07 ივნ 2019 13:14 12612

„წმინდა ნინოს გზაზე, ცისარტყელის ფერებში დროშა უნდა ეტარებინა პრეზიდენტს და მერე მოგეწონებოდათ, ხომ?“

 

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ქრისტიანული თემის წარმომადგენელია! 

 

შემდგომ, ჩემთვის ერთგვარად უცნაური, განაცხადი გააკეთა: "ქრისტიანობის, როგორც რელიგიის, მფარველობას, სახელმწიფოს მხრიდან, კონსტანტინე დიდმა ჩაუყარა საფუძველი და თითქოს, ამით ქრისტიანობამ გაიმარჯვა და ამოისუნთქა, თუმცა, სინამდვილეში, გაიმარჯვა კი არა, ეკლესიამ მარცხი ზუსტად მაშინ განიცადა და ზუსტად მაშინ დაკარგა თავისუფალი სული, როცა სახელმწიფო მარყუჟებში მოექცა."

 

და რას გვეუბნება ამით ეპისკოპოსი შეფარულად?

 

გვეუბნება, რომ სახელმწიფო ქრისტიანობის შემწყნარებელი არ უნდა იყოს და სახელმწიფოსა და მართლმადიდებლობას შორის დისჰარმონია უნდა არსებობდეს?

 

მაშ, ვისთან უნდა იყოს ჰარმონიაში სახელმწიფო? რომელ რელიგიასთან?

 

ბონდო მძინარაშვილის რეპლიკაზე, რომ ხატების შეხედვისას და "მამაო ჩვენოს" წარმოთქმის შემდეგ, ადამიანი უფრო კეთილშობილი ხდება - ქალბატონმა ეპისკოპოსმა უპასუხა: - "ნეტა, "მამაო ჩვენო" იყოს ჯადოსნური რამ"!!!
ბატონო?

 

"მამაო ჩვენო" საუფლო ლოცვაა და მორწმუნე ქრისტიანისთვის, საკრალურობასაც ეს ანიჭებს. რას ნიშნავს საუფლო ლოცვა, ამასაც განგიმარტავთ: ერთადერთი ლოცვაა, რომელიც პირდაპირ ქრისტესგან ვისწავლეთ. არ თვლით ჯადოსნურ ლოცვად? მაშ, რომელია ჯადოსნური ლოცვა? თქვენითვის ჯადოსნური ლოცვა რომელია?

 

კარგი ჰქნეს რომ სკოლებიდან ხატები გამოიტანეს და გაკვეთილები "მამაო ჩვენოთი" აღარ იწყებაო.

ჯერ ერთი, ყველა სკოლაში არ შეგიღწევიათ ჯერ, ყველა სკოლიდან ვერ გამოიტანეთ ჯერ ხატები და ვერ გადააჩვიეთ ლოცვას - მაგრამ, არაფერი კარგი იმაში არ არის, ხატი გამოიტანო სკოლიდან, ბაღიდან თუ ინსტიტუტიდან.

"ქრისტიანული თემის", (როგორც თავად უწოდებს) წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა, ისიც განაცხადა, ქრისტიანული
სიმბოლოები არ უნდა გამოეყენებინა სეკულარული დემოკრატიული ქვეყნის ლიდერსო!

ანუ, წმინდა ნინოს გზაზე ჯვარი ეუცნაურა "ქრისტიანული თემის" ეპისკოპოსს მართმადიდებელი პრეზიდენტისგან! .

მერე, ზოგმა რელიგიური გრძნობების გამოხატვა აუკრძალა პრეზიდენტს, ზოგმაც გულწრფელობა დაუწუნა...

 

მაგ თქვენი გულწრფელობის საზომით და ხედვით, წმინდა ნინოს გზაზე, ცისარტყელის ფერებში, დროშა უნდა ეტარებინა პრეზიდენტს, ლგბტ პროპაგანდა უნდა მოეხდინა და აი, მერე მოგეწონებოდათ, ხომ ასეა? მერე დაუკრავდით ტაშს!

 

ქალბატონო ეპისკოპოსო, ორი შეკითხვა მაქვს და ერთი რჩევა!

 

არ მიიღებთ რჩევას, ალბათ, რადგან, როდის ყოფილ არს აქამომდე, ვისაც თავისი ცოდნა არა აქვს, სხვისი გამოეყენებინოს?! მაგრამ, მე მაინც ვცდი:

 

  1. ბიბლიის რომელ თავში და კონსტიტუციის რომელ მუხლში ამოიკითხეთ, რელიგიური გრძნობების გამოხატვის აკრძალვა?
  2.  ლოცულობთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტზე?

რჩევა:

 

არ არის საჭირო, ყველა კითხვაზე პასუხი გქონდეთ! 

 

თუ მაინც არ გყოფნით თქვენი სივრცე და მართლმადიდებლურ სიმბოლიკებზე და მათი ტარების შესაძლებლობაზე მაინც მოგინდებათ საუბარი - ჯერ ბიბლიას და კონსტიტუციას გაეცანით!

 

არა, კი არ წაიკითხოთ - გაეცანით

 

ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, როცა ქალის როლის გააზრება, წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობა, ქრისტიანობის მიღებით ჩვენი ერის რელიგიურ, კულტურული და მენტალური ჩამოყალიბების არსი ვერ გაუგიათ - ქალბატონი პრეზიდენტის მიერ, წმინდა ნინოს გზის ჯვარით ხელში გავლა - ვიღაცას რელიგიურ კეკლუცობად, რომ შეუძლია მონათლოს და იქილიკოს, რა გასაკვირია?!

 

პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, პირადად ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, როგორც მოქალაქისთვის არის მისაღები და ვისურვებდი, ეს ტრადიციად აქციოს და ყოველ წელს მიიღოს მონაწილეობა ამ მსვლელობაში.

 

ისევე როგორც სურვილი მაქვს, უფრო მეტი ადამიანი გახდეს ამ გზის გავლის მონაწილე - გვქონდეს კიდვ ერთი სიმბოლური დღე, დავდგეთ კიდევ ერთი დღე ერთად - იქნებ, ასე ერთად დგომაში და ერთად ერთი გზის გავლაში იყოს ერის გაერთიანების გასაღები.

 

 

პ.ს. სიმბოლურია, ალბათ, რომ ამაღლების დღესასწაულზე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეპისკოპოსი, ჩვენ, მართლმადიდებლებს გვასწავლის, რომელი სიმბოლიკა გამოვიყენოთ და რომელი - არა, რომელი გზა გავიაროთ და რომელი არა და თან, რელიგიური გულწრფელობა აუცილებლად მისივე საზომით უნდა დავაკმაყოფილოთ!

 

 

გილოცავთ, მართლმადიდებლებო, ამაღლების უკვე ჩავლილ დღესასწაულს. "მამაო ჩვენოს" საკრალური და ჯადოსნური ძალა შეგვეწიოს!“