11 აპრ 2019 22:00 10428

«ერთი გაფრენა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გააფრინა და ადმინისტრაციიდან სულ «პადონოკის» ძახილით დაიფრინა რამდენიმე ადამიანი»

«ქართული ოცნების» ცალფაზიანობაზე უკვე ანეკდოტები დადის, რაც ამათ სჭირთ, კახურად ამას გამო...ვება ჰქვია, საკუთარი თანაგუნდელის გაგდებისას ფერები რომ ეშლებათ და წითელ-ყვითელი ღილაკის ფუნქციას და ფერის დანიშნულებას ვერ არჩევენ, გავიგეთ, მაგრამ «ოცნების» ლიდერს, მამუკა მდინარაძეს «კრიშა» რომ აეხადა, ამაზე ვიცინოთ თუ ვიტიროთ, საკითხავი აი, ეს არის. მოკლედ, ამ «მექანიკურ ფორთოხალს», რომლის გასაღებსაც თმაგაჩეჩილი ფსიქოპატი კობახიძე ინახავს, ეტყობა, აკუმულატორი დაუჯდა და მის ზომბ ძმებზე გასაგზავნ-გასახმოვანებელი ბესელიას სალანძღავი მესიჯი, თავად ეკა ბესელიას გაუგზავნა. ხედავთ, ხალხო, ვის ხელშია ქვეყანა? თქვე ჩემის ხმაარმოცემულებო, ეგრე რამ გაგაბოროტათ, რომ ბესელიას გარდა ვერაფერზე ვეღარ ფიქრობთ? ბიძინამ ხეები კი არ უნდა ათრიოს, თქვენ უნდა გაგათრიოთ მაგ პარლამენტიდან.

„ალიას“ კითხვებს იურისტი ვალერი გელბახიანი პასუხობს:

- ბატონო ვალერი, რასაც «ოცნების ხელისუფლება» სჩადის, ეს უკვე შიზოფრენიის კლინიკური გამოხატულებაა. როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება აფრენს?

- პასუხი თქვენს კითხვაშივეა. ამას წინათ ყოფილმა პარტმუშაკმა დამირეკა და ასეთი რამ მითხრა: საბჭოთა კავშირი ხომ მართლაც სიცრუეზე იყო აგებული, მაგრამ აი, ასეთი სიცრუე, რასაც ესენი სჩადიან, ყურებს არ გაეგონება, ეს რომ ბოლშევიკებს ენახათ, ისინიც კი გაოცდებოდნენო... ამათ ქვეშ ცეცხლი რომ იწვოდეს, მაინც იტყვიან ნირვანაში ვართ, რა ცეცხლი, თქვენ გელანდებათო. ასე რომ, ამ ცრუპენტელა და მატყუარა ხელისუფლებისგან უკვე აღარაფერი მიკვირს, იმდენად უზნეო და ამორალურ ყოფაში ჩაიგდეს თავი.

 - შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ «ნაციონალების» გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს «ქართული ოცნების» ხელისუფლება უქვეყნებს ოპონენტებს და რეალურად, ამ ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ფირები არ გაუნადგურებია? 

- არავინ იხსენებს იმას, რომ ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, 2012-13 წლებში კომისია მუშაობდა, 24 ათასი ფაილი გაანადგურეს. ეს იყო გარანტია იმისა, რომ ფაილები განადგურდა და მაშასადამე, არავითარი საფრთხე არავის არ დაემუქრებოდა. როგორც ჩანს, არაფერიც არ განადგურებულა, მისი ასლები დაიტოვეს. შესაბამისად, კომისიის მუშაობა იყო ფარსი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

