11 იან 2019 15:51 231

ავარიის საქმეზე ბრალდებულ სასწრაფოს მძღოლს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

 

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებული მძღოლს, შარდენ ონიანს  აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.


მოსამართლე რომან ხორავა დაინტერესდა, რა იყო მძღოლ ჩაძინების მიზეზი, გაარკვია თუ არა გამოძიებამ მძღოლის მუშაობის გრაფიკი და სამუშაოს ხანგრძლივობა, რაზეც პროკურორმა ხათუნა მოდებაძემ უპასუხა, რომ ჯერ პროკურატურას შესაბამისი ექსპერტიზის პასუხები არ აქვს.

როგორც ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე ამტკიცებს, იმის გამო, რომ სასწრაფოს არ ყავს სათადარიგო მძღოლები, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიოლოგიური გადაღლილი ყოფილიყო. მისი თქმით, ვირუსის გამო შექმნილ ვითარებაში გამოძახებები გახშირდა, სასწრაფოს მძღოლების შემოწმება კი არ ხდება, რასაც მსოფლიო სტანდარტი ითვალისწინებს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ეს არ არის მხოლოდ ერთი მძღოლის საქმე და ფაქტი სისტემაში არსებულ მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს. ადვოკატი ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს, რომლითაც მძღოლის ფიზიოლოგიური მდგომარეობა შემოწმდება.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 28 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შარდენ ონიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. ის "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" გადის მკურნალობას.

ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიას, რომელშიც სასწრაფოს მძღოლი მონაწილეობდა, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.