18 თებ 2019 17:59 561

17 წლის მოზარდი ღამეს ქუჩაში ათენებს

 

 

17 წლის ბიჭი, რომელიც ასპინძაში ჯერ ბავშვთა სახლში და შემდეგ ერთერთ ადგილობრივთან მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, ღამეს დაბის ქუჩებში ათენებს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

 

ადგილობრივების განცხადებით, არასრულწლოვანი ასპინძის ქუჩებში, დაახლოებით, სამი თვის წინ გამოჩნდა. მას ღამით ხან პარკში სკამზე, ხან კი ერთერთი ბანკის შესასვლელში სძინავს. როგორც ამბობენ, რომ ბიჭი თავშესაფარზე უარს ამბობს და დღის განმავლობაში მხოლოდ იმით იკვებება, რასაც ასპინძაში მცხოვრებლები უყიდიან.

 

რამდენჯერმე შევთავაზე, წამოსულიყო ჩემთან სახლში ღამე გაეთია და ეჭამა, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობს, არავისთან არ სურს დარჩენა, ქუჩაში უნდა ყოფნა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

ასპინძაში მცხვრებლების თქმით, მოზარდი ხშირად დაბას ტოვებს და გარკვეული პრიოდის შემდეგ ისევ უკან ბრუნდება: „გააჩერებს მანქანას, ხან ახალციხეში მიდის, ხან ხაშურში, შემდეგ ისევ ასპინძაში მოყვება ტრანსპორტს. რამდენიმე დღე რჩება და ისევ მიდის“.

 

17 წლის ბიჭი ლანჩუხუთის მკვიდრია. იგი აქ მამასთან და დედინაცვლათნ ერთად იზრდებოდა. ოჯახის წევრები ბავშვს მათხოვრობას აიძულებდნენ, ამიტომ დაახლოებით, 2010 წელს, იგი ასპინძის ბავშვთა სახლში მოხვდა. თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ბავშვთა სახლი დაიკეტა, იგი ამავე სახლის ერთერთმა თანამშრომელმა მინდობით აღზრდაში აიყვანა.

 

ბავშვის მამას გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა. ბიჭი ქუჩაში მათხოვრობისას ვიღაცამ ნახა და ბავშვთა სახლში მოიყვანა. როცა დაიხურა ეს სახლი, მე ავიყვანე ბავშვი მინდობით აღზრდაში“, – გვითხრა 17 წლის ბიჭის ყოფილმა მეურვემ ასპინძაში, რომელთანაც მოზარდი შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

მისივე თქმით, ბიჭი სახლიდან ნოემბერში გაიქცა: „კარგად ვუვლიდი, თავს კარგად გრძნობდა, თუმცა როგორც კი წამოიზარდა აღარ ჩერდებოდა. სახლიდან წავიდა და მას შემდეგ ვეღარ მოვიყვანე, ქუჩაშიც კი თვალს მარიდებს რომ მხვდება“.

 

ყოფილი მეურვე ამბობს, რომ ბიჭი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა: „ისევე როგორც მის მამას, მოზარდსაც გონებრივი ჩამორჩენა აქვს“.

ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის რეზო თამაზაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ბიჭი სახლიდან წამოვიდა, იგი ორ სხვადასხვა თავშესაფარში მიიყვანეს, თუმცა არცერთგან არ გაჩერდა და ისევ ასპინძაში დაბრუნდა.

 

ტომები მაქვს დაწერილი ლამის ამ ბავშვის საქმეზე, საქმის კურსში ვართ ყველა, მუდმივად ახაახლი თავშესაფრის ძებნა გვიწევს მისთვის, იქნებ სადმე მაინც გაჩერდეს. ამბობს ქუჩაში მინდა ყოფნა და თავშესაფარი არ მჭირდებაო, არადა რას ჭამს, რას სვამს და სად ათევს ღამეს კაცმა არ იცის, მოძრავი ბავშვია და ერთ ადგილზე არ ჩერდება“,– ამბობს რეზო თამაზაშვილი.

 

მისივე თქმით, ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთერთ თავშესაფართან: „იქნებ იქ მაინც მოეწონოს გარემო და გაჩერდეს, ბოლო პერიოდში თავის ოჯახშიც კი ჩავიყვანეთ მამამისთან, მაგრამ იქიდანაც გამოიქცა“.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტიქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ უსახლკარო ბავშვების შემთხვევაში, სახელმწიფოს თავშესაფრის მოძებნა, ან სახოვრებელი ფართის გამოყოფა ევალება: „თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ქუჩაში სურს ცხოვრება და არსად ჩერდება, ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს ბიჭთან და დაადგინოს იქნებ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ასევე გაარკვიოს რატომ გრძნობს ყველაზე დაცულად თავს ქუჩაში, რომ თავშესაფარი არ უნდა“.

 

ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოზარდთან ფსიქოლოგიც მუშაობდა: „იმის გამო, რომ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონოდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოვათავსეთ, სადაც 10 დღე იყო, თუმცა გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონდა და დაწესებულებაში ვერ დარჩებოდა“.

 

ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ რატომ ურჩევნია მოზარდს სახლს ქუჩაში ყოფნა: „მას თუ რთული ბავშვობა ჰქონდა და მშობელი ძალადობდა მასზე, ბუნებრივია მის ფსიქიკაში ეს კვალს დატოვებდა. თუ გონებრივადაც ჩამორჩენილია, ბუნებრივია რომ არაადვექვატურია და თავის ქცევებს და აზრებს ვერ აკონტროლებს, ამიტომ აუცილებელია კარგი დაკვირვება და რეალური მიზეზის მიგნება“.

 

სამხრეთის კარიბჭე