15 მარ 2019 00:55 2752

„ნეტა მაგ კაცის სიკვდილი არ გამეგო და თუ გინდა დედაჩემი მომკვდარიყო მერჩივნაო“

ბლოგერი დავით სამხარაძე მორიგ სახალისო ისტორიას აქვეყნებს:

„მოკლედ, ბებიაჩემის ნათესავი გარდაიცვალა სოფელში და ბებომ თქვა, რომ არ წავიდეთ არაფრით არ გამოდისო...
მე, ძალიან გამიხარდა ამ კაცის სიკვდილი... იმიტომ კი არა რომ არ მიყვარდა?! უბრალოდ სკოლას გავაცდენდი და სოფლის ვოიაჟიც არ იყო ცუდი... 
მამაჩემს საშინლად არ უნდოდა წამოსვლა...
უამრავი რამე მოიმიზეზა ამისთვის,
მაგრამ დედაჩემმა ყველა გზა მოუჭრა მაინც...
ისიც კი თქვა;
მე, მაგ კაცს კუბოში ვერ ვნახავ, არ შემიძლიაო...
არადა სულ ერთხელ ყავდა ნანახი, ისიც მაშინ, სანამ სიძე გახდებოდა...
ბებომ, უმალ აღიდგინა მის დაობებულ მეხსიერებაში და შეახსენა, მამაჩემის ქორწილში რომ 50 მანეთი ჩააწერინა და მამაჩემსაც გაახსენდა ეს სიკეთე...
პაპაჩემმა თქვა;
ნეტა მაგ კაცის სიკვდილი არ გამეგო და თუ გინდა დედაჩემი მომკვდარიყო მერჩივნაო, მაგრამ ბებო მიხვდა საითაც მიყავდა "ბაზარი" და შავი საროჩკა გამოუღო, თან დასძინა;
დედაშენს ისედაც არ უწერია დიდი დღეო!
მოკლედ, სრული შემადგენლობით წავედით სოფელში... მართალია, მოწყენილი სახეებით, მაგრამ მაინც ბედნიერები...
ხაშლამამ მაინც გაამხიარულა პაპაჩემი ასე თუ ისე, ამიტომ დილით პირი არ დააკარა საუზმეს და მშიერი წამოვიდა...
გზად დიდი "ვენოკი" ვიყიდეთ წარწერით "შენ არ მომკვდარხარ! შენ გარდაიცვალე"
მძღოლმა თავი გაიგიჟა;
ეს ვენოკი წინ არ დადოთ, თორემ გასვენების ხალხი ვეგონებით და ხელს აღარავინ გამიქნევსო!
ამიტომ, მამაჩემს დავაჭერინეთ ხელში, უკანა სკამზე...
მცხეთას რომ მივუახლოვდით, უცებ რაღაც მოხვდა მარშუტკის მინას და გაიბზარა...
მძღოლმა ისე მაგრად დაამუხრუჭა, მამაჩემი ზემოდან დაეცა ბებიაჩემს თავისი ვენოკით...
თავიდან გვეგონა, მანქანამ ქვა ხომ არ გამოისროლა საბურავიდანო, მაგრამ არც წინ და არც უკან არცერთი მანქანა არ იდგა...
მერე როგორც გავარკვიეთ, ყვავს აეტანა კაკალი ჰაერში და გასატეხად ჩამოუგდია ტრასაზე...
მოკლედ, გზა კი განვაგრძეთ, მაგრამ ეს ყვავი არ მოგვშორდა და ზემოდან დაგვჩხაოდა ფანჯრებთან...
ბებომ თქვა, კარგის ნიშანი არ უნდა ოყოს ესო და პირჯვარი გადაისახა...
მგზავრებთან ერთად, მძღოლიც ცრუმორწმუნე აღმოჩნდა და ჯერ სვეტიცხოველთან შეაჩერა მანქანა და იქ გადავიწერეთ პირჯვარი, მერე ჯვრის მონატსტრის მხარეს შევბრუნდით ყველა და ეხლა იმ მხარეს აღვავლინეთ ლოცვა...
მერე, იგოეთთან, ხურდებიც გადავყარეთ პატარა ეკლესიასთან, სადაც კაცი დაბოდიალობდა მგნიტიანი ჯოხით და ხურდებს აგროვებდა...
სეტყვასავით რომ იწვიმა ხურდებმა, ამ კაცმაც ჩვენთან ერთად გადაისახა პირჯვარი...
როგორც ჩანს უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვანი და მშვიდობით ჩავაღწიეთ ქარელს....
