13 ნოე 2018 19:04 6690

შვილმა და რძალმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო მცემეს - ოჯახური ძალადობა ვეჯინში

 

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო ოჯახში ძალადობისც კიდევ ერთ ფაქტს იძიებს. შესაძლოა, ამაში უჩვეულო არაფერია და სამართალდამცველებს მსგავსი ფაქტების გამოძება ხშირად უხდებათ, თუმცა ეს ალბათ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ინცინდენტს პოლიტიკური სარჩული აქვს.

სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამტკიცებს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს.

 

-„ჩემმა რძალმა თავიდანვე იცოდა, რომ ხმას „ნაციონალებს“ არ მივცემდი. 40 ლარი მომიტანა და მითხრა, ეს ელმირამ (ელმირა ბეციაშვილი- ვეჯინის ამბულატორიის ექიმი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) გამომატანა, აიღე და მაგათ დაუჭირე მხარიო, 40 ლარი კიდევ მე მომცაო. ფული არ გამოვართვი, ვუთხარი, მაგათ როგორ მივცე ხმა, ელმირასთან ამბულატორიაში მივედი ერთი წლის წინ და უარით გამომისტუმრა, არ გამსინჯა, ვისაც ირჩევ, იმათ გაგსინჯონ ისევო. რძალმა რომ გაიგო, ხმა „ნაციონალებისთვის“ არ მიმიცია, გუშინ წინ ცემით მომკლა და დამკბინა. ეს პირველად არ მომხდარა, სამ დღეში ერთხელ მცემს. აქამდე თავს ვიკავებდი გახმაურებისგან, შვილშვილები მყავს და ვამბობდი, თავი მოეჭრებათ-მეთქი. გუშინ კი პოლიციაში წამოვედი და ვიჩივლე. ასეთი არაფერი გამიგია, შვილი და რძალი იმის გამო მკლავენ, „ქართული ოცნება“ რომ ავირჩიე. “- ამბობს გულნაზი ცანკაშვილი.

 

გულნაზი ცანკაშვილის შვილმა და რძალმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეხება ამბულატორიის ექიმს ელმირა ბეციაშვილს, ის ბრალდებებს უაჰყოფს და აცხადებს, რომ ეს წინასაარჩევნოდ ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ მუხულშვილის მიერაა პროვოცირებული.

 

-„მე მათ თანხას ვერ გადავუხდიდი, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. ამავდროულად, ამას არ აკეთებს ჩემი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ყოვლად მიუღებელია. მე ნათია ყარაულაშვილთან (გულნაზი ცანკაშვილის რძალი) ვერანაირ ფინანსურ გარიგებაში ვერ შევიდოდი, რადგან ის სოფელ ვეჯინში არ აძლევს ხმას, თელავშია ჩაწერილი. ეს დიდი ტყუილია და ვიცი საიდანაც მომდინარეობს. მათ უბანში ცხოვრობს ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მუხულიშვილი. მან ვეჯინში პირველი ტურის წაგება ძალიან განიცადა და ყველა ბინძურ საქმეს მიმართავს. სამი დღეა მირეკავენ ჩემი პაციენტები, რომ თურმე მე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია შემიჩერდა და თვის ბოლოდან მოქმედი ექიმი აღარ ვიქნები. ყველანაირად ცდილობენ, შემაჩერონ, რაც არ გამოუვათ. მე მოვითხოვ ამ ცილისწამებისთვის პასუხი აგონ. თუ საჭირო გახდება, სასამართლოში შევიტან სარჩელს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მე გულნაზი ცანკაშვილს არ მოვემსახურე, ესეც სიცრუეა. ის ჩემი ბენეფიციარი არ არის. მას სხვა ოჯახის ექიმი ჰყავს. თუ იყო ისეთი შემთხვევა, რომ მისი ექიმი ადგილზე არ იყო, მე აუცილებლად მოვემსახურებოდი. არასდროს მომხდარა პაციენტი ჩვენამდე მოსულიყო და კონსულტაცია არ მიეღო. თუ ერთი წლის წინ ჰქონდა პრეტენზია, რატომ მანამდე არ თქვა, რაღა ახლა მოუნდა, წინასაარჩევნოდ.?!“

 

ელმირა ბეციაშვილის ბრალდებებს უარჰყოფს ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მუხულიშვილი.

 

-„რასაც ელმირა ბეციაშვილი მაბრალებს, ეგ სიცრუეა. არ ვიცი, ვერ გეტყვით ვინ ვის მისცა ფული, არც ცემის ფაქტს შევსწრებივარ. თუ ელმირა ბეციაშვილი არ ემსახურება ვინმეს, როგორც ექიმი, თავად მოსთოხოვონ პასუხი ამაზე. ხალხი ამბობს, რომ ზოგს არ ემსახურება, მაგრამ მე ამას ვერ დავადასტურებ. გულნაზი ცანკაშვილი კი არა, ჩემი ცხოვრების მანძილზე არავინ გამიქეზებია, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დიდი პრობლემები და უკვე ყველაფერზე მიდიან. ელმირა რას ამბობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. “ - განაცხადა ზურაბ მუხულიშვილმა.

 

სცემეს თუ არა ნამდვილად შვილმა და რძალმა ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ ეტაპისთვის უცნობია, შეცვლის თუ არა ის აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ პირვანდელ გადაწყვეტილებას მეორე ტურისთვის.

 

 

speqtri.ge