძღოლების საყურადღებოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტყობა ძალიან სარფიანი შემოსავლის წყარო მოძებნა - ეს არის .. ჭკვიანი რადარები თუ კამერები, რომლებიც "ცენტრში" გზავნიან ფოტოებს თუ ვიდეოებს და შემდეგ SMS-ით მოგდით ჯარიმა.

 

მათი მთელი "სიჭკვიანე" ერთ პრინციპში არის - ოდნავ თუ გადაგიცდა ბორბალი ხაზზე ან თუ ღმერთი გაგიწყრათ და ყვითელზე გაიარეთ, დაჯარიმება ბირკასავით ზედ გაქვთ. (არადა ზოგიერთი შუქნიშანი მწვანეს რამოდენიმეჯერ ანთება-ჩაქრობით არ გატყობინებს, რომ ყვითელი აინთებ)

 

 

თან გაუწყებენ, რომ გარკვეულ ხანში ჯარიმას ვირტუალურ სივრცეში გამოაქვეყნებენ და ის 30 დღეში ჩაბარებულად ითვლება. ამის შემდეგ კი ეშმაკმა უწყის რამდენჯერ გაზრდილი საურავი ეკისრება ადამიანს.

 

საოცარია, ნეტავ რომელი ცივილიზებული ქვეყნიდან გადმოიღეს ეს პრაქტიკა? ყველგან ევროპაში (და არამარტო შვეიცარიაში) ფოსტის კურიერმა უნდა გადმოგცეს ქვითარი და ხელს აწერ, რომ ჩაგბარდა.

 

წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს არა აქვს ვირტუალურ სივრცესთან წვდომა. ცხადია, საურავი არ აცდებათ და ეს შესაძლოა ასობით ლარი იყოს. გესმით რა ხდება ჩვენს თავს?“ - წერს კონსტანტინე გამსახურდია.