15 მარ 2019 11:00 272

ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარში - სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

 

ინფორმაციას და დაკავების ამსახველ ვიდეომასალას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

 

დაკავებულებს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ. ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

 

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლისა და ფულის გამოძალვის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-მა გაასაჯაროვა. წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვს ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  წვევამდელი ამბობს, რომ ცემა სერჟანტის თანდასწრებით ხდებოდა. წვევამდელი ჰყვებოდა, რომ ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სამხედროს მტკიცებით, წვევამდელებისათის ფულის გამოძალვა ჯარში ჩვეულ პრაქტიკად იქცა.

 

გახრამანოვი ერთადერთი არ არის, ვინც ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტებსა და ზეწოლაზე საუბრობს. 

 

რუსთავი 2

×