 «ქართული ოცნება» ვერ შეეგუა ბესელიას «ქართული ოცნებიდან» გასვლას და ბოღმის, გაბოროტების გამო აღარ იციან, რა ქნან, ხან პულტები უფუჭდებათ, ხან მესიჯების ადრესატები ეშლებათ, ხან ვიღაც შემთხვევით ფარულ კადრებს ატვირთავს და 30-მდე ახალგაზრდა ადამიანს ციხეში ერეკებიან, ჯოხი გადატეხეს აბსოლუტურად სხვაზე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებზე, თანაც დაიჭირეს, ჯარიმა ან პირობითი სასჯელი მაინც მიეცათ. რა უბედურებაა, რომ ციხეში ერეკებიან ამ ხალხს?! დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის ინიციატორიც, კონსპირატორიც და ორგანიზატორიც «ქართული ოცნების» პარტიიდანაა. დააკვირდით ტექსტებს ტელევიზიაში, ტროლების ენით ლაპარაკობენ «ქართული ოცნების» მხარდამჭერები. მაგალითად, რომ ვუსმენ «ქართული ოცნების» მხარდამჭერს, რომელიც ამბობს, - თუ ვინმეს აწყობდა ეს, აწყობდა ეკა ბესელიას, რადგან ამით გაიკეთა რეიტინგი, ამიტომ ეს ბესელიას გაკეთებულიაო. წარმოიდგინეთ, რა დონის გარეწარი უნდა იყო, ეს რომ იფიქრო? ახსნას ვინმე ნორმალური ფსიქოლოგიის ადამიანმა, როგორ უნდა აწყობდეს ეს ქალს, რომ მის სექსს უყუროს 20 ათასმა ადამიანმა და ამის ხარჯზე გაიკეთოს პიარი. რა პოპულარობა უნდა მოიპოვო ამით? ადამიანებს გვაქვს პირადი ცხოვრება, ჩემი გადასაწყვეტია, მყავდეს საყვარელი თუ არა, ამის უფლება მომცა კანონმაც და კონსტიტუციამაც, ჩემმა პიროვნულმა თავისუფლებებმაც და ამ უფლებას არა მარტო შეზღუდვის საფრთხე აქვს, არამედ კომპრომეტაციის საფრთხის მატარებელია. საკუთარ ოჯახშიც რომ გადაგიღონ საკუთარ ცოლთან ან ქმართან, სახეც რომ არ ჩანდეს, ესეც კომპრომატია და უკვე თავდაცვა გიწევს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ვიღაცას სიამოვნებს და გულს იფხანს, თანაც ყველამ ვიცით, ვის სიამოვნებს ეს.

- რისი მიღწევა უნდა იმ ვიღაცას, ვისაც მეტსახელად «მგუდავი» ჰქვია?

- თვითონ რომ აკრიტიკებს ნიცშეს, არ მოსწონს და საკუთარ თავს ნიცშეზე მაღლა აყენებს. იმ ნიცშეს «ზარატუსტრა» აქვს დაწერილი. ნიცშეს ამ ნაწარმოებში ზეადამიანი ჰყავს გამოყვანილი და სამსაფეხურიან ზესვლას აკვალიფიცირებს: პირველი საფეხური არის ვირი - როგორც ვირი, ისე შრომობს ადამიანი თავიდან. მეორე საფეხურია - აქლემი, როგორც აქლემი აგროვებს წყალს თავის კუზებში, ისე აგროვებს ადამიანი დიდ ფულს თავის კუზებში. მესამე საფეხურის პერიოდია - ბავშვობის, ანუ ზეადამიანი ხდება ბავშვი ამაღლებულ პიედესტალზე. როგორც ბავშვი ერთობა სათამაშოებით, ისე ერთობა მესამე საფეხურზე მყოფი ადამიანი, «კაიფობს» სხვების ბედით. «ზარატუსტრას» ზეკაცის დაკვალიფიცირებული კატეგორიები ზუსტად მაგონებს ამ ადამიანის დღევანდელ ყოფას. ყველაფრით უზრუნველყოფილი ზემოთ ზის, ხელისუფლება ერთი ადგილას აქვს ამოდებული და ერთობა - ვიღაცას რაღაცას გამოუგორებს, ვიღაცას  გაუგორებს და ყველაფერი ამ კაცის ინტერესიდან ამოდის, როგორ გაერთოს. ის არის პროტოტიპი იმ ნიცშეს «ზარატუსტრასი», რომელიც თვითონ არ მოსწონს.

