11 მარ 2019 12:00 6277

„ჩვენ ფეხებსაც ვერ მოგვჭამთ, მაგრამ რა დააშავეს სხვა ემიგრანტებმა?“

 

 

საფრანგეთში მცხოვრები, საქართველო-საფრანგეთის თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

 

„ძვირფასო“ ხელისუფლებავ!

 

თქვენს მიერ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემიგრაციას და ემიგრანტებს ეხება, რამდენჯერმე ყურადღებით გადავიკითხე, მაგრამ შეუძლებელია რეგვენთა ნაფიქრალს სიღრმისეულად ჩასწვდე და ზუსტად გაიგო რა სურს (???)

 

„პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი სპეციალური მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუ ის მოქალაქეს უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანს ან უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისას დაეხმარება.”

 

პ.ს. რამდენადაც ვიცი საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა კანონის შესაბამისად დასჯადია, მაგრამ უცხო ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების დახმარებისთვის, რატომ გადაწყვიტეთ ვირის აბანოში გამიშვათ, ეს ნამდვილად გაუგებარია.
თქვენ გსურთ, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ ათასობით უდანაშაულო მოქალაქე კრიმინალად გამოაცხადოთ?

 

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნიდან სწორედ „ქართული ოცნების“ არასწორმა და უნიათო ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია და თქვენ გინდათ, რომ ის ადამიანები დასაჯოთ ვინც, მათ რთული ემიგრაციული ცხოვრების შემსუბუქებაზე ზრუნავს?

 

შეგახსენებთ, რომ ეს პირადად მე არ მეხება, ვინაიდან ჩემი ორგანიზაცია რეგისტრირებულია საფრანგეთში და ეს ქვეყანა ემიგრანტების დასახმარებლად კი არ მდევნის, არამედ მაფინანსებს და ხელს მიწყობს, მაგრამ რა დააშავეს ადამიანებმა, ვინც თქვენგან განწირული, დევნილი და გაუბედურებული ადამიანები შეიფარა?

 

იცით რამდენი ადამიანს და მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს შევუნარჩუნეთ თქვენგან განწირული სიცოცხლე და ჯანმრთელობა?

 

იცით რამდენი ადამიანი გველოდება ყოველ დღე, იმისთვის რომ ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული სერვისი, როგორიც არის იურიდიული კონსულტაციები და საადვოკატო მომსახურება უფასოდ მიიღონ?

 

და იცით თუ არა, რომ ამ სერვისს ემსახურებიან ფრანგი სპეციალისტები, ადამიანები რომელებიც თქვენს რისხვას გამოქცეულებს ღიმილით და თავაზიანად ხვდებიან?

 

იცით თუ არა, რომ ფეხებსაც ვერ მოგვჭამთ „ჩვენ”, მაგრამ რა დააშავეს სხვა ემიგრანტებმა, რომლებმაც საკუთარი სახლის და გულის კარი გაუღეს იმ გაჭირვებულებს ვინც უსახლკაროდ დარჩა ღია ცის ქვეშ უცხო ქვეყნის მიწაზე?

 

მოგმართავთ თქვენ ემიგრანტებო!

 

მე არ მეშინია თქვენი ხელისუფლების. ჩემს ინტერესებს იცავს საფრანგეთის სახელმწიფო და ასეც რომ არ იყოს, თუ თქვენ თვლით რომ ჩემი დახმარება გჭირდებათ მე მზად ვარ ნებისმიერი რისკის მიუხედავად ხელი გამოგიწოდოთ!“