13 მაისი 2019 10:51 1516

„ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი“ - საგანგაშო ინფორმაცია

 

 

მიწისძვრების სიძლიერით და თანმდევი შედეგებით საქართველოს ტერიტორია ერთ-ერთ ურთულეს გეოდინამიკურ რეგიონს მიეკუთვნება, რომლის სეისმური აქტივობა ფართო დიაპაზონში ცვალებადობს. მიწისძვრების მაღალი აქტივობით გამოირჩევა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთი და დიდი კავკასიონის რღვევა.

 

რა განაპირობებს მათ ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში? ამ თემაზე “სარკესთან” ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე საუბრობს.

 

"ამჟამად საქართველოში 47 დაკვირვების წერტილია, აღჭურვილი თანამედროვე ციფრული სეისმოგრაფებით და ზომავს მიმდინარე სეისმურ ფონს. 10 სადგურიდან შესაბამისი მონაცემები მყისიერად გადმოეცემა თბილისში არსებულ ცენტრში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

შემოსული ინფორმაციის კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დამუშავების საფუძველზე 24 საათში მიახლოებით განისაზღვრება მოსალოდნელი მიწისძვრის ძირითადი პარამეტრები და მაშინვე აისახება შესაბამის ვებგვერდზე. დღეისთვის მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია, სამაგიეროდ, კეთდება საშუალო ან გრძელვადიანი პროგნოზი. ამის საფუძველზე ხდება ტერიტორიის სეისმურ რაიონებად დაყოფა, დგება შესაბამისი სეისმოსაშიშროების რუკები, რითაც განისაზღვრება იქ მოსალოდნელი მიწისძვრის მოხდენის ალბათობა და მაქსიმალური სიძლიერე.

 

კავკასიის მკვლევართა დასკვნებით, ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი. ეს შემაშფოთებელია, რადგანაც მათი უარყოფითი ზეგავლენა გამოიხატება არამარტო უშუალოდ ადამიანებისა და კომუნიკაციებისათვის ზიანის მიყენებით, არამედ მიწისზედა გეოლოგიური მოვლენების პროვოცირებითაც.

 

არსებობს საშუალებები მიწისძვრის მოვლენათა ზემოქმედების შესამცირებლად, მაგრამ ადამიანები შეგნებულად თუ შეუგნებლად (ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორის გამო), არ ერიდებიან ბუნებრივ კატასტროფებს და საფრთხეში აგდებენ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლეს", - აცხადებს თეა გოდოლაძე.

×