- როგორ ფიქრობთ, ამ თამაშებით რისი მიღწევა სურს?

- არაფრის, ძალიან პრიმიტიული ფორმულაა, ამ ადამიანს ფილოსოფიურად და პოლიტიკურად კი არ აქვს გათვლილი რამე, არამედ ძალიან მარტივად, სოვდაგრულად - ვიყიდი ყველაფერს და მბრძანებელი მაინც მე ვიქნები!.. გავერთობი სხვების ცინიზმით, ასეთი ავანტიურებით, მე ვიცინებ და ამათ თავი ახალონ ერთმანეთს.

- შეიძლება სულაც ბესელიას წირვა გახდეს ივანიშვილი?

- გაიხსენეთ, როდის გამოქვეყნდა პირველი კადრები ერთ-ერთი მინისტრის? სანამ ის დატოვებდა თანამდებობას, როცა წავიდა ალასანია ხელისუფლებიდან ისიც აიძულეს, რომ გაჰყოლოდა, რადგან ალასანიას წასვლის მიუხედავად, ის ჯერ არ იყო გადამდგარი მინისტრობიდან. კითხვა მაქვს, რატომ ემთხვევა პოლიტიკურ პროცესს პირადი ცხოვრების კადრები? ერთ შემთხვევაში კი არა, ყველა მსგავს პასაჟებში თანამდევი პროცესია პირადი ცხოვრების კადრები. ამიტომ, შემთხვევითი არაფერია, ეს არის ორგანიზებულად დაგეგმილი მართული პროცესი, რომელსაც ხელისუფლებაში ჰყავს ავტორებიც და ორგანიზატორებიც. მაინცდამაინც კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარი და სახელი არაა საჭირო, ისედაც ყველასთვის ყველაფერი ცნობილია. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. გაგრძელება ალბათ, იქნება. 24 ათასი ფაილია, თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა, სიტყვა ეთქმოდა, ან ცნობადი სახე იყო, ან ჟურნალისტი და ხელისუფლებაში თანამდებობა ეკავა, ყველაზე შეგროვდა თავის დროზე ფარული ჩანაწერები. ვთქვათ, ინგა გრიგოლია, როდის იქნა მის მიმართ გამოყენებული შანტაჟი? როცა «იმედიდან» გაუშვეს. «იმედი» სახელისუფლებო არხია და იქ ინგას ყოფნა აღარ შეიძლებოდა. მაგრამ ინგას რომ ხმა არ ამოეღო, ამიტომაც დაიწყეს მისი ღიად დაშანტაჟება. აქაც ემთხვევა პოლიტიკური შინაარსი. იგივე დააპირეს გვარამიაზე, მაგრამ გვარამიამ დაასწრო, ბრიფინგი მოაწყო, გამოვიდა და თქვა - მითხრეს, რომ არსებობს კადრები, რომელიც მოგსპობს ფსიქიკურად და როგორც ადამიანს, გაგანადგურებს. მე შეგუებული ვარ და გამოუშვით ეგ კადრებიო. ამიტომ აღარ გამოუშვეს, მაგრამ ცოტა რომ დაეცადა, ვიხილავდით გვარამიას კადრებსაც.

- ეკა ბესელიას მორალური განადგურების სცენარი კვლავ ძალაშია, არის ინფორმაცია, რომ მისი დაკავებაც იგეგმება...

