15 აპრ 2019 00:47 23278

სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების დეტალები

არადა, ამბობდნენ... ჰო, ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ისეთებს იზამს, ბიძინას მარგველაშვილს მოანატრებსო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს მოსაზრება რეალობას ემსგავსება. უფლებაშეზღუდულმა პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, გამოიღვიძა, აღარ აწყობს მშვიდად ათონელის რეზიდენციაში ყოფნა, ამიერკავკასიისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მოვლის შემდეგ, მიხვდა, რომ საქმე უბრალოდ აღარ აქვს (სიგარეტს არ ეწევა და ისე ქსოვას რა აზრი აქვს) და ამიტომ ახალი გასართობი მოიფიქრა. ახლა არ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ქალბატონი სალომე თურმე ელჩებს საკუთარი სურათის დაკიდებას სთხოვს, რადგან ეს თემა რეალურად ისედაც დაკიდებული აქვს ყველას. ჩვენ იმ მოთხოვნებზე მოგიყვებით, რომელიც ზურაბიშვილმა ივანიშვილს უკვე წაუყენა.

პირველი შენიშვნა ქალბატონმა სალომემ მაშინ მიიღო, როცა მრჩევლად საკუთარი გერი დანიშნა. როგორც გვითხრეს, ამ ამბავმა ბატონი ბიძინა გააღიზიანა და ზურაბიშვილს შეუთვალა, კადრებს ყურადღება მიაქციეო, რაზეც საკმაოდ მკაცრი პასუხი მიიღო, - ჩემი ადმინისტრაციის საქმეში არავინ არ უნდა ჩაერიოსო...

«ევროპული ტურნედან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ივანიშვილს ვრცელი წერილი მისწერა, რადგანაც ბატონმა ბიძინამ შეხვედრაზე უარი უთხრა. წერილში წერია, რომ ევროპაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მას არასერიოზულად აღიქვამდნენ და ერთგვარი ირონიითაც კი უყურებდნენ. ის ელჩების დასჯის პარალელურად, საგარეო უწყების მთლიან რეორგანიზაციას ითხოვს და როგორც გამოცდილი დიპლომატი, ამბობს, რომ მინისტრიდან დაწყებული, ყველა შესაცვლელია. არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, რაზეც ხმამაღლა ჯერჯერობით არავინ საუბრობს. თუ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა პარტია «საქართველოს გზა», რომელმაც რამდენიმე არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. ახლა, ამ პარტიის წარმომადგენლები რეგიონებში ამბობენ, რომ პარტია უნდა აღდგეს, დამკვიდრდეს, გაძლიერდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს. ეს აზრი, როგორც ჩანს, ზურაბიშვილსაც ჭკუაში დაუჯდა და ის ივანიშვილისგან ითხოვს, ამ ყველაფერში დაეხმაროს. უფრო კონკრეტულად კი, ზურაბიშვილს გაუჩნდა ამბიცია, პარტია გააძლიეროს, 2020-ში «ქართულ ოცნებასთან» კოალიციაში გაერთიანდეს და პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შეიყვანოს, შემდეგ ფრაქცია შექმნას და ეს ფრაქცია პრეზიდენტის ინიციატივების ლობისტი გახდეს საკანონმდებლო ორგანოში», - გვეუბნება ივანიშვილის გარემოცვის წევრი.

ამ წერილს ბატონი ბიძინა ისე გაუბრაზებია, ლაშა ჟვანიასთვის დაურეკავს და უთქვამს, მაგასთან საუბარი არ მინდა, ცოტა აზრზე მოიყვანე, თორემ მწარედ ვანანებო. სხვათა შორის, დღის წესრიგში თურმე ჟვანიას შეცვლის საკითხიც დგას, რადგან ზურაბიშვილი მისი მუშაობით უკმაყოფილო ყოფილა და ევროპაში ვიზიტის დროს, მისდამი არასერიოზული დამოკიდებულება სწორედ ადმინისტრაციის არასათანადო მუშაობას დაჰბრალდა.

«საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტროლთან ერთად, ქალბატონ სალომეს სურს, ძალოვნები პერიოდულად ანგარის აბარებდნენ, რამაც ივანიშვილი ძალიან გააბრაზა. ის პირდაპირ ითხოვს, რომ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ჩაახედონ ყველაფერში, აკონტროლებინონ ყველაფერი და ნებისმიერი სამთავრობო ცვლილება მასთან შეთანხმდეს. ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ზურაბიშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო, ბიძინას იმიჯზე ეს ცუდად იმოქმედებს - ოპოზიცია იტყვის, რომ ივანიშვილი კადრების შერჩევის დროს ცდება და ექსპერიმენტებს ატარებს. ამიტომ ბატონი ბიძინა იმდენად არა ზურაბიშვილის, რამდენადაც მისი გარემოცვის დაშინებას ცდილობს, მაგრამ რამდენად გამოუვა, არავინ იცის», - გვეუბნება ჩვენი წყარო.

