19 მარ 2019 14:40 3099

„მის საფლავს ვერასდროს ვნახავ, არ მინდა...“ - გია ჯაჯანიძის სიყვარულის ისტორია

 

 

გია ჯაჯანიძის სასიყვარულო ისტორიებს შორის იყო ერთი გამორჩეული და განყენებული სიყვარულის ამბავი. ბევრმა იცის, ბევრმაც - არა, რომ გია ჯაჯანიძე, ცხოვრების ბოლო ექვსი წლის მანძილზე პოეტ იზა ორჯონიკიძეს უყვარდა.

 

2010 წლის 26 ივლისის გაზეთ „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა გიას ვრცელი ინტერვიუ, სადაც მან ამ ამბის ბევრი დეტალი გაიხსენა. 

 

გია ინტერვიუზე მისულა იზასთან. მისი არც ერთი ლექსი არ ჰქონდა წაკითხული. პოეტმა უკან გამოუშვა, ჯერ ჩემი ლექსები წაიკითხე და მერე მოდიო... 

 

„აქ დაიწყო ჩვენს შორის ფლირტი. მკაცრი, ინტელექტუალური, გავლენიანი ქალბატონი იყო. მკაცრი იმიჯი რომ თავდასაცავად ჰქონდა მორგებული, მე გავშიფრე. სამჯერ იყო გათხოვილი და ამბობდა, ჩემი ყველა სიყვარული შტამპად მაქვს პასპორტშიო.  ახლობლების მიმართ რატომ ხართ მკაცრი-მეთქი? გაჩუმდა და თითებზე დაიხედა. თვალები აუწყლიანდა... სერიოზულად გავბრაზდი, როცა მიხვდი, რომ ვთამაშობ, ადამიანებმა მაიძულეს, რომ ეს როლი ამერჩიაო, მითხრა. ინტერვიუდან რომ წამოვედი, ეს ქალი ამეკვიატა. გაზეთი რომ დაიბეჭდა, სახლში მივართვი. ყავა რატომ არ შემომთავაზე-მეთქი, ვკითხე. იმდენად საინტერესოდ ვსაუბრობდით, არც გამხსენებიაო“ - იგონებდა გია.

 

ერთხელ, პოეტთან მორიგი სტუმრობისას, გიას ფურცლის ნაგლეჯზე რაღაც ჩანახატი გაუკეთებია. შემდეგ ვიზიტზე მისულს ფურცლის ეს ნაგლეჯი „სერვანდის“ შუშაში შენახული დახვდა. მერე ლიტერატურის მუზეუმში მისულ გიას იზამ ლექსი დაახვედრა. 

 

„ეს არ იყო სიყვარული. ჩვენ ერთმანეთი გამოვიგონეთ. ზეაწეული გრძნობა იყო. ჩვენი გაცნობიდან ერთ თვეში იზა ისე შეიცვალა, თითქოს პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ხელჩაკიდებული დავდიოდით ქუჩაში, ტყეში... ეს ყველაფერი პოეტური იყო. ლექსს რომ დაწერდა, პირველი მე მიკითხავდა. შეგვეძლო წვიმაში გვესეირნა. ამ დრო ლიტერატურის მუზეუმში რომ შედიოდა, თანამშრომლები კედელზე გაკრული ხვდებოდნენ. თათბირზე უმკაცრესი იყო. ზამთარში ყველას დილის ცხრა საათზე იბარებდა. ერთხელ გაუფრთხილებლად დავადექი თავზე. გაბრაზდა. სანამ მაკიაჟი არ გაიკეთა, ჰოლში ნახევარი საათი მალოდინა. პომადის გარეშე ვერ ნახავდით. საზღვარგარეთ რომ მივდიოდი, მისთვის მუდმივად ჩამომქონდა პომადა. ქალის გული თუ გინდა მოიგო, პარფიუმერია უნდა აჩუქოო, ამბობდა. დიდი პოეტი იყო. პერიოდი უნდა გავიდეს, რომ კარგად გაიგონ იზა... ცხოვრებისგან ამდენი რომ არ მტკენოდა, ასე ვერ დავწერდიო, ამბობდა. დაბადების დღეს „დილის გაზეთში“ ოთხი გვერდი მომიძღვნა. ხომ გაგიხარდაო? არა-მეთქი, ვუთხარი. ყველა ლექსი რომ მოგეძღვნა, მაშინ გამიხარდებოდა-მეთქი. მე იზას მუზა ვიყავი ბოლოს. მეუბნებოდა, არ მომატყუო, თუ ჩემგან წასვლა გინდა, გზა ფართოაო... საათი ვაჩუქე. სანამ ყუთს გახსნიდა თქვა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო მაჩუქეო. გახსნა ყუთი და საათი შერჩა ხელში... სხვადასხვანაირად მომმართავდა - „ჩემო პაწიავ, ჩემო გიორგი“ - „საღამო მშვიდობისა, დიდო ბატონო გიორგი...“

 

მერე იზას უკურნებელი სენი შეეყარა, ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. საავადმყოფოში იწვა. გიას მისვლის წინ ფრჩხილებზე ლაქი წაისვა, მოემზადა. ბევრი უცინიათ. 

 

„სახლში რომ გადაიყვანეს, მისვლა და ნახვა ამიკრძალა. ტელეფონით ვეკონტაქტებოდი. დაიმახსოვრე, კარგად ვარო. როდის გარდაიცვალა არ მახსოვს... შვილებს გეფიცებით. არც პანაშვიდებზე მივსულვარ, არც მის საფლავზე, დიდუბის პანთეონში. ვერ მივალ... ერთადერთი რაც გავაკეთე, შევედი ეკლესიაში და პანაშვიდი გადავუხადე. მის საფლავს ვერასდროს ვნახავ, არ მინდა

 


პრაიმტაიმი