- როგორც მოვკარი ყური, ეკა ბესელიას მიმართ კიდევ ამზადებენ შტურმს, მე მგონი, შვილის წინააღმდეგ რაღაც მასალებს აგროვებენ, არ შეეშვებიან ბესელიას, სანამ ბოლომდე არ გაანადგურებენ. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს და რამდენად გამართლდება ეს ინფორმაცია, ამაში დარწმუნებული არ ვარ, თუმცა არც ისეთი წყაროდან მაქვს, რომ არ ვენდო. არანაირი პოზიტივი «ქართულ ოცნებაში» არ იხარშება, ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ, რომ «ოცნებიდან» უნდა ველოდოთ სიბოროტეს. «ოცნება» ფიქრობს, თუ ბესელიას დავსჯით სამაგალითოდ და ეს იქნება განვრცობადი, ამას მოჰყვება შიშისმომგვრელი შედეგები. თუ ამას არ გავაკეთებთ, სხვებიც მიბაძავენ და დაიშლება უმრავლესობა. შიში რომ დათესონ, ამიტომ სამაგალითოდ უნდა დასაჯონ ერთ-ერთი მაინც, ამ შემთხვევაში ეკა ბესელია.

- წინ ძალიან დიდი სკანდალი გველის. არა მგონია, ბესელიამ ხელები ჩამოუშვას...

- ბესელიას მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მის დროს არცერთი დრაკონული კანონი არ შეცვლილა. ეს არის პირადად მაგის დამსახურება, მაგრამ ის დღეს აღარ არის ხელისუფლება, არის ოპოზიცია და ამიტომ თანავუგრძნობ, თუმცა მაგის მხარდამჭერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რაც მაგის თავს ხდება, ძალიან ვაჟკაცურად, ყოველ შემთხვევაში ემოციის გარეშე იგერიებს და ფსიქოლოგიურად არ გატყდა.

- ბატონო ვალერი, ჩემთვის პირადად ძალიან მოულოდნელი იყო და ცოტა სასაცილოც მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ლადო კახაძის დასახელება. ღარიბაშვილისგან ველოდებოდით, რომ სიახლის სიო დაგვიბერავდა და მივიღეთ აბსოლუტურად სხვა, როგორც ლადო კახაძე იტყოდა - უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებული სიყვარულის ნაყოფნი, ვერ გადაეჩვივნენ სარკოფაგიდან მუმიების წამოყენებას! ფიქრობთ, რომ «ქართული ოცნების» მატარებელი დეპოშია?

- ლადო კახაძე მაგათი იდეოლოგი არასდროს ყოფილა და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ლადო ლადოა, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ, კახაძე დაასახელეს არა პარტიული თანამოაზრეობის მიზნით, არამედ ძალიან უჭირს «ქართულ ოცნებას» კადრებში და რომ არ წააგოს, ამიტომ წარადგინეს. იგივე ხდება ზესტაფონში, მერობის კანდიდატი გოგლიჭიძე «ქართული ოცნების» მოწინააღმდეგე იყო ყველა წინა არჩევნებში, კაცი უნარშეზღუდულია და ეტლით დადის, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა «ოცნებას» ყველა არჩევნებში. იდეური მოწინააღმდეგე მოიყვანეს და ეუბნებიან, შენ უნდა იყო მერიო. აქედან გამომდინარე, «ოცნებას» უჭირს კადრებში და აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა, არის თუ არა მისი მომხრე, ოღონდ მოიგოს არჩევნები, ვინც არის ხალხის თვალში უფრო პატივსაცემი, სელექციას იმის მიხედვით აკეთებს და არა იდეური თვალსაზრისით, ლადო ამ ვითარების კლასიკური მაგალითია, დასჭირდათ ლადო, იმიტომ, რომ დიდი საკადრო დეფიციტი აქვთ, მოიძებნა ისეთი კაცი, რომლის მიმართ საზოგადოებაში აქამდე აგრესია არ ყოფილა. თუმცა 2016 წელს კენჭს იყრიდა იმ პარტიით, რომელიც «ქართულ ოცნებას» ებრძოდა.

- ლადო კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიიდან «ოცნებას» აკრიტიკებდა, მანამდე შალვა ნათელაშვილის პარტიაში იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ასე ძალიან აღიზიანებს...

- პოლიტიკას მორალი არ აქვს. შენ პარტიას ებრძოდი და იმ პარტიის კანდიდატი ხდები?! მე ლადოს პატივს ვცემ, მაგრამ ეს მთლად მეტისმეტია, ასე უსირცხვილოდ განაცხადო, რომ ამ პარტიას გმირულ პარტიას ვუწოდებ და მათთან ერთად გინდა, კარგით, რა, ყველაფერს აქვს თავისი ფარგლები და საზღვრები, მაგრამ კეთილმა ადამიანებმაც კი გადააბიჯეს ამ ზღვარს.

