15 აპრ 2019 21:31 2895

რომელი სამი მინისტრი დგას „გასაშვებთა“ სიაში?!

 

 

უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებს და კონკრეტულად რომელ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება, – მედიაში ამ თემაზე ვერსიები უკვე აქტიურად განიხილება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ რომელიღაც სამინისტროს და მინისტრების მიმართ პატარა კითხვები აქვს და ამას პრემიერ-მინისტრი ბახტაძე აკვირდება.

 

„ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ მინისტრების შეცვლაზე კონსულტაციები პოლიტსაბჭოში არ ყოფილა და ამიტომ ვერ დაადატურებენ, თუმცა ეს არაფერს აჩვენებს, რადგან ზოგადად, თითქმის ყველა სამთავრობო ცვლილების წინ „ოცნების” ლიდერები უარყოფენ-ხოლმე, რომ ამა თუ იმ მინისტრის შეცვლა უკვე გადაწყვეტილია.

 

არც ივანიშვილი აკონკრეტებს, რომელი მინისტრის მიმართ აქვს „პატარა კითხვები”. მედიაში კი აქტიურად განიხილება სამი მინისტრის შეცვლის შესაძლებლობა. გასაშვებთა სიაში პირველი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაა და მის გაშვებაზე საუბარი ბოლო ერთი თვეა პერიოდულად ძალიან აქტიურდება.

 

დასახელდა კიდეც მისი სავარაუდო შემცვლელი – ნათია თურნავა, რომელიც ამჟამად ქობულიას მოადგილეა. ის „ნაციონალების” მმართველობის დროსაც, კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდშიც იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, „ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

 

ასევე პერიოდულად საუბარია, რომ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს გასაშვებთა რიგებში და ერთი ვერსიით მისი ადგილი დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემაც შეიძლება დაიკავოს.

 

ასევე ითქვა, რომ თანამდებობას შეიძლება დაემშვიდობოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც და ის აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჩაანაცვლოს.

 

ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას და ვინ აღმოჩნდება სუსტი რგოლი, ეს ჯერ დაზუსტებით არავინ იცის, რადგან ვინმეს გაშვება-დატოვებაზე გადაწყვეტილებას კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი იღებს. პარტიის თავმჯდომარე კი ინტერვიუს შემდეგ ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.

 

9 აპრილს ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ზოგადად მინისტრები კარგად არიან შერჩეული და მთავრობა ეფექტურია, თუმცა შესაძლოა რომელიმე სამინისტროსთან ან მინისტრთან კითხვები იყოს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მტკიცებით, ამ საკითხზე პრემიერი მუშაობს.

 

„მოტივაცია გუნდში გასაძლიერებელია და ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. ვფიქრობ, რომ მთავრობა სწორი შერჩეული და კარგი შერჩეულია, ეფექტურია. იქ შეიძლება რომელიღაც სამინისტროს, რომელიღაც მინისტრის მიმართ იყოს პატარა კითხვები და პრემიერი ძალიან ცდილობს,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

არის თუ არა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები მალე, პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ „ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ ყოფილა”.

 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არც ის იცის, თუ რომელ მინისტრებთან აქვს კითხვები ივანიშვილს.

 

„როგორც აღმასრულებელი მდივანი, ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე არ ყოფილა თუ დაიწყება ასეთი მსჯელობა ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. არასწორია კონკრეტული კომენტარის გაკეთება ,ვიდრე არ დაიწყება სერიოზული კონსულტაციები… მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, თუმცა განიხილება ეს საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატში,”-განაცხადა კობახიძემ.

 

არც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს საკადრო ცვლილებებზე რაიმე მსჯელობას.

 

„რა შუაშია არაფორმალური მმართველობა? ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება თქვენთვისაც და საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

 

თავად ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ამბობს, რომ მასთან თანამდებობიდან წასვლის შესახებ კონსულტაციები არ ყოფილა და არც ბიძინა ივანიშვილთან ჰქონია ამ საკითხზე შეხვედრა.

 

„ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით თუ მან თქვა… ჩემთან არ გადის კონსულტაციებს, ჩემთან ამაზე კონსულტაციებს არ გადიან”, – ჟურნალისტებს ასე პასუხობს ქობულია მის შესაძლო გადაყენებაზე.

 

რეზონანსი

×