ჟვანიას მოხსნის შესაძლებლობა ძალიან დიდი რომ არის, საპატრიარქოს კულუარებიდანაც დაგვიდასტურეს. როგორც გვეუბნებიან, ბატონმა ლაშამ უკვე მოიკითხა, რამდენად არის იმის შანსი, რომ კვლავ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელად დაბრუნდეს, რათა შემდეგ მარტივად თქვას, საპატრიარქოს გაუჭირდა და იმიტომ დავბრუნდიო. როგორც ჩანს, ჟვანია ყველა შესაძლებლობას განიხილავს და ფაქტია, რომ მისი გათავისუფლება იქნება იმ წითელი ზოლის გადაკვეთა, რომელიც ჯერჯერობით არსებობს ზურაბიშვილსა და ივანიშვილს შორის.

«დააკვირდით ქალბატონი სალომეს ვიზიტებს საქართველოს რეგიონებში. ის საჯარო გამოსვლების დროს ადგილობრივი ხელისუფლების შეფარულ კრიტიკას არ ერიდება, ხშირად უსწორებს ფრაზებს და ამით ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ ის მათზე ჭკვიანია, რომ ის არ არის მართული, რომ ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრების კრიტიკას არ ერიდება, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია, საკუთარი აზრი გამოთქვას. ზურაბიშვილი გამომწვევად იქცევა ჟურნალისტებთან და ცდილობს, შეიძინოს ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აკლია - სოლიდურობა. მას ეს სოლიდურობა ჰქონდა, როცა საქართველოში ჩამოვიდა, შემდეგ როცა ოპოზიციაში წავიდა, მაგრამ, როგორც კი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, დაკარგა. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად სწორედ მან იცის ეს ყველაფერი და ამიტომ ცდილობს, ხისტი მიდგომით, ძველი იმიჯი დაიბრუნოს, რისი გაკეთებაც ძალიან ძნელი იქნება, რამეთუ სწორედ ადგილებზე, მოქმედი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირველი პირები, ზურაბიშვილს მოურიდებლად აკრიტიკებენ და ქილიკობენ», - გვიყვება ჩვენი წყარო.

ჩვენი ინფორმაციით, უარყოფის მიუხედავად, ზურაბიშვილი ჯიუტად ითხოვს ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან სურს, დასმული საკითხები გაიაროს და საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოს. ივანიშვილმა კი ზუსტად იცის, რომ ქალბატონ სალომესთან ტკბილი საუბარი არანაირად არ გამოუვა და არ იცის, რას ელოდოს მისგან. მით უმეტეს ახლა, როცა წინასაარჩევნო რეჟიმია ჩართული და ნებისმიერი სიტყვა კარგადაა ასაწონი.

წინასაარჩევნო რეჟიმი ვახსენეთ და არ შეიძლება არ ვთქვათ ისიც, რომ სამეგრელოში ვოიაჟის დროს, ივანიშვილი მხოლოდ იმას კი არ შეეცადა, რომ მოსახლეობის თვალში ქულები ჩაეწერა, არამედ მან დენდროლოგიური პარკისთვის ორი ხეც შეარჩია (ერთი ტიტა, მეორე კანფეტის) და იმის მიუხედავად, რომ მის ამ ახირებას მაინცდამაინც კეთილგანწყობით არ ხვდებიან ადამიანები, ის ხეების გადატანას არჩევნებამდე აპირებს.

«დიახ, ივანიშვილმა დამატებით ორი ხე ამოიღო მიზანში და მათ გადატანას ამ თვის ბოლომდე დავასრულებთ. შემდეგ უკვე ის პერიოდი მოდის, როცა ხეების გადატანა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, შესაძლოა, ისინი გახმეს და ამიტომ ივანიშვილი ძალიან ჩქარობს», - გვეუბნება მისი გარემოცვის წევრი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რით დასრულდება აღნიშნული «კეჭნაობა», მაგრამ ფაქტია, რომ საქმეს კეთილი ბოლო არ უჩანს. ის ადამიანები, რომლებიც ზურაბიშვილს კარგად იცნობენ, გამორიცხავენ, რომ ქალბატონმა სალომემ ვინმეს დაკრულზე იაროს, ხოლო ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება იმას, რომ პრეზიდენტი მისი მითითებების გარეშე მოქმედებდეს. პური თქვით, თორემ სანახაობა ამ ქვეყანაში მართლა არ გვაკლია.

 

„ალია“ #13, ანი დვალიშვილი