- ივანიშვილის ხიბულაში გამოჩენას, მოსახლეობისადმი კომუნიკაციების გაყვანის დაპირებას და იმ სახლის მუზეუმად გადაკეთებას უკავშირებთ თუ არა შუალედურ არჩევნებს? და კიდევ, როცა ის ამბობს, დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის საქმე აქამდე რომ გამოუძიებელია, სახელმწიფოს სირცხვილიაო... ვისი სირცხვილია? გამსახურდიას შვილები პროკურატურაში რომ შიმშილობდნენ და სახელმწიფოს ფეხებზე ეკიდა, ეს არ იცის ივანიშვილმა?

- თითქოს ოპოზიციაშია ივანიშვილი ხელისუფლებასთან და აკეთებს ეგეთ განცხადებას. აქაც ზღვარი არ არის, ფარგლები არ არსებობს. მე მოვუსმინე ძმების განცხადებას ეგ ერთი და მეორე, ხიბულა რა იყო? ნაციონალური, ერის მამა იყო ზვიადი და ვიღაცამ ურჩია, ჩადი და ეს გააკეთეო. ამით შეურაცხყოფას რომ აყენებს ზვიადსაც და თავის თავსაც, ვერ ხვდება?! მე მახსოვს, მისი ინტერვიუები ზვიად გამსახურდიაზე, როდესაც ივანიშვილი კრიტიკულად იყო განწყობილი, რუსულ პრესაში აქვს ეს ინტერვიუ მიცემული, სადაც ამბობდა: ზვიად გამსახურდიამ არ იცოდა ქვეყნის მართვა, ქვეყანა ომამდე მიიყვანა, სისხლი დაღვარა და დაანგრიაო. თვითონ სად მიჰყავს ეს ქვეყანა, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ საერთოდ, ბიძინა ვერ იტანს დიდ ავტორიტეტებს, ყველა ავტორიტეტი მისთვის არის სამიზნე, მთავარია, ყველა გაამტყუნოს და თვითონ იყოს ერთადერთი ავტორიტეტი ამ ქვეყანაში. თავის დროზე, სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა და ჯერ კიდევ მიშასთან იყო შეკრული, მუხრან მაჭავარიანმა მითხრა: ამ ადამიანს რომ ვუყურებ, სულ იმის განცდა მაქვს, რომ ამას ხელი არასდროს ჩამოვართვაო. რატომ-მეთქი, ვკითხე. ამ კაცში მხოლოდ ერთ რამეს ვკითხულობ - ბოროტებასო... მას ყველა ავტორიტეტი სძულს ამქვეყნად, მათ შორის მეცო. იმიტომ კი არა, რომ მე პოეტი მუხრან მაჭავარიანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ავტორიტეტი მაქვს საზოგადოებაში და ამიტომ ვძულვარო.

- ივანიშვილი ზუგდიდის ეკლესიაში მივიდა და მეუფე გერასიმეს უთხრა, მილიონს დავხარჯავო. სანდრა რულოვსის ეშინია «ქართულ ოცნებას», რომ ამ კაცმა საარჩევნო მარათონი გახსნილად ზუგდიდიდან გამოაცხადა? შეიძლება, შუალედური არჩევნები ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად ჩავთვალოთ?

