19 თებ 2019 00:01 527

„როგორც თავად მამუკა ხაზარაძე მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც“

გადაცემაში „იმედი live“ იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა მამუკა ხაზარაძესა და თიბისი ბანკზეც ისაუბრა:

„ამ ეტაპზე რასაც ყველა ვხედავთ, ორი პროცესია. ერთია, საზედამხედველო პროცესი, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და იქ, ალბათ, ძნელია რაიმე გადაცდომაზე, ფარგლებიდან გასვლაზე იყოს საუბარი. რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, ეროვნული ბანკი აკეთებს იმას, რისი კეთებაც ევალება. ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ თავად ბატონი ხაზარაძე და სხვა ხელმძღვანელები, ვისაც ეს ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, და იმედი მაქვს რომ ასეც მოიქცევიან, რომ მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა არ დააზიანოს ბანკი. ასე რომ არ მოხდეს, ეს მთლიანად მათ ხელშია, იმიტომ რომ, თუ მაგალითად ჩემ მიმართ იქნება კითხვები, მე არ უნდა ამოვეფარო ჩემს სამინისტროს, ხომ?!

- თქვენ ფიქრობთ, რომ ის ბანკს ეფარება?

თეა წულუკიანი: არა, მე არ მითქვამს, რომ ასე ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ, ეს არის ძლიერი და სანდო ინსტიტუტი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. არ მგონია, არ მეჩვენება და არ მსმენია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვები. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე. გადაწყვეტილების მიმღები პირები ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან და ალბათ ისინი არ იზამენ იმას, რომ თუ მათ შეექმნებათ პრობლემა, იმიტომ რომ რაღაცაში იყო საქმე, გადაიყოლებენ ინსტიტუტსაც. იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს აბსოლუტურად არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად განაგრძობდეს ფუნქციონირებას. ამიტომ ბურთიც მისია, მოედანიც მისია, ვგულისხმობ ბატონ მამუკას და როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. თუმცა ის, რომ კითხვა არ დამისვათ, იმიტომ რომ დიდი ბანკირი ვარ, მგონი არასწორი პოზიციაა.“

 

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლის სურვილს, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს მას არ შეუმჩნევია:

„თუ მას სურს პოლიტიკაში ყოფნა, დღეს პოლიტიკურ ველზე შემოსვლას არავინ არავის უკრძალავს, მაგრამ მე არ შემიმჩნევია, რომ ეს მისი მიზანია.“