08 ნოე 2018 19:15 541

დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები წლებია აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში- თავდაცვის სამინისტრო

 

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში.


იზორიას უწყება მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წევრებს მოუწოდებს, ნუ ეცდებიან შეიარაღებული ძალების რამე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, კონკრეტულად კი გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთა. პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია, სამხედო ფორმით პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში"- აღნიშნულია განცხადებაში. .

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა დევი ჭანკოტაძე წინასაარჩევნოდ მიმართვა გაავრცელა. ჭანკოტაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.


დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.