- ეს არ არის ისეთი არჩევნები, დიდი მობილიზაცია მოხდეს. მაგალითად, ორი-სამი დღის წინ ზუგდიდის სასამართლოში ვიყავი, მოგეხსენებათ, ადვოკატი ვარ და სასამართლოს ეზოში შეკრებილ ხალხს ვკითხე, არჩევნები მოდის და ვის მისცემთ ხმას-მეთქი? ას კაცამდე იყო ეზოში და ყველამ ერთხმად თქვა, რომ სანდრა რულოვსს ვაძლევთ ყველა ხმასო. ვკითხე, რატომ-მეთქი? ჯერ ერთი, ერთადერთი ქალბატონია უცხოელი, რომელმაც ჩვენ პატივსაცემად მეგრული ისწავლა და მეგრული სიმღერებიო. მეორეც პატიოსანი ადამიანია და ფულს არ აიღებს და ხალხს არ მოატყუებსო. შეიძლება იმ სასამართლოში გაბრაზებული კონტინგენტი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე აზრია რაიონის მოსახლეობაშიც. სოციალური კვლევებით იციან, რომ იქ წაგებული აქვთ, ბიძინას უთხრეს, ახლა შენ უნდა ჩახვიდე სამეგრელოში და მეგრელების გული მოიგოო. რა თქმა უნდა, მას ჰგონია, რომ იქ ჩასვლით მეგრელების გული მოიგო. მოდი, ასე ვთქვათ, სამეგრელო ღირსეული კუთხეა და არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლების მხარდამჭერი რეგიონი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილს უჭერდნენ მხარს იმიტომ, რომ სააკაშვილმა გზები შეიყვანა, ინფრასტრუქტურა აღადგინა, პენსიები ხალხს დროულად მისცა, შუქი ჩაურთო, უსაფრთხოების გარანტიები შეუქმნა, გატაცებები და გამოძალვები აღკვეთა. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ მიიღო, როგორც პოზიტივი, ახსოვთ და უფასებენ, მაგრამ, როგორც წესი, სამეგრელოში ტრადიციულად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა.

- და მაინც, ამ სააკაშვილს, კატისა არ იყოს, რამდენი პოლიტიკური სიცოცხლე აქვს? უკრაინაში პოლიტიკური ფრონტის ხაზის გახსნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოსცილდა, ბოლოს და ბოლოს, რით დასრულდება გასტროლიორი მიშას პოლიტიკური ცხოვრება?

- უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს ზელინსკი, ეს ადამიანი თითქმის გამარჯვებულია და გამომდინარე იქიდან, რომ მას განცხადება აქვს გაკეთებული სააკაშვილზე, რომ ის დაუბრუნებს უკრაინის მოქალაქეობას, უნდა ველოდოთ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს. მეტიც, ზელინსკიმ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, ხალხში ფურცლები დაარიგა და მიმართა: ბატონებო, დაასახელეთ ის კანდიდატი, ვინც გაწყობთ პრემიერ-მინისტრადო და ვინ გაიმარჯვა, იცით? - მიხეილ სააკაშვილმა!.. ზელინსკის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ხდება უკრაინის პრემიერ-მინისტრი. ამიტომ, მისი გადადგომა პარტიიდან და წასვლა დაკავშირებულია უკრაინის პერსპექტივასთან. რამდენად დაუშვებს ამას რუსეთი, რომ სააკაშვილი იხილოს უკრაინის პრემიერ-მინისტრად, ეს მეორე საკითხია. მე ვფიქრობ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. შეიძლება ზელინსკიმ დაინახოს მიშაში საფრთხე, როგორც ყველა პოლიტიკოსს აქვს ამ დროს და მერე გადათქვას, თუმცა ამ მომენტისთვის სააკაშვილს აქვს 90-პროცენტიანი შანსი, გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი. მიშას ყველაფერი გათვლილი აქვს უკრაინაზე, საქართველოს პოლიტიკური პროცესი მისთვის არ არის ერთადერთი ამოცანა. აქედან გამომდინარე, მან უარი თქვა პარტიის ორგანიზაციულ თავმჯდომარეობაზე, გადააბარა, ჩემი აზრით, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ის არ არის მიშა და არც აგრესიული, არც ბოროტების წყაროს არ წარმოადგენს არც პიროვნულად, არც აზროვნებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, «ქართული ოცნებისთვისაც» პირდაპირი სამიზნე მიშა ვეღარ ხდება, ვინაიდან «ნაცმოძრაობას» უკვე ჰყავს თავისი თავმჯდომარე და ლიდერი და არა მიშა, მიშას კიდევ თავისი პოლიტიკური არეალი უჩნდება უკრაინაში. თუმცა უკრაინის პრემიერი თუ მართლაც გახდა, მაშინ ძალიან დაჩქარდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პროცესი.