იქიდან უკვე ცხვირიანი ავტობუსით უნდა წავსულიყავით სოფელში და მოცდა მოგვიწია სინკარებით შეკრულ მოსაცდელში...
ბებო მოუსვენრობდა, არ დაგვაგვიანდესო და გზისკენ ეჭირა თვალი, ავტობუსის მოლოდინში...
მამაჩემი კენჭს აგორავებდა ფეხსაცმლის ჭვინტით და რაღაც გაურკვეველ მუსიკას უშტვენდა...
თავიდან მაკარენას მივამსგავსე, მერე თითქოს კოკოჯამბოს, მაგრამ ბოლოს მერაბ კაშიას სიმღერა აღმოჩნდა "მინდა გაგებუტო ხანდახან"...
შემთხვევით, ბებომ ქუდი შენიშნა ბუჩქებში და დააკვირდა სათვალის ქვემოდან...
ცოტა რომ გამოძრავდა, კაციაო თქვა და ახლოს მივიდა...
იქ მართლაც აღმოჩნდა კაცი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა...
ბებომ ავტობუსის განრიგი ჰკითხა;
ხომ არ იცი როდის იქნებაო ავტობუსი?
მალე მოვაო... კბილებში გამოსცრა კაცმა ეს სიტყვები და ისევ ჩაღუნა თავი...
რომ მოგვიახლოვდა ბებო, დაგვამშვიდა, მალე მოვა ავტობუსი და მოვემზადოთო...
რისთვის მოვემზადოთო? მამაჩემმა...
გაქანებულს ხომ არ შევახტებითო?
ამ დროს, სიომ დაუბერა და იმ ბუჩქიდან, სადაც ის კაცი იჯდა, ტრაკში ამოსმული ქაღალდები მიმოფინა ჩვენს ვენოკთან...
მეტი დასაჯდომი ადგილი ვერ ნახა ამ უპატრონომ, მიწამ შეუჭამოს ტრაკიო...
გაბრაზდა ბებო...
როგორც იქნა გამოჩნდა ჩვენი ცხვირიანი ავტობუსი და ჩავჯექით...
მამაჩემი ისევ იმ მუსიკას უშტვენდა, ოღონდ უფრო ხმადაბლა, ვიდრე წეღან...
რომ ჩავედით, ბებომ როგორც კი ფეხი ჩადგა ავტობუსიდან, წივილ-კივილი მორთო;
არ მჯერა, არ მჯერაო, მაგრამ ირგვლივ რომ ვერავინ დაინახა, ისევ გაჩუმდა და ჩუმად გავუყევით ორღობეს...
ხაშლამის სურნელი იდგა ირგვლივ...
დიდ ცეცხლზე თუხთუხებდა გამურულ ქვაბში ხაშლამა და გარშემო მკლავებ-აწეული კაცები დარბოდნენ, ზოგი მწვანილით, ზოგი მარილით, ზოგიც უბრალოდ ყვერებს იფხანდა სპორტული შარვლის გარედან...
იქვე ბავშვებიც დარბოდნენ ლიმონათის ბოთლებით და დაჭერობანას თამაშობდნენ...
ერთ-ერთმა კაცმა უთხრა მეორეს;
მოდი დავნიძლავდეთ ამას ფანჩარი ჯერ არ ექნებაო...
მეორემ თქვა, როგორ არ ექნება?! უკვე დიდიაო...
ამ ბავშვმა ცოტა დაიმორცხვა, მაგრამ რომ გაიგო "მაროჟნზე" დაიდო სანაძლეო, მივიდა და ჩაიხადა შარვალი...
ამ კაცს ჭიქით წყალი ქონდა მომზადებული და ტრუსიკში ჩაასხა ამ ბავშვს...
იქ მყოფმა კაცებმა, ბევრი იცინეს ამაზე...
მერე ხარხარში რომ გადაიზარდა, ერთმა თქვა;
ჭირი და ლხინი ძმები არიან..
ხან ვიტირებთ, ხან ვიცინებთ, მა როგორ გინდათო?!
მერე, ემალის "კრუშკაში" არაყი ჩამოასხეს და რიგრიგობით შესვეს სიცოცხლის სადღეგრძელო...
ჭირისუფლები გარეთ იდგნენ კარებთან და მომსვლელს ათვალიერებდნენ...
დრო და დრო კივილის ხმა ისმოდა სახლიდან...
ჩვენ რომ მივუსამძიმრეთ, პაპაჩემმა იკითხა, რა მოუვიდა საწყალს, რა მოხდაო?
