15 მარ 2019 00:31 347

მძიმე კადრები - რა დაზიანებები აქვს მიყენებული საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლ კვარაცხელიას (ფოტოები)

ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი - „კურიერის“ მოპოვებულ ფოტოებზე ის დაზიანებები ჩანს, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას მიაყენეს. ნაბაკევში რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილს მარჯვენა თვალთან ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვის საგნით აქვს მიყენებული.

დაზიანებები აქვს შუბლის არეშიც. სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება ყელზეც. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ კვარაცხელია ნაწამებია, რადგან მას დაზიანებები აქვს წელისა და ფეხის არეშიც.

სენაკში გადასვენებამდე ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდა. მთელი ღამის განმავლობაში სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში სპეციალისტები იმ დაზიანებებს სწავლობდნენ, რომელიც რუსულ ბაზაზე საქართველოს მოქალაქეს მიაყენეს. დადგინდა, რომ ქართული მხარისათვის ცხედრის გადმოცემამდე ის სოხუმში გაკვეთეს, თუმცა რა მანიპულაციები ჩაატარეს ოკუპირებულ აფხაზეთში, უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. საოკუპაციო ხაზთან დაკავების შემდეგ იგი რუსმა ჯარისკაცებმა ნაბაკევის ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ელექტროშოკი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ დროს დაემართა გულის უკმარისობა საქართველოს მოქალაქეს.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიებისათვის მთავარი მოწმეების ჩვენება იქნება. ხალხი გაღმა ნაპირიდან უკვე მეორე დღეა, ჰყვება, რომ დაკავების მომენტიდან გარდაცვალებამდე კვარაცხელია ძალადობის მსხვერპლი იყო.

ირაკლი კვარაცხელიას საქმემ დასავლეთს კიდევ ერთხელ დაანახა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის სისასტიკე. ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ მცოცავი ოკუპაცია საშიშია და ეს რისკები ბრიუსელში კარგად იციან.

ნაბაკევში რუსულ სამხედრო ბაზაზე დაუდგენელ ვითარებაში 29 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი ადამიანის უფლებებზე ამერიკის მომზადებულ ანგარიშში მოხვდება.

rustavi2.ge