სხვათა შორის, «ქართულმა ოცნებამ» პოლიტიკურ ტექნოლოგიებს მიმართა, რაც ადრე არ ჰქონდა და ალბათ, არ სცნობდნენ, ახლა მიხვდნენ, რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა, «ერთი ყველას წინააღმდეგ», - ამ ფორმულაში ჩაისვა საკუთარი თავი. მიხვდნენ, რომ ეს არასწორია და სჭირდება პარტნიორები. ამიტომ ცდილობს, სათანამშრომლო სპექტრი შექმნას. იგივე მაღრაძის გამოჩენა ამ იდეას ემსახურება, მაგრამ არც ისე მარტივია, ქართველ ხალხი დაარწმუნო, რომ ეს არ არის ის სცენარი, რაც ივანიშვილისა და «ქართული ოცნების» იდეებს არ შეესაბამება. მაღრაძე ცდილობს, არ გააკრიტიკოს ივანიშვილი და ასე არ გამოვა. მას უნდა ორი კურდღლის დაჭერა და ვერცერთს ვერ დაიჭერს, წინასწარ გეუბნებით, მაგასთან ხალხიც არ მივა ფილარმონიაში. ვერის ბაღში რაც მოხდა, ვნახეთ. არ მივიდნენ იმიტომ, რომ ასე ადვილად ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებ. ან უნდა თქვას, მორჩა, ამ კაცს ვებრძვი და ამით დაიწყოს, ან უნდა გაჩერდეს.

- რამდენად რეალურად გეჩვენებათ ხმები თეა წულუკიანის გადადგომაზე?

- როგორც ვიცი, კონფლიქტი დაიწყო იმაზე, რომ წულუკიანი შეუთანხმებლად ახლდა პრეზიდენტს სომხეთში, სადაც გაკეთდა ძალიან არასერიოზული განცხადებები, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით რაღაც სისულელე თქვა, ზურაბიშვილი, რომელსაც მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ორი ვიზიტი, ორჯერ შეხვდა პაშინიანს და არწმუნებდა, სულელია ეს ქალი და ჩვენი პოზიცია ასეთი არ არისო. ამას მოჰყვა სერიოზული კამათი და სამი დღის წინ პრემიერ-მინისტრი კიდევ შეხვდა სომხეთის მთავრობის მეთაურს და კიდევ აუხსნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფიგურა არ არის და რასაც ის ამბობს, ეს არ არის სახელმწიფოს პოზიცია. სამწუხარო ისაა, რომ მას ახლდა მთავრობის წარმომადგენელი - იუსტიციის მინისტრი და მინისტრის იქ ყოფნამ უფრო გაართულა პოზიციის ახსნა. ივანიშვილი აღარ ელაპარაკება სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის 100 წლისთავზე არ მიიწვია, არც სალომე მივიდა, განცხადება გააკეთა, თითქოს ავად იყო. არადა, სალომე მკვდარი რომ ყოფილიყო, მაინც მივიდოდა, მაგრამ უთხრეს, არ მოხვიდეო.

პრეზიდენტის არჩევნების კამპანიის დროს გაცხადებული მაქვს, იმდენ თავის ტკივილს გაუჩენს ზურაბიშვილი ივანიშვილს, მარგველაშვილი ანგელოზად მოეჩვენება-მეთქი და ჯერ სად ხართ, ისეთ ამბებს გაიგებთ, გაგიკვირდებათ ჩემი ინფორმაციით, ერთი გაფრენა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გააფრინა და ადმინისტრაციიდან სულ «პადონოკის» ძახილით დაიფრინა რამდენიმე ადამიანი.

 

„ალია“ #12, ნინო სამხარაძე