კი იცოდა რომ გულით გარდაიცვალა, მაგრამ მაინც იკითხა...
გულმა უღალატა, გულმაო.. მჯიღი დაირტყა გულზე, ჭირისუფალმა...
რას ამბობო? პაპაჩემმა, თქვა და ოთახში შევედით, სადაც მიცვალებული ესვენა...
იქ ბევრმა უთხრა მიცვალებულს, ადექი ბიჭო, ლალაზო მოვიდა, შენი ლალაზო, შენი კუდრაჭაო, მაგრამ არ ინძრეოდა მიცვალებული...
სახეზე ისეთი შავი იყო, ბონიემის სოლისტს გავდა... თმაც ზუსტად ისე ქონდა გაფუებული...
მოკლედ, სამჯერ მიაჯახუნეს კუბოს თავი კარებს და გაუყენეს გზა-მართალს...
თითო მუჭა მიწა მიაყარა ყველამ, ვისაც გული დაწყვიტა ჯემალამ და გამოვემშვიდობეთ სამუდამოდ...
ქელეხის სუფრა "პალატკის" ქვეშ იყო გაშლილი მთელ სიგრძეზე...
კაცები, შავი და ყავისფერი ტყავის კურტკებით ისხდნენ, ქალებში უფრო წითელი ფერის ჟაკეტი ჭარბობდა...
იმის გამო, რომ დაპატიჟებული ხალხის ნახევარიც კი არ მოვიდა, ხაშლამა ოთხჯერ ჩამოატარეს სეფაში...
პაპაჩემმა ვერცერთხელ ვერ თქვა უარი და ოთხივეჯერ გადაიღო საუკეთესო ნაჭრები...
საფეთქლები უთამაშებდა, ისე ხარბად ღმურძლავდა მთელი დღის მშიერი...
ძვირფასი სუფრა იყო გაშლილი..
ფხალზე ნიგვზიანი ბადრიჯანი იდო, ბადრიჯანზე კუჭმაჭი, კუჭმაჭზე ხაჭაპური, ხაჭაპურზე მჟავე, მჟავეზე მწვანილი, მწვანილზე ხიზილალა კარაქთან ერთად... მოკლედ, პირამიდასავით იდო ერთმანეთზე თეფშები...
ტუალეტი ცოტა მოშორებით იყო და მთელი ოთხი მაგიდის ხალხი უნდა აგეყენებინა, რომ გასულიყავი მოსაფსმელად... ამიტომ, გამოცდილმა კაცებმა პალატკა ჩახსნეს ორგან და იქიდან სარგებლობდნენ...
თავიდან ცოტა შორს გადიოდნენ.. მერე, ცოტა რომ შეზარხოშდნენ იქვე ჩახსნილიდან ფსამდნენ რიგრიგობით...
ბებო ძალიან ბრაზობდა პაპაჩემზე...
არსად გამოსაჩენი ეს არ არის, სიტყვა პასუხი ამას არ უვარგა.. მარტო მიუშვი და რამე აჭამეო...
სამაგიეროდ თამადამ მოხიბლა ბებო..
ბრტყელ ბრტყელ სადღეგრძელოებს ამბობდა და მიმიკაც ისეთი ქონდა, თეატრალური...
ცოტა ხანში მისი ცოლი მივიდა მასთან და უთხრა;
ბავშვი სიცხიანი დავტოვე სახლში და წავალ მივხედავ.. შენ როდის მოხვალო?
ამან უთხრა;
მე როდის მოვალ ეგ შენი ტრაკის საქმე არ არის! მაგრამ, მე როცა მოვალ, შენ სახლში უნდა დამხვდეო!
ყველას მოეწონა ეს პასუხი..
რა მაგარი კაციაო ხალხმა, ყველამ ერთხმად...
სიძეების სადღეგრძელო რომ შეისვა, პაპაჩემმა მხოლოდ მაშინ აწია თავი თეფშიდან და მდლობაო თქვა...
ყველა დათვრა, ქალი კაცი...
ყველა რაღაცას იხსენებდა...
ერთმა თავის კურტკის ჯიბეში ჩაარწყია, გარეთ რომ ვერ გაასწრო, ერთი სკამიდან გადავარდა და ოთხი კაცი გადაიყოლა სკამიანად...
მოკლედ, ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობდა...
ბოლოს დაშლა არ მოშლის სადღეგრძელო რომ შესვს თამადამ, იღლიიდან ქუდი გამოიღო და დაიმხო თავზე...
მე ვიცანი ის კაცი...
ქუდით ვიცანი...“

×