15 თებ 2019 17:43 1198

გურიაში ქურდმა სიძე-პატარძალი საწოლის გარეშე დატოვა

 

 

 

ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

 

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა.

 

ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი.

 

„მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე.  დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო.   დაცარიელებული დაგხვდა სახლი.  სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში“, - აცხადებს „გურიის მოამბესთან“ ერთ-ერთი მეზობელი.