12 ივნ 2019 14:12 228

ჟვანიას ქუჩაზე და ვარაზისხევის ნაწილში სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

 

 

თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედაწელის 200 ჰა ფართობზე, რომელიც ნ. ჟვანიას, ღოღობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩებს მოიცავდა, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერდა.

„ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განაშენიანების რეგულირების ძალიან ბევრი გეგმა და სამშენებლო მოედანი იყო გამზადებული იმისთვის, რომ მშენებლობები დაწყებულიყო. ინვესტორებისგან ძალიან დიდი შემოტევა იყო, თუმცა ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ყველა სამშენებლო ნებართვა შევაჩერეთ და ჩავატარეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად, არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს კონკრეტული ფერდები და ქუჩები. როდესაც ჩვენ ქალაქის სწორ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ზუსტად მსგავსი კვლევების ჩატარებაა მნიშვნელოვანი. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომ არ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა იყოს. შესაბამისად, ის გრგ-ები და ნებართვები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდნენ, ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება" - აღნიშნა თბილისის მერმა.