06 დეკ 2018 17:19 576

თამარ მეფესთან გაიგივება სრულიად მიუღებელია, ეს სრულიად განსხვავებული პიროვნებაა

 

მსახიობ გივი სიხარულიძის აზრით, სალომე ზურაბიშვილისა და თამარ მეფის ერთამანეთთან შედარება  ყოვლად მიუღებელია. გაზეთრეზონანსთანინტერვიუში სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა.

"ყველაფერს ზომიერება გააჩნია. მთლად ასეთი ლაპარაკი, თამარ მეფესთან გაიგივება სრულიად მიუღებელია, ეს სრულიად განსხვავებული პიროვნებაა თავისი ყველანაირი თვისებებით. თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი შესაბამისობაში არ მოდის", - აღნიშნა სიხარულიძემ.


სიხარულიძე მხატვარ თამარ ფოცხიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთან ვიხილოთ, ზურაბიშვილის შეურაცხყოფად აღიქვამს.
 
"ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა - ან ადამიანს გავაღმერთებთ და ცაში ავიყვანთ, ან მიწაში ჩავდებთ და გავანადგურებთ. ასეთი ლაპარაკი, მხატვარი ხატავს ახლა თამარ მეფესავით... ეს მგონი შეურაცხყოფა უფროა ამ ქალის მიმართ. მის გაპრეზიდენტებას მივესალმები, ღმერთმა ხელი მოუმართოს, საქართველოს ბედნიერება მოუტანოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია თამარ მეფესა და ზურაბიშვილს შორის პარალელის გავლება", - აღნიშნა სიხარულიძემ


ცნობისათვის, ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ, - ამის შესახებ მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

რეზონანსი