15 აპრ 2019 00:27 6853

რა გარიგებები და გადანაწილებები ხდება «ოცნებაში»

ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მამუკა მდინარაძე - უზენაეს მოსამართლედ?

 

 

იმ ადამიანებს, ვისაც გაუმართლათ და სამსახური აქვთ, მაქსიმალურად ცდილობენ, შეინარჩუნონ და ამიტომ მათი უმრავლესობა, ანუ დაახლოებით 98%, სამსახურში ყოველდღიურად დადის. ასრულებს თუ არა საკუთარ მოვალეობას, ეს ცალკე საკითხია, რადგან .. პოლიტაქტივის დასაქმებისა და განსაკუთრებით ააიპ-ებში შტატების გაბერვის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ ყავას სვამს და სოციალურ ქსელში ერთობა. თუმცა, ამ ადამიანებს არ აქვთ ისეთი სოლიდური ხელფასები, სამსახურის დაკარგვის ძალიან რომ ეშინოდეთ და არც ეშინიათ - ერთ წელიწადში არჩევნები მოდის და გამორიცხულია, მმართველმა გუნდმა აქტივი გაანაწყენოს.

სამაგიეროდ, სამსახურში სიარულის ვალდებულება აშკარად აქვთ დეპუტატებს, მაგრამ რად გინდა - აგერ უკვე მერამდენე შემთხვევაა, მმართველი ძალა კვორუმს ვერ აგროვებს და კანონპროექტების ჩავარდნას ღილაკების არევას აბრალებს. იმას კი არავინ ამბობს, რომ მუდმივად ღილაკების არევაზე აპელირება კანონმდებლების შეურაცხყოფაა, თუმცა ვის სცალია შეურაცხყოფისთვის, როცა წინ არჩევნებია.

მოკლედ, როცა მინისტრების საათზე პარლამენტში მაია ცქიტიშვილს 149 (მინუს სალომე ზურაბიშვილი) დეპუტატიდან მხოლოდ 34 უსმენდა, ბიძინა ივანიშვილიც კი აღშფოთებულა და ირაკლი კობახიძისთვის მკაცრი საყვედური უთქვამს. თავად განსაჯეთ, გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო პრაქტიკულად ყველაზე სუსტი, რადგან დაგეგმილი პროექტები ვერ აითვისა და დეკემბერში ბიუჯეტში მორჩენილი თითქმის სამი მილიარდი ლარიდან, ლომის წილი სწორედ ამ სამინისტროზე მოდიოდა. ამის მიუხედავად, დეპუტატებმა არ ისურვეს ცქიტიშვილის მოსმენა, სხდომას არ დაესწრნენ და ქალბატონმა მაიამაც წარსულსა და მომავალზე ცარიელ დარბაზში ისაუბრა.

«არავის არაფერი აღარ აინტერესებს, რადგან ყველა არჩევნებით არის დაკავებული. შუალედურ არჩევნებზე ყველას სურს თავის გამოჩენა, რადგან წინ 2020 წელი მოდის, ივანიშვილს უნდა დაუმტკიცონ, რომ საჭირო ადამიანები არიან. პლუს ამას, კობახიძეს ანგარიშს აღარავინ უწევს და ამიტომ პარლამენტის სხდომები ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. კობახიძის სამდივნოს ზარს იგნორს უკეთებენ», - გვიყვება ერთ-ერთი პარლამენტარი.

მთავარი ის გახლავთ, რომ ირაკლი კობახიძემ აღიარა, პარლამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უკვე მეორე ირაკლი (პრინციპში, გასარკვევია, ვინ პირველია და ვინ მეორე) ღარიბაშვილი იღებს და არ დამალა, რომ მომავალ საპარლამენტო სიასაც ის ალაგებს.

«ვინ იქნება 2020 წელს საპარლამენტო სიაში, ჯერ ვერ გეტყვით. ამის შესახებ მსჯელობა მომავალი წლიდან დაიწყება. რაც შეეხება ღარიბაშვილს, თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა სიაში ყოფნა ან პირველი ნომრობა», - თქვა კობახიძემ და ის, რასაც ჩვენ ექსკლუზიურად ვწერდით, დაადასტურა - მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ სწორედ ღარიბაშვილი განიხილება და ახალი გუნდის შეკრებითაც სწორედ ის არის დაკავებული. სხვაგვარად, რას ნიშნავს «თავად ღარიბაშვილი გადაწყვეტს, იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი», თქვენ აგვიხსენით...

რაც შეეხება მოქმედ პარლამენტარებს. პარტიულ სხდომაზე მათ დავალებები მიიღეს და დაიფანტნენ. დეპუტატები შუალედურ არჩევნებში აქტიურად არიან ჩართული და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აქვთ აღებული. ძირითადი აქცენტი მარნეულსა და ზუგდიდზე კეთდება, თუმცა უფრო მძიმე სიტუაცია სამეგრელოში რომ არის, ივანიშვილის გახშირებული ვოიაჟებიდანაც გამოჩნდა. მთავარი ის არის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს შეთანხმება და ერთმანეთს კონკურენტები დაუყენეს. მარნეულში «ნაციონალური მოძრაობა» მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევს ამზადებს და ეს მაშინ, როცა წესით, «ევროპული საქართველოს» კანდიდატი, აკმამედ იმამყულიევი უკონკურენტოდ უნდა დარჩენილიყო.

«ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა ოპოზიციისთვის მომხდარიყო, მარნეულში მუსტაფაევის დაყენებაა. ის არ გამოირჩევა დიდი ავტორიტეტით, მაგრამ ახალგაზრდაა, მოძრავია და ხმებს სწორედ იმამყულიევს წაართმევს. მისი დაყენებით ნაციონალებმა «ოცნების» კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვება პრაქტიკულად გაუნაღდეს, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - თუ «ევროპული საქართველო» ზუგდიდს დათმობს, მუსტაფაევს ნაცები მარტივად «ჩატეხავენ», მაგრამ ზუგდიდის დათმობას მაშინ ექნება აზრი, თუ კანდიდატობაზე უარს სანდრა რულოვსი იტყვის და ნაციონალები იქ ნიკა მელიას წარადგენენ, რაც შიდაპარტიული დაპირისპირების გამო, ასევე, რთულად განსახორციელებელი ჩანს. სხვათა შორის, მუსტაფაევმა ულტიმატუმიც კი წამოუყენა პოლიტსაბჭოს, ან კანდიდატი ვიქნები, ან მარნეულში მხარდაჭერას საერთოდ დაკარგავთო. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ახალგაზრდებს ვეღარ აკონტროლებს, «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტსაბჭო მუსტაფაევის ულტიმატუმს იძულებით დაეთანხმა, რამაც საბოლოოდ გამორიცხა ოპოზიციურ პარტიებს შორის გარიგება და იმასაც გეტყვით, რომ მუსტაფაევმა ეს შუამავლის მეშვეობით, პირადად სააკაშვილთან შეათანხმა და ულტიმატუმის ენით საუბარიც სწორედ მიშამ ურჩია», - გვეუბნება «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტსაბჭოს წევრი.

ახლა მთავარი - აღნიშნული არჩევნების შემდეგ, «ქართული ოცნება» მორიგ სხდომას გეგმავს, სადაც ღიად გაცხადდება ის, ვინ იქნება 2020 წელს მმართველი გუნდის ნავში და ვინ გადაინაცვლებს მეორე პლანზე. «ოცნების» რამდენიმე დეპუტატი ღიად აცხადებს, რომ მათ კონკრეტული თანამდებობები სურთ და ის, რომ ირაკლი კობახიძე თურმე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს უმიზნებს, შემთხვევითი არ არის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ, ანუ შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, 10 წელი კობახიძეს ვერავინ შეეხება, მაგრამ...

«კობახიძე ძალიან მარტივი მოსაშორებელია. მას საერთოდ არაფერი რომ არ მისცენ, ვერაფერს იზამს. ის არ იყო არავინ, სანამ ივანიშვილმა არ მოიყვანა და პარტიაში აღმასრულებელ მდივნად არ დადო. შესაბამისად, ის ისევ არ იქნება არავინ, ვერ გამოიყვანს ხალხს, ვერ აიყოლიებს პარლამენტარებს, ვერ შეცვლის პოლიტიკურ ამინდს. ივანიშვილს ავტორიტეტები უფრო აშინებს, მაგალითად, ისეთები, როგორიც კახა კალაძეა, რომელსაც მომხრეების გარდა, ფინანსური რესურსიც აქვს. ის, რომ კალაძე ღარიბაშვილის ახლიდან აღზევებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, პარტიაში ყველამ იცის. აბა, დააკვირდით, ესალმებიან თუ არა ერთმანეთს ირაკლი და კახა?! არა, ისინი არ კონტაქტობენ და თუ რაღაც აუცილებლობას არ წარმოადგენს, უმრავლესობის შეხვედრები ისე მთავრდება, რომ ისინი ერთ სიტყვასაც არ ცვლიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად იცის ივანიშვილმა და აწყობს კიდეც, რამეთუ ცალ-ცალკე ორივეს აკონტროლებს, მათი გაერთიანება კი პირველ რიგში სწორედ ბატონ ბიძინას არ აწყობს», - გვეუბნება «ოცნების» დეპუტატი.

სხვათა შორის, გიორგი შენგელიას წარდგენაზე ზუგდიდში პრემიერი, კალაძე და ღარიბაშვილი ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა ადგილობრივებიც ამბობენ, რომ არც შტაბში შეხვედრის დროს, არც ქუჩაში მსვლელობის დროს, კალაძესა და ღარიბაშვილს ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ.

იმავე დეპუტატის თქმით, არჩილ თალაკვაძეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფობა სურს, ხოლო მამუკა მდინარაძეს - უზენაესი მოსამართლის მანტია. შედეგად, ამ თანამდებობების დანაწილებით, ივანიშვილი რეალურად საპარლამენტო ელიტის პრობლემას აგვარებს, მაგრამ ეს ის ელიტაა, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვს და რეალურად, ძალა რიგით დეპუტატებშია. ღარიბაშვილი მათი უმრავლესობის გაშვებას აპირებს და ახლა ივანიშვილი იმას ცდილობს, დეპუტატები ბიზნესის შენარჩუნების გარანტიით დააოკოს, რასაც ბევრი არ თანხმდება.

«დეპუტატებს, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, კიდიათ სამსახური, კიდიათ კანონები, ისინი მომავალზე ფიქრობენ, რადგან მომავალი 4 წელი პარლამენტში ყოფნა, თითოეული მათგანისთვის ყველაზე ცუდ ვარიანტში, მილიონს ნიშნავს», - გვეუბნება «ოცნების» ის დეპუტატი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 2020 წელს სიაში მინიმუმ პირველ 30 კაცში მოხვდება.

 

„ალია“ #13, ანი დვალიშვილი

×